პირველ რიგში, მინდა მოგახსენოთ ის, რომ სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არცერთი საერთაშორისო სტანდარტით არ ექვემდებარება არანაირ სანქცირებას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, ეს კანონი არ არის მიმართული, მათ შორის, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ.
„დღეს ჩვენ მოგვიწევს ვეტოს დაძლევა გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც პრეზიდენტად წოდებულმა დაადო ვეტო. გუშინ, ჩვენ ყველანი იურიდიულ კომიტეტზე ვუსმენდით იმ საცოდავ, შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ, მდგომარეობას, როდესაც ვეტოს დამდებს არ ჰქონდა არცერთი სამართლებრივი არგუმენტი და შენიშვნაც კი არ ჰქონდა სამართლებრივი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობის კანონი ცუდი. რატომ არის ის რუსული. რატომ არის ის დისკრიმინაციული. რატომ არის ანტიდემოკრატიული და ის ათასი ცოდვა, რომელიც ამ კანონის გარშემო სხვადასხვა დროს ითქვა, მაგრამ არასდროს თქმულა ერთი რამ, რომ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი.
ამიტომ, ჩვენ დავინახეთ, რომ სამართლებრივი არცერთი არგუმენტი არ არსებობს, მაგრამ არსებობს უამრავი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით, დაწყებული ადამიანის სექსუალური ცხოვრებიდან, დამთავრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლითაც. ანუ, ყველაფერზეა ლაპარაკი, რაც კი შეიძლება საერთოდ ამ დედამიწის ზურგზე მოიფიქრო ადამიანმა, ოღონდ არ იყოს საუბარი იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის და მათ შორის, ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა.
განსაკუთრებით ახლა, როდესაც სამართლებრივი არგუმენტები აბსოლუტურად ამოწურულია, ხდება, ასე ვთქვათ, შანტაჟირება იმით, რომ გინდა თუ არა სანქციები დაემუქრება საქართველოს, სანქციები დაემუქრება დეპუტატებს და ა.შ და ა.შ.
პირველ რიგში, მინდა მოგახსენოთ ის, რომ სუვერენული ქვეყნის საკანონმდებლო საქმიანობა არცერთი საერთაშორისო სტანდარტით არ ექვემდებარება არანაირ სანქცირებას.
და მეორე, ეს კანონი არ არის მიმართული, მათ შორის, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობის წინააღმდეგ. არ ეხება ეს კანონი არანაირად ამ ურთიერთობის არცერთ ასპექტს. გამომდინარე აქედან, ამ ვითარებაში, სანქციებზე საუბარი არის კონტრპროდუქტიული ამ ურთიერთობისთვის და რაც მთავარია, დამაზიანებელია ამ ურთიერთობისათვის და შედის სწორედ იმათ ინტერესებში, ვისაც არ მოსწონს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.