გურამ მაჭარაშვილი ენტონი ბლინკენის ინიციატივაზე: გვეუბნება, „ჩვენ გამჭვირვალობა გვჭირდება, თქვენ არო“ - ამაზე მეტი, გარდა ომის გამოცხადებისა, აღარაფერი დარჩა

გურამ მაჭარაშვილი ენტონი ბლინკენის ინიციატივაზე: გვეუბნება, „ჩვენ გამჭვირვალობა გვჭირდება, თქვენ არო“ - ამაზე მეტი, გარდა ომის გამოცხადებისა, აღარაფერი დარჩა

„ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ 1960-იანი წლების შემდეგ თქვა უარი“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ასეთი ტიპის ზეწოლა და მუქარა უკვე არაა გასაკვირი.

მისი შეფასებით, მსგავსი მიდგომის საფუძველზე დასტურდება, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას, რადგან დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იცავს.

„კანონმდებელს ეუბნები, რომ დაასანქცირებ მას და მისი ოჯახის წევრებს იმისთვის, რომ კანონს იღებს - მაშინ, საქართველოს პარლამენტი საერთოდ გავაუქმოთ. ოჯახის წევრების დასანქცირებასა და ბულინგზე საბჭოთა ხელისუფლებამ 1960-იანი წლების შემდეგ თქვა უარი. გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი არ გჭირდებათ. ხალხი გამოუშვეს, ვინც გვილანძღა ოჯახი და მართლმადიდებლობა. გვეუბნება, „ჩვენ გამჭვირვალობა გვჭირდება, თქვენ არ გჭირდებათ“ - ამაზე მეტი, გარდა ომის გამოცხადებისა, აღარაფერი დარჩა და ამის ფონზე, პრეტენზია გქონდეს, რომ დემოკრატიული ქვეყანა ხარ და საქართველოსთან პარტნიორობა გინდა, ვინ დაიჯერებს?!

ჩვენ სამწუხაროდ, არ გვიკვირს ჩვენზე ზეწოლა, მაგრამ ასეთი ტიპის არა მხოლოდ მუქარა, არამედ შეურაცხყოფანარევი მუქარა, ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, როცა დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვიცავთ და მერე მეორე, ე.ი ის ხალხი ვინც ამას აკეთებს, უკვე დგას იმ გზაზე, რომელზეც იდგა თავის დროზე ფაშიზმი და საბჭოთა რეჟიმი. როგორ დაასრულეს მათ ეს ყველაფერი, ისტორიამ ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.