მოცემულობას, რომელიც ცალკე პრემიერის, ცალკე პარტნიორების შეთავაზების თვალსაზრისში მოიაზრებოდა, პრეზიდენტი პასუხობს ამ ნაგლეჯი ქაღალდით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან, რომელსაც ქვეყნის პროგრესი, წინსვლა არაფრად აღელვებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს.
„ბატონო გიორგი, იმ მოცემულობაში, როდესაც რამდენჯერმე გაჟღერდა ცალსახად შემდეგი შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე ქვეყნის მეგობრების მხრიდან, აქ ჩამობრძანებული შეერთებული შტატების მაღალჩინოსანმა ასევე ნახა კონკრეტული რესურსი იმ მოცემულობაში, რომ ვეტო ყოფილიყო გამოყენებული არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში გარკვეული მსჯელობის პლაცდარმად, როდესაც ევროკავშირის კონკრეტული ხელმძღვანელი პირები უკავშირდებიან ქვეყნის ხელისუფლებას, ცალკე პრეზიდენტს, ცალკე მთავრობას და გარკვეული მოლაპარაკებების რესურსს ისინიც მოიაზრებენ ვეტოს ფარგლებში, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ზეპარტიული ქვეყნის გაერთიანებაზე, საზოგადოების შეთანხმებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი როგორ იქცევა ასეთ შემთხვევაში? ის სრულიად უარგუმენტო, ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილ, მშრალ, არაფრისმთქმელ და რიგ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ აი, ამ რაღაც ნაგლეჯ დოკუმენტს უგზავნის პარლამენტს თუ ამ სტატუსის მატარებელი ხელისუფალი, იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ მოახდინოს ამ პლაცდარმის გამოყენება, გაუგზავნოს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები? ვერავინ ვერავის დააჯერებს, რომ არსებობს ქვეყანაზე ისეთი კანონი, თუ ის არ მოგწონს, მისი გაუმჯობესება არ შეგიძლია. ეს არის გამორიცხული ამბავი და ტყუილი.
ამ მოცემულობაში, როდესაც პრეზიდენტი ასეთ საქციელს ჩადის და მისი გადასახედიდან, ის ფაქტობრივად საკუთარ თავს აქცევს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩიხში, მაგრამ ამ მოცემულობას, რომელიც ცალკე პრემიერის შეთავაზება, ცალკე პარტნიორების შეთავაზების თვალსაზრისში მოიაზრებოდა, ამ ყველაფერს პასუხობს ამ ნაგლეჯი ქაღალდით, რომელიც თქვენ ახლა, მაპატიეთ ამ შეფასებისთვის, მაგრამ, წაიკითხეთ. ეს მოცემულობა რაზე მეტყველებს, ეს ნაბიჯი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს ზეპარტიული, ქვეყნის პროგრესზე და საზოგადოების შეთანხმებაზე ორიენტირებული პრეზიდენტი თუ ჩვენ საქმე გვაქვს, მაპატიეთ, მაგრამ, რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან? ოპოზიციის ხელმძღვანელთანაც არა, რიგით რადიკალ ოპოზიციონერთან, რომელსაც ქვეყნის პროგრესი, წინსვლა არაფრად აღელვებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო.