ცხვირიდან ძმარი, თუ ევროკავშირის სამართალი

ცხვირიდან ძმარი, თუ ევროკავშირის სამართალი

ცხვირიდან ძმარი ადინა - გაამწარა,შავი დღე აყარა, სცემა („ხატოვან სიტყვათა თქმანი. თედო სახოკიას მიხედვით)

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება, სასვსებით სამართლიანად იქნა მიკუთვნებული საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის, პოლიტიკურ მოვლენათა რიცხვს. ამასთან, აღსანიშნავია ის ღირსეულად თავშეკავებული ტონი, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურნენ ამ ფაქტს.

ეჭვგარეშეა, რომ მათ გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ იმ ურთულესი წინაღობის დაძლევის აუცილებლობა, რაც კანონმდებლობისადმი ჩვენი საზოგადოების ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

ამ ფენომენს ღრმა, ობიექტური, ისტორიული ფესვები გააჩნია. საბჭოთა პერიოდში კანონები ადამიანისგან განყენებულად არსებობდნენ, ცხოვრება კი სხვა, დაუწერელ წესებს იყო დამორჩილებული.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეროვნული ხელისუფლების თეორიული მცდელობაც კი, რომ სამართლის საფუძველზე ემართა ქვეყანა, კომუნისტ-მაფიოზებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც დაამხეს კიდეც კანონიერი, არაკომპეტენტური ხელისუფლება.

მეორედ მოვლენილი ევროპის მხსნელის და მსოფლიო ტექტონური ძვრების ავტორის ხელში, საქართველოში აღმოჩნდა, რომ  ყოფილი კომუნისტური ნომეკლატურისა და მასთან შეზრდილი კრიმინალებისთვის სამართლის და კონონმდებლობის არსებობა საერთოდ აღარ იყო საჭირო, ვინაიდან ქვეყნის განუკითხავად ძარცვასა და გაპარტახებაში უშლიდათ ხელს.

სამართლის ცნება საბოლოოდ დაასამარეს ნაცხროველმა პირანუსელებმა, რომლებმაც ცხოვრებაში კვლავ დააბრუნეს საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ეს ძირითადი საფუძვლები, ოღონდ გაუკუღმართებული ფორმით. მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი კანონი, თუ სხვა სამართლებრივი აქტი მიმართული იყო ამ ფიზიკურად მახინჯი და სულიერად გახრწნილი ხროვის წევრთა ქვენაგრძნობების დაკმაყოფილებაზე და მათ საუკუნო ბატონობის უზრუნველყოფაზე. ამჟამინდელი ხელისუფლების მცდელობა, როგორმე აღადგინოს საზოგადოებაში სამართლებრივი ნორმებისადმი პატივისცემა და მათდამი მორჩილება, დიდხანს არ ასრულდება ორი მიზეზის გამო. პირველი - ობიექტურად სახეზე გვაქვს უგვანო კანონმდებლობის მთები, რომლებიც არც ლოგიკას და არც სამართლის ზოგად პრინციპებს არ ექვემდებარებიან. მათზე დაყრდნობით სამართლის აღსრულება იმთავითვე უსამართლობას წარმოშობს. და მეორე - საზოგადოებაში იმდენად დიდია კანონმდებლობის მიმართ აპატია და ნიჰილიზმი, რომ ძნელად წარმოსადგენია ამ პრობლემის მოკლე ან საშუალოო პერიოდში დაძლევა.

დღეს არსებული მდგომარეობა დიდი საფრთხეების შემცველია, ვინაიდან საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს არა სამართლის (რომელსაც ამის აღარც სურვილი და არც იმედი აღარ აქვს), არამედ სამართლიანობის აღდგენას. სამართლიანობის აღდგენის მოკლე გზას გვთავაზობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბ-ნ მ. უგრეხელიძე, რომელიც მიიჩნევს რომ, არსებობს სამართლის აღდგენის შემდეგი გამოსავალი: „მიადექი იმას, ვინც დააზარალა, ადინე ძმარი ცხვირიდან და ასე აღადგინე მართლმსაჯულება“.

ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი, სავსებით სამართლიანად, შურისძიების გრძნობითაა გამსჭვალული და ვერ ითმენს მის მტარვალთა თავგასულ ცინიზმს და დაუსჯელობას, ადვილი წარმოსადგენია, რომ მათ ეს წინადადება, მოწოდებად აღიქვან, რაც ემოციურად შეიძლება გამართლებულიც იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამართალი ამ გრძნობას არ ემორჩილება.

ცხვირიდან ძმრის დენის გარდა, არსებობს სამართლის უზენაესობის მიღწევის შორი გზა, რომელსაც, იმედია, დავადგებით, თუკი შევეცდებით დავუახლოვდეთ ევროპის კავშირს, რომელიც უმთავრესად სამართლის უზენაესობაზეა დაფუძნებული.

იმ მიზნით, რათა გავაცნობიეროთ, თუ სავალდებულოდ შესასრულებელი რა ფორმის, შინაარსის და რაოდენობის სამართლებრივ აქტებთან გვექნება საქმე, თუკი როდესმე ევროკავშირში გავწევრიანდით, ალბათ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ მონაცემებზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა.

ევროკავშირში ამჟამად მოქმედებს 34,000 - ზე მეტი სამართლებრივი აქტი, სასამართლოს 12 000 გადაწყვეტილება-ვერდიქტი და 52 000 საერთაშორისო სტანდარტი. ყოველ მათგანს, ევროკავშირის მოქალაქეები და კომპანიები პატივისცემით და მორჩილებით ეპყრობიან.

ძალზედ ძნელია ევროკავშირში ძალაში მყოფი სამართლებრივი აქტების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან არ არსებობს ინსტანცია, რომელიც ამ სამარ- თლებრივი აქტების ერთიან, ოფიციალურს სიას გამოაქვეყნებდა.

ევროკავშირის სამართლებრივი აქტებიდან, შესასრულებლად სავალდებულო არიან რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები და საერთაშორისო შეთანხმებები. ისეთი აქტები, როგორიცაა მწვანე ფურცლები - ე.ი. ევროკომისიის წერილობითი მიმართვები, რომელთა მიზანიცაა ახალი პოლიტიკური კურსის შესახებ წინადადებათა თაობაზე დეპუტატებისთვის ხელის შეწყობა და თეთრი ფურცლები - ე.ი. ევროკომისიის წერილობითი მიმართვები, რომლებიც კონსულტაციების შედეგად ადგენენ სპეციფიურ ვალდებულებებს ცალკეულ საკითხებზე და კომუნიკაციები - შესასრულებლად არასავალდებულო არიან. რეკომენდაციებს ზოგჯერ იურიდიული ძალა გააჩნიათ. ევროპული საბჭოს და ევროპის პარლამენ- ტის რეზოლუციები შესაძლებელია გამოყენებულ იქნენ, რათა სიცხადე იქნას შეტანილი და მიეცეს ახალი ინტერპრეტაცია სამართლებრივად სავალდებულო აქტებს.

ევროკავშირის სასამართლოს ვერდიქტს შეუძლია შეცვალოს ევროპული კანონმდებ- ლობის და ხელშეკრულებათა ინტერპრეტაცია.

ისეთი ევროპული ორგანიზაციების სტანდარტებმა , როგორებიცაა (CEN) -სტანდარ- ტიზაციის ევროპული კომიტეტი, (CENELEC) - ევროპის ელექტრონიკული სტანდარ- ტიზაციის კომიტეტი და (ETSI) ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის კომიტეტი - შეიძლება დაავალდებულოს წევრი ქვეყნები, კომპანიები და მოქალაქეე- ბი იმავეგვარად, როგორც რეგულაციებმა.

გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციების სტანდარტები სავალდებულოა ევროკავშირის ქვეყნებისათვის, თუკი ამის თაობაზე ევროკავშირსა და გაეროს შორის არსებობს შეთანხმება. ასეთია მაგალითად Codex Alimentarius , რომელიც წარმოადგენს სურსათის შემადგენლობის, მისი წარმოების და უვნებლობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, ნორმების, სახელმძღვანელო მითითებების და რეკომენდაციების კრებულს. ეს ნორმები ზესახელმწიფოებრივი არიან.

ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც დაფიქსირებულია დირექტივებში ან რეგულაციებში სავალდებულო არიან შესასრულებლად. მაგალითად Codex Alimentarius - ის სტანდარტები, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ ხორცში ჰორმონების არსებობას, შესრულებულ უნდა იქნენ იმ ქვეყანათა მიერაც, რომლებიც ამ სტანდარტების წინააღმდეგი არიან, თუკი მათ არ სურთ, რომ დაჯარიმდნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ევროკომისიის ოფიციალურ ორგანოთა და პირთა მიერ, ევროკომისიის სახელით გაცხადებული გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა.

ევროკავშირის სამართლებრივი აქტები შემდეგი შინაარსის არიან :

დირექტივები - ავალდებულებენ წევრ-სახელმწიფოებს, რათა მოახდინონ მათი იმპლემენტირება. თუ როგორ განახორციელებს ამას, თავად სახელმწიფოს გადა- საწყვეტია. მაგალითად, ევროკავშირის დირექტივა ქიმიურ ნივთიერებებზე (REACH), ძალაში შევიდა ევროკავშირის არჩევნების შემდეგ, 2009 წლის პირველ ივნისს. ამდენად, წევრ-სახელმწიფოს უფლება არ აქვს, აკრძალოს მის ტერიტორიაზე კონკრეტული ქიმიური ნივთიერების გამოყენება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი თვლის, რომ ეს ნივთიერება იწვევს კიბოს ან სხვა დაავადებებს. მხოლო ევროკომისიას აქვს უფლება, დააყენოს წინადადება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებათა შეტანის საკითხი. დამოუკიდებლად ეს უფლება არც სახელმწიფოთა პარლამენტებს და არც ევროპულ პარლამენტს არ გააჩნია.

რეგულაციები - ევროკავშირის ყველა წევრის პირდაპირ დამავალდებულებელი აქტებია, რომლებიც არ საჭიროებენ ეროვნულ სახელმწიფოთა მთავრობების და პარლამენტების მიერ მათ იმპლემენტირებას. ისინი პირდაპირ გამოყენებადი არიან და სამართლებრივად ძალაში შედიან ამავე დოკუმენტში მითითებული თარიღიდან. უკანონოდ ითვლება სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის რეგულაციების შეცვლა.

გადაწყვეტილებები - სავალდებულო არიან მხოლოდ ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებისა და მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ისინი უშუალოდ ეხებიან.

რეკომენდაციები - ფორმალურად, არასავალდებულო სამართლებრივი აქტებია.

სასამართლოს ვერდიქტები - ევროკავშირის სასამართლოს ვერდიქტები ყველასთვის პირდაპირ დამავალდებულებელია. თუკი სასამართლო ადგენს კანონის მუხლის ახალ ინტერპრეტაციას, ეს ნორმა უნდა შეიცვალოს.

ზოგადად, კანონმდებლობისადმი ჩვენი საზოგადეობის დამოკიდებულება ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს და იმედს იძლევა, რომ საქართველოში ვინმეს, ზემოთ მოყვანილი მონაცემები დააინტერესებს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლები, იმითაც კი არ იწუხებენ თავს, რომ საზოგადოებას განუმარტონ ახლადმიღებული სამართლებრივი აქტების შინაარსი, ძნელად წარმოსადგენია, თუ ვინ ითავებს ევორკავშირის კანონმდებლობის განმარტებას.

არადა, ამ კანონმდებლობის შესწავლის და შემდგომში მათ საფუძველზე სამართლის აღსრულების გარეშე, ჩვენს მიერ ევროპული განვითარების გზის ძებნა, საყვარელი სულიკოს საფლავის ვერმპოვნი მაძიებლის უსასრულო მცდელობას დაემსგავსება.