იაგო ხვიჩია: მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე ჩვენი ხელმოწერა არ ექნება

იაგო ხვიჩია: მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე ჩვენი ხელმოწერა არ ექნება

მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც „გირჩის“ პოზიციას ეწინააღმდეგება.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის რამენაირად ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ კოლეგებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება ჩვენს შეერთებას, ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით და, ფაქტობრივად, გუშინ ვნახეთ ბოლო დოკუმენტი, რაც არის. ამიტომ ვთავაზობთ, გნებავთ, ხელმომწერებს, გნებავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავიწყოთ დისკუსიები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. არის პუნქტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, მოგვწონს და პრობლემა არ გვაქვს. არის პუნქტები, სადაც შეკითხვები გვაქვს და დავსვამთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს. ჩვენი მოსაზრებები შესაბამისობაში თუ იქნება სხვების ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, ამ დოკუმენტზე არც ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არმოწერის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.