Free - ყველაფერი რიგზეა...

Free - ყველაფერი რიგზეა...

საინტერესოა, მაგრამ თუკი მუსიკოსების ასაკის სიმცირის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჯგუფ Free-ს როკ მუსიკის ისტორიაში ბადალი არ ჰყოლია. 1968 წელს, სადებიუტო ალბომ Tons Of Sobs-ის ჩაწერისას, რომელიც სულ რაღაც 800 გირვანქა სტერლინგი დაჯდა, მომღერალი პოლ როჯერსი და დრამერი საიმონ კირკი სულ რაღაც თვრამეტი წლისანი იყვნენ, ხოლო ბას გიტარისტი ენდი ფრეზერი და სოლო გიტარისტი პოლ კოსოფი (kosoff) კი შესაბამისად ჩვიდმეტისა და თხუთმეტისა.

სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ, ალბომ Fire And Water-ის გრანდიოზულმა წარმატებამ კი საგრძნობლად გაზარდა მათი ალბომების რეალიზაცია, გაყიდვების რიცხვმა ოც მილიონს გადააჭარბა, პოპულარობამ კი განაპირობა მათი Isle Of Wight -ის 1970 წლის ფესტივალზე გამოსვლა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის წინაშე ისეთი ბუმბერაზი შემსრულებლების გვერდზე, როგორებიც იყვნენ Jimi Hendrix, Miles Davis, Jethro Tull, Ten Years After, Chicago, The Doors, The Who, Emerson, Lake & Palmer, The Moody Blues, Joan Baez, Joni Mitchell, Leonard Cohen, Donovan,Taste.

უცნაური იყო მუსიკოსების მისწრაფება ბლუზისკენ ასეთ ადრეულ ასაკში, რაც უპირველეს ყოვლისა გიტარისტ პოლ კოსოფის დამსახურება იყო. რუსულ ებრაული წარმოშობის ემიგრანტის ოჯახში გაზრდილმა ყმაწვილმა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში სხვა მუსიკოსებთან ერთად Black Cat Bones დააარსა. კოლექტივმა იმთავითვე მოიპოვა პოპულარობა ლონდონის პაბებში დაკვრით და სულ მალე სახელგანთქმულ პროდიუსერ მაიკ ვერნონის რჩევით, კოსოფმა უდიდესი გამოცდილება შეიძინა ცნობილ ბლუზ პიანისტ „ჩემპიონ“ ჯეკ დუპრის ალბომ When You Feel The Feeling You Was Feeling მონაწილეობით. აქვე უკრავდა დრამერი საიმონ კირკიც.

პოლ როჯერსი კი, რომლის საწყისი ინსტრუმენტი ბას გიტარა იყო, თავდაპირველად მიდლსბროს ადგილობრივ ჯგუფ The Roadrunners -ში მღეროდა შემდგომში Whitesnake-ის გიტარისტ მიკი მუდისთან და ელვის კოსტელოს ბას გიტარისტ ბრიუს ტომასთან ერთად. 

Free-ს თავდაპირველი ნამუშევარი Tons Of Sobs წუთნახევრიანი Over The Green Hills-ის ვოკალურ-გიტარული ინტროდანვე გვაოცებს დახვეწილობითა და ყოველგვარი სადებიუტო კუსტარულობის გამორიცხვით, თანაც მუსიკოსების ასაკის გათვალისწინებით.

შემდგომში როკ მუსიკის კრიტიკოსთა გარკვეულ წრეში შეიქმნა აბსოლუტურად მცდარი აზრი, რის თანახმადაც Tons Of Sobs თითქოს არაა მოსატანი უკვე „დახვეწილი“ Free-ს რეპერტუართან. სინამდვილეში კი ალბომს ჯგუფის სხვა ნამუშევრებთან  შედარებით, გამორჩეული ბლუზურობა ახასიათებს. პოლ კოსოფის ღრმად გააზრებულ დაკვრას, ეტალონური ფსიქოდელიური სოლოებით რომაა გაჯერებული, პოლ როჯერსის უკვე მომდევნო წლების განუმეორებელი ვოკალური ხელწერა ერთვის, დიდად რომ არც ტემბრის, არც ხასიათის  შეცვლა დატყობია.

არადა პოლ როჯერსი ხომ უკვე 45 წელიწადია, რაც როკ სცენაზეა და მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ვოკალისტია, რომლის გვერდში ყოლა თვით რიჩი ბლეკმორსაც კი სურდა 1974 წელს იან გილანის შემცვლელად Deep Purple-ში.

ყველაფერი კი თურმე Tons Of Sobs -ით უნდა დაწყებულიყო, რათა სულ რაღაც 26 წლის ასაკში გარდაცვლილ პოლ კოსოფს რაც შეიძლებოდა მეტი მოესწრო ბრიტანული ფსიქოდელიური ბლუზის აყვავების სფეროში და რათა მისი საფლავის ქვაზე სიტყვები „All Right Now“, ოქროს ასოებით ამოტვიფრულიყო...

სადებიუტო ალბომში სიმღერათა უმრავლესობა როჯერსსა და კოსოფს ეკუთვნით, ამ მხრივ არც ბას გიტარისტი ენდი ფრეზერია უსაქმოდ, თუმც Led Zeppelin-ის პირველი ალბომის მსგავსად, ცნობილ შავკანიან ბლუზმენთა ორი ქავერი აქაც მოიპოვება, თანაც ალბომის მშვენებას წარმოადგენს.

პოლ კოსოფის დაკვრა ქრონომეტრაჟით ყველაზე ხანგრძლივ Goin' Down Slow-ში განსწავლულობითა და ხედვით ჯიმი პეიჯის დონეზე შეგვიძლია ავიყვანოთ და თეთრი ბლუზ როკ გიტარის ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად მივიჩნიოთ, ხოლო როჯერსისა და ფრეზერის ალბომის მეორე გვერდის გამხსნელი I'm a Mover ჯგუფის სამომავლო საკონცერტო ნომრადაც იქცა. მის ხაზს შემდგომში არამარტო Free-ს, არამედ Bad Company-ს სიმღერებიც ავრცელებდნენ. ალბომის დამაბოლოვებელი კი ულამაზესი Over The Green Hills-ის ვოკალურ-გიტარული რეპრიზაა.

ახალგაზრდა მუსიკოსების ჯგუფის სახელწოდების მატარებელი მეორე ალბომი მკვეთრად განსხვავდებოდა წინამორბედისაგან უპირველეს ყოვლისა კომპოზიტორული ნამუშევრის თვალსაზრისით. Free-ში შემავალი 9 სიმღერიდან 8 ტანდემ როჯერს-ფრეზერის მიერაა შექმნილი, ხოლო Trouble In Double Time კვარტეტის ნამოქმედარია.

ალბომში ბლუზურმა ტენდენციებმა შედარებით იკლო, პოლ კოსოფის სპონტანურმა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულმა ნატურამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და სადებიუტო ალბომის გამოკვეთილი სოლო გიტარა, ენდი ფრეზერის მკვეთრმა ბასურმა პარტიებმა ჩაანაცვლა.

ეს სულ მალე ჯგუფის ამ მხრივ ეტალონურ კომპოზიცია Mr. Big-ში იჩენდა თავს, რომლის ბას გიტარის პარტია უკვე მეორე თაობის როკ ბას გიტარისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბილ შიჰანმა რასაც ჰქვია ააყვავა ამ სიმღერის სახელწოდების მატარებელ ჯგუფში გიტარისტ პოლ ჯილბერტის თანხლებით...

Mr. Big ალბომ Fire And Water-ის მეორე გვერდის გამხსნელი კომპოზიციაა. მესამე ნამუშევარმა ჯგუფს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ამერიკის ჩარტებში მან მე-17, ხოლო ინგლისისაში კი მე-2 ადგილი დაიკავა. Mr. Big ერთადერთია, რომელიც ჯგუფის ოთხივე მუსიკოსს ეკუთვნის. აი დანარჩენები კი...

შვიდი სიმღერისაგან შემდგარი ალბომი სულ რაღაც 35 წუთს გრძელდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მუსიკოსებმა აქ პირველ ალბომში არშესული სიმღერა Woman By The Sea, Remember-ად აქციეს, გამოვა, რომ საყოველთაო აღიარებას მათ Led Zeppelin-ისა თუ Deep Purple-ს ეპოქაში, საკმაოდ „მარტივად“ მიაღწიეს, რაც გარკვეულწილად ალბათ მათ დახვეწილ სცენურობას უნდა მივაწეროთ. აღსანიშნავია, რომ უკვე დაშლის პერიოდში 1973 წლისთვის, Free-ს 700-ზე მეტი კონცერტი ჰქონდა ჩატარებული ღია ცის ქვეშ.

თვით Fire And Water ჰარდ როკის ჰიმნია, პოლ როჯერსის ტრადიციულად ესთეტურად გამართული ვოკალის თანხლებით, რომელიც არამაინცდამაინც კომპოზიციურ სიმწიფეს ყოველთვის ავსებდა მელოდიურობითა და სასიამოვნოდ რბილი ხმის ტემბრით. საყოველთაო ჰიტად კი All Right Now იქცა, რომელსაც აგერ უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია, რაც სულ სხვადასხვა ყაიდისა და სტილის მუსიკოსები ასრულებენ.

ამავე 1970 წელს ჯგუფმა მეოთხე ალბომი Highway ჩაწერა. პოლ კოსოფის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა, რაც ალბომზე მუშაობის პერიოდში ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალებით გამოწვეულმა დეპრესიამაც გაამძაფრა. მიუხედავად ამისა, როჯერს-ფრეზერის კომპოზიტორულმა ტანდემმა კვლავაც გაქაჩა და 9 სიმღერისაგან შემდგარი ალბომი დიდებული გამოვიდა. Be My Friend ეპოქის ჰიტად იქცა. მასთან ერთად კი თითქოს დასრულდა ნამდვილი ბრიტანული ჰიპიზმის ერა გამორჩეული ფსიქოდელიურობითა და კოსოფისეული მელანქოლიით.  

დასაშლელად განწირულ ჯგუფს 1972 წლის Free At Last და 1973 წლის Heartbreaker ბევრს ვერაფერს შემატებდა. პოლ როჯერსმა სასწრაფოდ თავი დააღწია 70-იანების სურნელოვან აურას და სცენაზე დღემდე ბიჭურად გამოიყურება, კოსოფი კი 1976 წელს გარდაიცვალა და ახალგაზრდა გიტარისტის საფლავს ჯიმ მორისონის მსგავსად, ყოველთვის ეყოლება მისი შემოქმედების დამფასებელი არაერთი თაობის პატივისმცემელი. ისინი ხომ აქ მოსვლისას შეიტყობენ, რომ ყველაფერი კარგადაა...