ბანგკოკის ცნობილ ბაზარში, ჩატუჩაკში ხანძარს 1000-მდე ცხოველი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცეცხლმა 118 მაღაზია დააზიანა, რომლებშიც ცხოველებს ყიდდნენ. ძაღლები, კატები, ჩიტები, გველები, კუები, ვირთხები ბაზრის ცხოველების ზონაში, საკუთარ გალიებში დაიწვნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა ნახევარ საათში მოახერხეს. ადამიანებს შორის მსხვერპლი არ არის.
ჩატუჩანკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასიური ბაზარია. უიკენდებზე აქ 200 ათასამდე ტურისტი მოდის ხოლმე, თუმცა ცხოველების ზონა მთელი კვირის განმავლობაში მუშაობს.