გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატში ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება

გივი მიქანაძე: დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ახალი ელჩის სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფორმატში ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება

დარწმუნებული ვართ, რომ აშშ-ის ელჩის სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება ამ ურთიერთობების ფორმატში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მიქანაძეს წამყვანმა ჰკითხა, როგორ ესახება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დალაგება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 30-მდე მოქალაქეს.

„წინა ელჩის პირობებში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ჩვენს ურთიერთობებში და ძალიან სამწუხაროა, რომ აშშ-ის ელჩმა, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო ამ [საქართველოსა და აშშ-ს შორის] ურთიერთობების დათბობისთვის, საპირისპირო როლი შეასრულა. ბევრი თემა დაზიანდა ამ კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით ახალ ელჩთან მიმართებაში. მის საქმიანობაზე ჯერჯერობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მაქსიმალურად პოზიტიურ დინამიკაში მიმდინარეობს. დარწმუნებული ვართ, რომ მისი სწორი პოზიციონირებით და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაცის სწორად შეცვლა შეიძლება ამ ურთიერთობების ფორმატში. ამის პარალელურად გვესმის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები შემოიღო კონკრეტული თანამდებობების პირების მიმართ, თუმცა ვინ არიან ეს კონკრეტული პირები, დღემდე ვერ გავიგეთ. საბოლოოდ დავინახეთ, რომ არა რაღაც კონკრეტულ შეზღუდვებზეა საუბარი, არამედ უფრო შეურაცხყოფით მოპყრობაზე, რაც ძალიან სამწუხაროა. მეგობრები, მითუმეტეს სტრატეგიული პარტნიორები ასეთი ფორმით არ ურთიერთობენ. ამას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი გადახედვა. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აშშ-თან გვაქვს სრული მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის და ურთიერთობების გაღრმავების და ამის ფონზე ვიღებთ გარკვეულ განცხადებებს, რაც მიუღებელია“, - აღნიშნა მიქანაძემ.