საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელზეც სემეკი მონიტორინგს 16 ივნისიდან ახორციელებს.
სემეკის თავმჯდომარემ ტექნიკური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირებისგან, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი მაგისტრალური მილსადენის აღდგენით სამუშაოებში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ სამუშაოები ხორციელდება 24 საათიან რეჟიმში. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს პროცესის ინტენსივობასა და ხარისხს. კომპანიამ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს სამუშაოები და სრულად აღდგეს წყალმომარაგება.
სრულად გასაგებია მოსახლეობის მწვავე რეაქცია წყალმომარაგების საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 24 საათიან რეჟიმში მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას წყალმომარაგების განრიგისა და სასმელი წყლის ცისტერნების განთავსებასთან დაკავშირებით.
2023 წლის დეკემბერში, კომისიამ შეითანხმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტები და განისაზღვრა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება პრობლემურ და მწვავე ლოკაციებზე. პროექტების შეთანხმებისას, წიწამურთან არსებული მილსადენი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებდა. შესაბამისად, საინვესტიციო გეგმის ფარგლებში მილსადენზე სამუშაოების განხორციელება დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიასთან ერთად წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს სემეკის წევრებმა და სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.