„სემეკის ანგარიში გვიჩვენებს, რომ ენერგეტიკის სექტორი წარმატებით ვითარდება“ - ამის შესახებ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ სირბილაძე EnergyNews-თან საუბრისას აცხადებს. მისივე თქმით, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა პოზიტიური სიგნალია, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ჰესების მშენებლობა აუცილებელია.
„უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის გენერაცია 1%-ით გაიზარდა, ეს ცხადია, პოზიტიურია იმ კუთხითაც, რომ გასულ წელს ჯამში 7 ახალი ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ სემეკი აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში ახალი გენერაციების შექმნას, რაც ინვესტორებზე დადებით სიგნალს გასცემს. ამასთან, ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად უნდა დავიწყოთ დიდი ჰესების მშენებლობა, როგორებიცაა, მაგალითად, ჰუდონი, ნესკრა და ა.შ“ - აღნიშნავს ნოდარ სირბილაძე.
ნოდარ სირბილაძე ასევე წარმატებით აფასებს სემეკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც საბოლოოდ სემეკს საერთაშორისო ასპარეზზე დამატებით სანდოობას მატებს, რაც უკვე აისახა იმაში, რომ საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს უმასპინძლებს.
„ მომხმარებლების უფლებების დაცვა, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში მუდმივად ვითარდება. ეს ყველაფერი კი დიდწილად სემეკის სტრატეგიის დამსახურებაცაა, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების უფლებები ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ 2023 წელს მოქალაქეებს ჩამოეწერათ კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში - 3 მილიონ ლარზე მეტი, ნიშნავს იმას, რომ ამ კუთხით სემეკი აქტიურად მუშაობს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება სემეკის მხრიდან, მათ შორის, 2023 წელსაც. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ მსგავსი მიდგომები კიდევ უფრო გვაახლოებს საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებასთან, ეს კი სემეკის სანდოობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. სწორედ ამის დიდი დამსახურებაა, რომ სემეკის საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმის მასპინძელი იქნება 2026 წელს“. - აცხადებს ნოდარ სირბილაძე.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის მიმართულებების მიმოხილვას.
სემეკის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.
წყარო: energynews.ge