თელავის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულ, კერძო საკუთრებაში მოქცეულ ექვსი მიწის ნაკვეთს ქარსაფარი ზოლის სტატუსი მიენიჭება

თელავის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულ, კერძო საკუთრებაში მოქცეულ ექვსი მიწის ნაკვეთს ქარსაფარი ზოლის სტატუსი მიენიჭება

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან ახორციელებს. ინვენტარიზებულ ფართობებზე ხდება საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა კერძო საკუთრებაში მოქცეული ყოფილი ქარსაფარი ზოლების ტერიტორიები. თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში, სააგენტოსთან თანამშრომლობის და მოლაპარაკებების ფორმატში, 6 ერთეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ თანხმობა განაცხადა, რომ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს მიენიჭოს ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის სტატუსი და დარეგისტრირდეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ქარსაფარი ზოლის სისტემის განვითარება სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა,  რაც მათ აღდგენა/გაშენებას ნიშნავს. აღნიშნული პროცესი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ჩატარებულია ინვენტარიზაცია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფრებისთვის სტატუსის მინიჭებაზე კერძო მესაკუთრეებთან თანამშრომლობა.

2021-2023 წლებში შვიდ მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებულია 3990.67 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი. ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის და კერძო საკუთრებაში მოქცეული ქარსაფარი ზოლების მესაკუთრეებთან  შეთანხმების პროცესი გრძელდება.