ეროვნული ბანკის როლი ფინანსურ სტაბილურობაში

ეროვნული ბანკის როლი ფინანსურ სტაბილურობაში

ვალუტის გაცვლითი კურსი ეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, ინვესტიციებზე და მთლიანად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამიტომ, მთავრობები და ეროვნული ბანკები მუდმივად აკვირდებიან და მართავენ ვალუტების გაცვლით კურსებს, რათა ხელი შეუწყონ სტაბილურობას და მხარი დაუჭირონ მათ ეკონომიკურ მიზნებს.

  • სტაბილური და მზარდი ვალუტა განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ ინვესტორებს. მზარდი ინვესტიციები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას.
  • ინფლაციისა და ეკონომიკური სტაბილურობის გასაკონტროლებლად ცენტრალური ბანკები ხშირად იყენებენ საპროცენტო განაკვეთებს. საპროცენტო განაკვეთების ცვლილება კი გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე.
  • ქვეყნის სავალუტო რეზერვების დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვალუტის სტაბილიზაციის უნარზე. არასტაბილურობის დროს, საკმარისი რეზერვები შეიძლება გამოყენებულ იქნას სავალუტო ბაზარზე ჩარევისთვის და ვალუტის მხარდასაჭერად.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ზუსტად, ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს. ამ პროცესში, ბანკს სრული დამოუკიდებლობა აქვს.

რას გულისხმობს ფასების სტაბილურობა?

ფასების სტაბილურობა ინფლაციის დაბალ და ზომიერ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. განვითარების ამ ეტაპისთვის საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალური ინფლაციის  დონედ 3% მიიჩნევა. ეს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ აქვს განსაზღვრული და მონეტარულ პოლიტიკას ისე ახორციელებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-თან ახლოს იყოს.

მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი რეფინანსირების განაკვეთია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილება, ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობა.

თუ პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნული ბანკი  მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა.

  • შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, სესხებზე მოთხოვნა მცირდება და ამ არხით ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება. შედარებით დაბალი მოთხოვნა საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს.
  • როცა საპროგნოზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩება, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკას არბილებს და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს.
  • შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, სესხებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებას განაპირობებს. საბოლოოდ, მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, ფასები იზრდება და ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.