უნგრეთის მთავრობამ საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უნგრული განყოფილების წინააღმდეგ გამოძიება აღძრა. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი იუწყება.
ტელეარხის ცნობით, გამოძიება უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის ოფისმა“ დაიწყო, რომელსაც ქვეყნის სუვერენიტეტის უცხოური გავლენებისგან დაცვა ევალება. მათ ორგანიზაციას ფინანსური და ოპერატიული ინფორმაცია მოსთხოვეს და განაცხადეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა უნგრეთის“ საქმიანობაზე „კონკრეტული და ყოვლისმომცველი გამოძიება“ დაიწყეს. ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ოფისის მოთხოვნებს დაემორჩილებიან, მაგრამ თვლიან, რომ ეს სამსახური არაკონსტიტუციურია.
სუვერენიტეტის დაცვის ოფისი დეკემბერში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის მიერ კანონის მიღების შემდეგ შეიქმნა. მას უფლება აქვს შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ჯგუფის ან პირის შესახებ, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს და გავლენა აქვს საჯარო დებატებზე, ხოლო უნგრეთის საიდუმლო სამსახურებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ მის გამოძიებას.
მთავრობა ამბობს, რომ კანონმდებლობა შექმნილია იმისთვის, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა არ მიიღონ დაფინანსება საარჩევნო კამპანიისთვის საზღვარგარეთიდან, მაგრამ ორბანის ოპონენტები მას რუსეთის „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონს ადარებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ის ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
გამოძიების დაწყების გამო „საერთაშორისო გამჭვირვალობა უნგრეთმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.