ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს გონივრულად მოწყობის შესახებ

ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს გონივრულად მოწყობის შესახებ

საზოგადოების კეთილდღეობა შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ერთდროული და მრავალმხრივი განვითარებით ყველა იმ ელემენტებისა, რომელთაგანაც შედგება ხალხის ცხოვრება! ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძემ დასვა და გადაწყვიტა რამდენიმე კონცეპტუალური პრობლემა, რომელიც სახელმწიფოს გონივრულ მოწყობას შეეხება, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარდაქმნებს ამა თუ იმ ქვეყანაში. მისი ეს ნააზრევი დღესაც ძალზე ძვირფასია გარდამავალ პერიოდში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოსათვის, რომელიც ავტოკრატიული რეჟიმიდან დემოკრატიაზე გადასვლას ცდილობს.

ქვეყნის გონიერი ორგანიზაციის ალფად და ომეგად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ისეთი მმართველობისა და საარჩევნო სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მართვაში ყველაზე ნიჭიერი, მომზადებული და პატიოსანი ადამიანების მონაწილეობას. “საზოგადოების მომზადების მთელი ძალა, - წერდა ის, - მისი გონიერი ორგანიზაციაა, რათა თავისი საქმის სათავეში დაააყენოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც შესწევთ უნარი სათანადო მიმართულება მისცენ მას. ყველა თანამდებობაზე ისეთი პიროვნების არჩევა, რომელიც შეეფერება მიზანს, ღირსეული, უნარიანი ადამიანების წინ წამოწევა – აი, საზოგადოებრივი მზადების ალფა და ომეგა, აი, რით განსხვავდება გონიერი საზოგადოება ცხვრის ფარისაგან, რომელთა წარმომადგენლები და გზის მაჩვენებლები არიან პირველივე შემხვედრი თხები”.

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს გონიერი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობად თვლიდა ხალხისთვის ინიციატივის მიცემას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების პოტენციალის, ენთუზიაზმის წარმოჩენას და მის მიერ გარკვეული ტვირთის საკუთარ თავზე აღებას, მისდამი ნდობის გამოვლენას:  “ ცივილიზატორული მნიშვნელობის საკითხებში ყველა, თვით ჩვენი მოსახლეობის ჩამორჩენილი ელემენტებიც კი, ერთსულოვნად მზად არიან აიტანონ ყოველგვარი სიმძIმე და მსხვერპლი... საკმარისია ჩვენს ხალხს მივცეთ ინიციატივა ნამდვილი და თვალსაჩინო პროგრესისაკენ და ამ საქმის ინიციატორი არა თუ უაზრო წინააღმდეგობას წააწყდება “ბრბოსაგან”, არამედ ყველგან იგრძნობს მხარდაჭერას და დახმარებას.

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს გონიერი ორგანიზაციის აუცილებელ ელემენტად თვლიდა ეროვნული და სახელმწიფო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას (პრიმატს) პარტიულ, ჯგუფურ და ელიტის ინტერესებთან შედარებით. განვლილმა ასწლეულმა აჩვენა, რომ დღემდე ეს ვერ შეძლო ვერცერთმა ქართულმა ხელისუფლებამ – ვერც ჟორდანიასი, ვერც ბოლშევიკების, ვერც გამსახურდიასი, ვერც შევარდნაძის და ვერც- სააკაშვილის. ყველა მათგანმა საბოლოოდ უპირატესობა მიანიჭა პარტიულ პროგრამებს სახელმწიფო ინტერესებთან შედარებით. ნიკოლაძე სწორად თვლიდა, რომ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. ამის მაგალითად იგი ასახელებდა ინგლისს: “ვიგები და ტორები ადვილი შესაძლებელია ასჯერ შეიცვალონ ბრიტანეთის მთავრობის საჭესთან, მაგრამ ინგლისის ინტერესები ამით ოდნავადაც არ შეიცვლება და მისი უდიდებულესობის ბრიტანეთის დედოფლის კონსერვატორული თუ ლიბერალური მთავრობების მთელი ძალისხმევა მუდამ ერთი მიზნისაკენ იქნება მიმართული: რაც შეიძლება უკეთესად დააკმაყოფილოს ქვეყნის ინტერესები – ამას გვიდასტურებს თავად ინგლისის ისტორია – ყოველთვის კეთდება ის, რაც სასარგებლო იყო ქვეყნისათვის და არავითარი ყურადღება არ ექცეოდა არც მორალსა და არც გუშინდელ თუ გუშინწინდელ პოლიტიკურ დეკლარაციებს”.ნიკო ნიკოლაძის ეს თვალსაზრისი გარკვეულწილად ეხმაურება დიდი იტალიელის ნიკოლო მაკიაველის ბრწყინვალე შეგონებას: “როდესაც საქმე სამშობლოს ინტერესებს ეხება, თავი შეიკავეთ იმაზე მსჯელობისაგან – სამართლიანია ეს გადაწყვეტილება თუ უსამართლო, ლმობიერი თუ სასტიკი, საქებია თუ საძრახისი. ანგარიში არ უნდა გავუწიოთ არავითარ თვალსაზრისს (მათ შორის მერაბ მამარდაშვილის “სამართლიანობა სამშობლოზე მაღლა დგასო” – ვ.შ.) და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს უწყობს მისი არსებობისა და თავისუფლების შენარჩუნებას”. სახელმწიფოს გონივრულად მოწყობის ერთ-ერთ მექანიზმად, როგორც წინა პარაგრაფში აღვნიშნეთ, ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ისეთი დემოკრატიული მექანიზმების და სისტემის შექმნას, რომლის დროს ქვეყნის მეთაურზე, მმართველზე (ცუდი იქნებოდა ის თუ კარგი და ნიჭიერი) მთლიანად არ იქნებოდა დამყარებული სახელმწიფოს მომავალი. მას მაგალითად მოჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII, რომელსაც ის უწოდებდა უსუსურს, უხეიროს და ჯაგლაგს, მაგრამ მან ბევრი ვერაფერი ავნო ქვეყანას, რადგან საფრანგეთს მეტნაკლებად უფლებრივი სისტემა და კანონ-სამართალი განაგებდა და არა მხოლოდ ის. ვიდრე ეს სისტემა არ აშენდებოდა ქვეყანაში, მანამ ამ სახელმწიფოსათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის მეთაურს, ხელმძღვანელს: “მეთაურს ჭკუა, გამოცდილება, ცოდნა და მტკიცე ხასიათი იმიტომ ესაჭიროება, რათა იზრუნოს და იმოქმედოს იმათ მაგიერ, ვინც, საუბედუროდ, მოკლებულია ამ უნარს. ის სათავეში უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუ თანამემამულეებზე უფრო გამჭრიახი, დაკვირვებული, მოხერხებულია და იცის, როდის უნდა დაძრას ისინი წინ, ხოლო როცა საჭიროა, ადგილზე შეაჩეროს. თუ ძალაუფლება, რომელსაც მას ვითარება ანიჭებს, ფრთხილად აქვს შენახული ჯიბეში, თუ ბრბოდან ამოტივტივებული ხეპრე დოღრიალასი ეშინია და ყველა გარემომცველი ადამიანების უმწიფარი აზრები კანონია მისთვის, მაშინ წინამძღოლის როლი ზედმეტია ამ ადამიანისათვის. გამოდის, რომ ის იღწვის მხოლოდ პატივისათვის, ცდილობს თავისი პერსონის განდიდებას და ეძებს მხოლოდ პირად გამარჯვებას”.

ასეთი მეთაურის ერთ-ერთ უმთავრეს ღირსებად ნიკოლაძე თვლიდა საუკეთესო, ნიჭიერის ადამიანების მოძებნის და გარს შემოკრების უნარს: “იმისთვის, რათა შეძლო ასეთი ადამიანების დაფასება, თავად უნდა იყო ნიჭიერი, რათა დაინახო მათი ღირსება და არ გეშინოდეს მათი მეტოქეობისა” – წერდა იგი.

ნიკოლაძე დიდწილად ქვეყნის ევოლუციური განვითარების მომხრე უფრო იყო ყოველთვის, ვიდრე რევოლუციური, ნახტომისებური განვითარების (მეთაურებიც ასეთი მოწონდა უმეტესწილად, მაგალითად ფერენც დეაკი) თუმცა რევოლუციასაც ხანდახან პოზიტიურ კონტექსტში განიხილავდა, მაგ. საფრანგეთის რევოლუციას, რომელიც, მისი სიტყვებით “დიდია არა სისხლის რიცხვით, რომელიც ცოტად თუ ბევრად უსაფუძვლოდ იქნა დაღვრილი მის მიერ, არა ომებითა და გამარჯვებებით, არა ბრბოს გაშმაგებით, არამედ იმ “კოდექსებით”, რომლებმაც არსებითად შესცვალეს საფრანგეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და მორალური ყოფა”.საერთოდ ნიკოლაძე ყველა მოვლენას დიალექტიკურად უდგებოდა: “ქვეყანაზე არც ერთი ძალა არ არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი... მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს, და უტვინო ბავშვი რძის საჭამადშიაც კი დაიხრჩობა”.ასევე უყურებდა იგი რევოლუციასაც, თუმცა თვლიდა, რომ მოსახდენი მაინც მოხდებოდა, ოღონდ ცოტა დაგვიანებით: “რევოლუცია, ქინაქინის არ იყოს, ზოგან რგებს, ზოგან ვნებს, საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში – არა. არ გამოდგა იმიტომ (ქართული ე.წ. “ვარდების რევოლუციასავით” 2003 წლის ნოემბერში –ვ.შ.), რომ ხალხი დაუმზადებელი ყოფილა ცვლილებებისათვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ჰქონია”.

ნიკოლაძეს თანდათანობითი განვითარების უპირატესობად ის მიაჩნდა, რომ მას მშვიდობიანი ხასიათი აქვს და დიდ მსხვერპლს არ მოითხოვს. იგი ყველასათვის სასურველად თვლიდა ამ ნაბიჯების თანდათანობით გავლას და არ სწამდა ნახტომების: “რა გზაც ხუთს, ექვსს ან ოც ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერცერთი სხვა ხალხი ერთის გადახტომით ვერ გაივლის. (იგივე აზრი გაიმეორა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოს და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ).

იმის საილუსტრაციოდ, რომ ერი შეიძლება რევოლუციის და სისხლისღვრის, კატაკლიზმების გარეშე აღორძინდეს და სწრაფად განვითარდეს, მას მოჰყავდა იაპონია და გერმანია (პრუსია).

ნიკოლაძემ საგანგებოდ შეისწავლა და ქართულ საზოგადოებას გაუანალიზა იაპონიის წინსვლა 1868 წლიდან, როცა ქვეყანამ დაიწყო და სწრაფად შეძლო უზარმაზარი თვისობრივი ნაბიჯების გადადგმა ყველა სფეროში (საუკუნის მერე ეს გაიმეორა სამხრეთ კორეამ).

1894 წელს, ჟურნალ “მოამბის” IX წიგნში ნიკოლაძემ დაბეჭდა ვრცელი ნარკვევი “იაპონიის ბრძოლა ჩინეთთან”, რომელშიც იწინასწარმეტყველა თანამედროვე იაპონური სასწაული. იაპონიის მმართველმა ელიტამ სათანადო შემზადების შემდეგ დასახა ქვეყნის მომავალი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის კომპლექსური მეცნიერული გეგმა, რომელსაც ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობების საწყისად და ბალავრად დაუდო საკუთარი ხალხის კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, იაპონური ცხოვრების წესის მდიდარი ეროვნული შინაარსი. ნიკოლაძეს სამაგალითოდ მიაჩნდა მოკლე დროში იაპონიის ასე აღორძინება და ქართულ საზოგადოებას, მომავალ თაობას ამაზე საგანგებოდ მიანიშნებდა: “იაპონია ერთობ დიდ და ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმისას, თუ რა ადვილი ყოფილა თითქმის სრულიად ველური და უკან ჩამორჩენილი ხალხისათვის სწავლით და რიგიანი წესით წელში გამართვა და ძალის შეძენა, როცა მას გონიერი მთავრობა ჰყავს და ბეჯითი სურვილი აქვს რიგიანი ადგილი დაიკავოს სხვა ერთა და სამეფოებს შუა... თვალყურის გდების ღირსია, მისი აწინდელი ბედი და თავგადასავალი... თვითონ ხალხი, მეტად მეცადინი, მარჯვე, გამბედავი და თავმოყვარე, ერთიანად შეიძრა, როცა სხვისი უპირატესობა და თავისი უკან ჩამორჩენა იგრძნო და დაინახა .

“იმპერატორმა მიკადომ - წერს ნიკოლაძე, - არც აცივა, არც აცხელა, პეტრე დიდისავით აიღო და ერთიანად, ერთბაშად გადმოიღო ევროპის წესი, კანონი, წყობილება, იარაღი, ტანსაცმელი და სხვ. თან, რაც პეტრეს არ მოუქმედია, ისიც კი გაბედა: პარლამენტი დააარსა იაპონიაში, სხვადასხვა კუნძულების წარმომადგენლებისაგან. ამასთან მეორე საქმეც დაიწყო, აგრეთვე პეტრესგან მიტოვებული – დაიძიოსების უფლება მოსპო და ადგილ-მამულები სახაზინოდ ჩარიცხა, სამაგიეროდ დაიძიოსებს ზომიერი პენსია დაუნიშნა... დაიბარეს ნასწავლი და მეცნიერი პირები საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და თვით რუსეთიდან. უთვალავი სასწავლებელი გამართეს იაპონიაში. ახალგაზრდა იაპონელები ათასობით გაგზავნეს სწავლის მისაღებად, ევროპასა და ამერიკაში ცოდნის სხვადასხვა ნაწილზე, სწავლა ყველას – ბოლოდან კი არა, თავიდან, ანაბანიდან დააწყებინეს... დაიბარა ინჟინრები რკინის გზების, ტელეგრაფის და ციხეების გასამართავად, აფიცრები ჯარის გასაწყობად და გასაწვრთნელად და სხვ.

ნედლეულითა და სხვა სახის სტრატეგიული რესურსების სიმწირის მიუხედავად, ერთ დროს ველური და ჩამორჩენილი იაპონიის სწრაფად დაწინაურება და გაძლიერება, ნიკოლაძის გონივრული შენიშვნით, შრომის ჭკვიანურმა ორგანიზაციამ და საშემსრულებლო დისციპლინის მაღალმა დონემაც განაპირობა, რაც ნიკოს ასევე სანიმუშოდ მიაჩნდა და იაპონიის მსგავსად, საქართველოს აღმავლობაზე ოცნებობდა. ნიკოლაძე ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამდა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს ქვეყნის სიდიდეს და მოსახლეობის მრავალრიცხოვნებას, მთავარია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის, განათლების სწრაფი დანერგვა და მისი ყოველწლიური გაზრდილი დაფინანსება. ამის შედეგია ის, რომ “ძალა და ძლევა რიცხვსა და სივრცეს კი არა, ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღის, წესსა და დისციპლინას”– წერდა იგი და დღეს, მართლაც, უზარმაზარ და ნედლეულით უმდიდრეს რუსეთზე წინ არიან საქართველოზე პატარა ქვეყნები (მაგ; ჰოლანდია, ბელგია და სხვ.) რომლებმაც განავითარეს საწარმოო ძალები, ცოდნა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და დისციპლინა.

ნიკო ნიკოლაძე ასევე ყურადღებით ადევნებდა თვალს პრუსიის გაძლიერებას და მისი მეთაურობით ჯერ ავსტრიის დამარცხების და გერმანიის გაერთიანების პროცესს, მერე კი საფრანგეთთან, სედანთან საოცარ გამარჯვებას. ფრანგები ამ კატასტროფას გერმანელთა მრავალრიცხოვნებას აბრალებდნენ, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ნიკოლაძე, რომლის თქმით, მათ უნდა სცოდნოდათ რა ძალა გაჩნდათ თვითონ და მტერსაც, რომელმაც (ე.ი. გერმანიამ – ვ.შ.) თავის მხრივ, ზუსტად იცოდა რამდენი ღილი ეკერათ და რამდენი მეტრი ქსოვილი ემოსათ ტანს ფრანგებს. ნიკოლაძის აზრით “გერმანელებმა იმიტომ კი არ გაიმარჯვეს, რომ უფრო მრავალრიცხოვანნი იყვნენ, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ემზადებოდნენ, როცა საფრანგეთი არაფერს აკეთებდა ან თითქმის არაფერს.  ამავე ოცდახუთი წლის განმავლობაში გერმანიამ განახორციელა და პრაქტიკაში დანერგა მშვენიერი და ნაყოფიერი იდეები, შემუშავებული ფრანგ მოაზროვნეთა მიერ, მაგრამ თვით საფრანგეთში ჩახშული მდიდარი ეგოისტების ზიზღისა და ღარიბ უვიცთა გულგრილობის წყალობით. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომელიც საფრანგეთში გამოიყენეს ხალხის გონების ჩასახშობად (იგულისხმება ნაპოლეონ III მმართველობის პერიოდი –ვ.შ.) და ქვეყნის ინტელექტის დასაჩლუნგებლად, გერმანია იღვწოდა რაც შეიძლება მეტი ძალა და განათლება შეეძინა, იგი წინ მიიწევდა, როცა საფრანგეთი ერთ ადგილას ტორტმანებდა და, უაღრესად გამხრწნელ მთავრობასთან ერთად ფეიერვერკებით ერთობოდა”.

როცა იაპონიის და გერმანიის მაგალითები მოჰყავდა ქართველი მკითხველისათვის, ნიკოლაძე კარგად აცნობიერებდა იმ განსხვავებებსაც, რითაც ეს ერები განირჩევიან ქართველებისაგან, მათი ეთნოფსიქიკისაგან – არ გამოვიდოდა ძალით ქართველის გაიაპონელება ან გაგერმანელება, თუნდაც – გარუსება. ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ ყოველი ქვეყნისაგან შეიძლებოდა რაიმე დადებითის და სასარგებლოს აღება,  თუმცა ამავე დროს თვლიდა, რომ ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი წესწყობილება ეროვნული ტრადიციების, ეროვნული ფსიქიკის, ზნე- ხასიათისა და გეოგრაფიული მდებარეობის (გარემოს) შესატყვისად უნდა მოწყობილიყო და ამ პროცესში ძალდატანება, ხელოვნურად ჩარევა საჭირო არ იყო: “ყოველ ხალხს თავისი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერაკაცი გაარუსებს; შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგივრად ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ – წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება... და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს, ან ქართველმა რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ” – ნიკოლაძის ეს გაბედული მოსაზრება რუსებისათვის იმის შეხსენებაც იყო, რომ არ გამოუვიდოდათ ჩვენი გარუსება].

ნიკო ნიკოლაძე სახელმწიფოს გონიერი ორგანიზაციის ასევე ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად თვლიდა ხელისუფლებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ და ამომრჩევლებისადმი ნდობას: “ყველგან, სწორი საზოგადოებრივი მმართველობის პირველ პირობად მიჩნეულია ანგარიშების სისწორე, ამომრჩევლებისადმი ნდობა და მათთვის მათი საქმეთა მდგომარეობის წარდგენა სავსებით სწორი სახით”.

სახელმწიფოს გონიერი და დემოკრატიული მოწყობის საქმეში ნიკო ნიკოლაძე საფუძველდამდებ პრინციპად თვლიდა სასამართლოს სწორად ორგანიზაციას და სამართლიანი ანუ ობიექტური სასამართლოს უფლებას რიგითი ადამიანისათვის. მისი აზრით ეს არის სამოქალაქო სიმშვიდის და სტაბილურობის უმთავრესი პირობა: “ყოველი ადამიანის ცხოვრებას, წერს ის, - მის თავისუფლებას, ღირსებასა და ქონებას ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას საფრთხე იქ, სადაც მარლთმსაჯულება უხეიროდაა ორგანიზებული და სადაც მოსამართლენი არ იცნობენ ცხოვრებას, არაკეთილსინდისიერნი ან მექრთამენი არიან. იქ, სადაც საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ნდობა თავისი სასამართლოსადმი, თვით საზოგადოების ცხოვრება გაუფასურებული და უაზროა... ამგვარად, სასამართლო ნდობა, ე.ი. თითოეული მოქალაქის რქმენა, რომ იგი თვითნებურად და უსამართლოს არ დაისჯება სისხლის სამართლის კანონით, რომ შესაბამის შემთხვევაში გარდაუვალი საზოგადოებრივ ცხოვრების აუცილებლობის გამო კანონს მის მიმართაც გამოიყენებენ სამართლიანობის ზუსტი დაცვით და სასჯელის გარკვეული ზომით – აი, ეს წარმოადგენს სამართლიანი და მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთ არსებით საფუძველს”. ნიკო ნიკოლაძე ასეთ სანიმუშო ქვეყნად ასახელებდა ინგლისს, სადაც მისი სიტყვებით, სასამართლოსადმი ნდობა დგას მიუწვდომელ სიმაღლეზე.

სახელმწიფოს გონიერი მოწყობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებად  ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ღიაობას (გამჭვირვალობას), სიმართლის არ დამალვას და პოლიტიკურ რეალიზმს. იგი იყო პოლიტიკური  რეალიზმის ერთ-ერთი მამამთავარი საქართველოში. (მისი ცნობილი წარმომადგენლები არიან მაკიაველი, თომას ჰობსი, ე.კარი, ჰ. მორგენთაუ და სხვ. მათი აზრით საერთაშორისო პოლიტიკა ხორციელდება “ბუნების კანონებით”, ანუ ანარქიით და არამც და არამც ჰარმონიით. საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი სახელმწიფო ფიქრობს საკუთარ ნაციონალურ ინტერესებზე, პირველ რიგში საკუთარ გადარჩენასა და საკუთარი ტერიტორიული საზღვრების დაცვაზე.

შესაბამისად ნიკოლაძე მეტაფიზიკური აზროვნების კრიტიკოსი იყო, რომელიც მისი აზრით “დამყარებულია არა ცხოვრების შესწავლაზე, არა ცდაზე, არამედ აზროვნებაზე, სილოგიზმებზე, ვარაუდებზე, არა იმაზე, რაც ამ ქვეყნად ნამდვილად არსებობს და კეთდება, არამედ იმაზე, რაც ჩვენ კარგი, სამართლიანი ან გონივრული გვეჩვენება”. აკრიტიკებდა რა სოციალ-ფედერალისტთა შეხედულებებს, მას მიაჩნდა, რომ ისინი მეტაფიზიკაზეა აშენებული: “აიხირებენ რაღაც სურვილს, საკუთარ გემოვნებაზე არჩეულს და რომელსაც მოიწონებენ – “პრინციპს” არქმევენ, ხატად აქცევენ, თაყვანს სცემენ. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს თილისმა ყოველთვის, ყველგან, ყოველ შემთხვევაში ერთნაირად სასწაულს მოახდენსო. რეალურ პოლიტიკას კი არც ერთი ამგვარი ავგაროზი არ სწამს და ეს ძველთა ძველი რწმენა დიდი ხანია არხივებში დაუმარხავს, როგორც გამოუცდელ გონების ბავშვური შეცდომა”. ასეთი აზროვნება არსებითად ვერ აუმჯობესებს ხალხის ყოფა-ცხოვრებას და ვერ ამაღლებს მას ზნეობრივად - მიაჩნდა მას.

მკაცრმა რეალობამ ათქმევინა ნიკო ნიკოლაძეს ის სიტყვები, რომელიც პოლიტიკური რეალიზმის ანაბანაა: “მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო ჩვენს ძალას მივენდოთ, მარტო ჩვენს გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიშრომოთ _ მაშინ მეგობარიც ბევრი გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც... მაშინ ჩვენდა-თავად არც ტირილი დაგვჭირდება, არც გოდება, არც ზლუქუნი, არც ჩურჩული. და სანამ ამ “საკუთარის გაძლიერების” გზას გულდაგულ და პირდაპირ არ დავადგებით, მანამდე კი ათასიც რომ იბღავლოს ჩვენმა მწერლობამ, ათასიც რომ იჩურჩულონ ჩვენმა მოქმედმა პირებმა, კაცი ყურადღებას არ მოგვაქცევს და შემწეობას არ გვაღირსებს, ყველას ის აზრი ექნება თავში: “სუსტი ხარ, ქვეყანაზე ადგილი რათ გიკავია, თვალს რად გვიჭრი შენის წყლულების ჩვენებით, რა გიყო, რა გიშველო, ხომ ფეხზე ვერ დაგაყენებ, თუ შენდა-თავად წამოდგომა არ შეგიძლიაო”.

ნიკო ნიკოლაძის აზრით მცირერიცხოვანი ერებისათვის ასევე უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის იარაღია სიმართლე, ნაკლისა და ჭირის არ დამალვა და თვითმკურნალობა, ოინობის უარყოფა: ჩვენ რიცხვით, ძალით,  ოინობით ვერაფერს ვერასოდეს ვერ გავიტანთ...  ერთი იარაღი გვაქვს ჩვენ, მარტო ერთი, - აზრის სისწორე, სინდისის სიმართლე, გონიერება, საქმის სიწმინდე. მარტო ამით შეგვიძლია ჩვენ გავიმარჯვოთ, შემდეგში, მომავალში, როდესმე. მაშ ჩვენ უმანკოდ და გაუსვრელად უნდა შევინახოთ ეს ჩვენი მხოლოდი იარაღი, თორემ იმ დღეს, როცა ჩვენი მტერნი, რიცხვით და ძალით ძლიერნი, ჩვენს წინააღმდეგ სიმართლესაც მოიპოვებენ (როგორც ეს იყო 2008 წლის 8 აგვისტოს..), ჩვენი საქმე ფიზიკურად და ზნეობრივადაც დაღუპული იქნება”. ამ უგონიერეს შეგონებას ნიკოლაძის პოლიტიკური ანდერძი შეიძლება ვუქოდოთ, რომლიდანაც ქართველმა ერმა არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს მომავალში. 

(I ნაწილის დასასრული).