ქართული სახელმწიფოებრიობის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების განსაზღვრების შესახებ

ქართული სახელმწიფოებრიობის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების განსაზღვრების შესახებ

სოლიდარობას ვუცხადებ ბატონი მჭედლიშვილის მიერ გამოჩენილ ინიციატივას პარტიის ჩამოყალიბების შესახებ, თუმცა მე პრიორიტეტს პრინციპულად ეროვნულ-საგანმანათლებლო კუთხით მოღვაწეობას ვანიჭებ, რამეთუ ვფიქრობ, რომ ერში თავისი თავის მოვლა-პატრონობის კულტურაა აღსადგენ-ასამაღლებელი, რის გარეშეც ყველა პარტია ერთი ნიშნით იქნება დადაღული - მსახურება არა სამშობლოს წინაშე, რაც არის ერის გაერთიანების უპირველესი პირობა, არამედ მსახურება თითოეული მონაწილისა საკუთარი თავის წინაშე, რაც არის ერის განთითოებულობის საფუძველი.

ამიტომაც, წინამდებარე წერილი ეძღვნება ქართული საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის თემას, რომელის ჩამოვაყალიბე გარკვეული ფორმით.

თუ იგი რამენაირად შეიტანდა გარკვეულ წვლილს თქვენს წამოწყებაში, დიდად მოხარული ვიქნებოდი.

იგი წარმოდგენილი მაქვს გარკვეული კითხვარის სახით, რაც გულისხმობს აგორას პრინციპით მის გორაობას პატივცემული საზოგადოების მიერ მანამდე, სანამ იგი არ მიიღებს იმ სახეს, რომელის ქართველი ერის თვითიდენტიფიცირების პროცესს საფუძვლად დაედებოდა.

მე მივმართავდი პატივცემულ საზოგადოებას, შესაბამისი მიმართულებით მოღვაწე მეცნიერებს, ყველას, ყველას, ვისაც გული უძგერს სამშობლოსათვის - თუ რამე სიკეთის ქმნა გვინდა ჩვენი სამშობლოსთვის, უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია და ჩამოსაყალიბებელია ის ღირებულებათა სისტემა, ის პრიზმა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ჩვენ, ქართველ ხალხს, გაგვეერთიანებინა ჩვენი ძალისხმევა ამ უაღრესად კეთილშობილური მიზნის მისაღწევად.

ამხელა საქმის დაწყებას და წარმატებით განვითარებას, თანაც სახსრების გარეშე, დიდი სულიერი ძალისხმევა, საკუთარ ინტერესებზე მაღლა დადგომა და, რაც მთავარია, როგორც ინტელექტუალური, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით ნამდვილად მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.

იმედი მაქვს მოვლენების წარმატებული განვითარებისა, რომელში გარკვეული წვლილის შეტანის მცდელობად შეგიძლიათ მიიღოთ ქართული სახელმწიფოებრიობის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების შესახებ წინამდებარე წერილი.

პირველი ნაწილი - ქართული სახელმწიფოებრიობის ერთიანობის კონცეპტუალური საფუძვლების შესახებ

მსოფლმხედველობრივი ფორმირების პროცესის შესახებ

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ბოლო ხანებში კულისებში მდგარი უხილავი რეჟისორის მიერ თვალშისაცემი მიზანდასახულობით ხდება ქართული ტრადიციული კულტურული ღირებულებებისა და ლიბერალური ღირებულებების მატარებელ მოქალაქეთა შორის დაპირისპირების პროვოცირება.

ისიც აშკარაა, რომ მთავარი ჩანაფიქრი და მიზანი ამ უხილავი რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლისა (რომელიც, უნდა ვივარაუდოთ, დიდ დროში გათვლილ მრავალსერიან ქმედებას გულისხმობს ვითარების მიხედვით თავისი გაგრძელებებით), არის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ზოგადად, ქართულ ტრადიციულ კულტურასა და ქართულ სულიერ ღირებულებათა სისტემაზე შეტევა.

ძალთა ჭიდილში ქართული ეროვნული ღირებულებების სასარგებლოდ ვითარების გარდატეხა ახალი ხელისუფლების პირობებში ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის თვალსაზრისით უდიდეს სტრეტეგიულ მნიშვნელობას იძენს.

როგორი იდეოლოგიის ნიშნით დაიბეჭდება ახალ ეპოქაში ქართული სახელმწიფოებრიობა - ტრადიციული ქართული თუ ლიბერალური?

ეს კითხვა ტოლფასია შემდეგი კითხვისა: შეინარჩუნებს თუ არა ახალ ეპოქაში ქართული ეთნოკულტურული თვითმყოფადობა თავის თავს თუ გადაგვარების გზას დაადგება მის საბოლოო ასიმილირებამდე?

აქ სასწორის ორ პინაზე ძალთა თანაფარდობა ასეა განაწილებული:

სასწორის ერთ მხარეს, ბუნებრივია, იმყოფება ქართველი ერი, აღზრდილი ოჯახში, სამეზობლოში, სანათესაოში, ანუ იქ, სადაც ყველანაირი ურთიერთობები, რომლებიც არსებობენ ქართულ სინამდვილეში, განსაზღვრულნი არიან ტრადიციული ღირებულებებით.

ასევე, ბუნებრივია, რომ იგივე პოზიციას გამოხატავს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომელიც როგორც ისტორიული, ისე კულტუროლოგიური თვალსაზრისით წარმოადგენს ქართველი ერის მეობის განმსაზღვრელ ინსტიტუტს.

თავისი ბუნებიდან გამომდინარე (რამეთუ იგი მოწოდებულია იყოს ქართველი ერის ნების გამომხატველი) ასევე ბუნებრივი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაც ამასთან დაკავშირებით, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით კონკრეტულად არ არის ჩამოყალიბებული.

სასწორის მეორე მხარეს ამოჩნდნენ დასავლეთის გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ განვაზოგადებთ ევროპარლამენტის ელჩების მიერ ლგბტ-ს აქციის ღია მხარდაჭერის ფაქტს, აგრეთვე, დასავლურ სახელმწიფოთა პოლიტიკური ელიტები. ქართული პოლიტიკის დასავლეთის მიერ შექმნილი და მხარდაჭერილი ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან რესპუბლიკელები (პირადად მე ჯერ-ჯერობით არ გამიგონია, რომ ალასანიას პარტიას ამ საკითხებთან დაკავშირებით დაეფიქსირებინოს თავისი პოზიცია).

ფაქტობრივად, სასწორის მეორე მხარეს არიან ქართული საზოგადოების თითზე ჩამოსათვლელი წევრები, რომლებიც, აშკარაა, სრულიად არ გამოხატავენ ქართველი ერის ნებას და რომ არა გარკვეული გეოპოლიტიკური ძალების ფინანსური, მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა, ქართულ სინამდვილეში მათ არსებობას არავითარი საფუძველი არ ექნებოდა.

მსოფლმხედველობრივი განსაზღვრულობის თვალსაზრისით ხელისუფლების აზრი და სახე ჯერ დეკლამირების დონეს არ გასცდენია, (ბატონი ივანიშვილი (არავინ არ იცის, კონიუნქტურიდან თუ თავისი პიროვნული შეხედულებებიდან გამომდინარე) ერთნაირი თავდაჯერებულობით აძლევს აქეთ ქართველ ერს მისი ეროვნული ღირსებისა და ტრადიციების აღდგენის იმედს, იქით დასავლეთს აიმედებს ლიბერალური ღირებულებების (მხედველობაში მაქვს ლგბტ-ღირებულებები. ვ.კ.) ქვეყანაში დანერგვის პროცესის წარმატებით ჩატარების შესაძლებლობის შესახებ, ხოლო ქართველი ხალხის პრინციპულ პროტესტს მათ მიმართ იმით ხსნის, რომ «ქართველი ერი ჯერ-ჯერობით არ არის მზად მათ მისაღებად).

ამიტომ, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ცხრა წლიანი საშინელი დიქტატურის შემდეგ ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების რეალური სახის ფორმირების პროცესი ა ხ ლ ა მიმდინარეობს და ამ პროცესის განვითარების მიმართულებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მმართველობა ჩამოყალიბდება საქართველოში - დემოკრატიული, გამომხატველი საქართველოს მოსახლეობის ნებისა, თუ ისევ ძალმომრე და დამთრგუნველი, რომელიც ლიბერალური ღირებულებების ნიღაბაფარებული ისევ ხალხის ნების საწინააღმდეგო ქმედებას განაგრძობს, რომლის მიზანიც იქნება არა ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს განვითარება და აღმავლობა, არამედ საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ დასავლეთის სახელმწიფოთა ინტერესების დაცვა.

(სამწუხაროდ, ჩვენი, ქართული საზოგადოების მიმართ დასავლეთის ამგვარი დამოკიდებულება არის უპირველესი მაჩვენებელი იმისა, რომ იგი განიხილავს საქართველოს და მის მოსახლეობას არა როგორც სუბიექტს, რომელთან მოლაპარაკებაც იქნებოდა მისთვის უმთავრესი მიზანი, არამედ როგორც ობიექტს, ანუ როგორც მასალას, რომლისთვისაც სასურველი ფორმის მიცემაა მისთვის უმთავრესი მიზანი, რის მიღწევასაც ის ცდილობს ათასგვარი მანიპულირებების საშუალებით, რისი მხილველებიც ჩვენ ვართ.

ისტორიულად დამოკიდებულების ამგვარივე ხასიათი გასდევს რუსეთის ქმედებებსაც.

ამიტომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს მოტივაციას უნდა წარმოადგენდეს მიზანი, რომ როგორმე ყურადღების ობიექტიდან პარტნიორული ურთიერთობის სუბიექტად გარდავიქცეთ, როგორც რუსეთის, ისე დასავლეთისთვის).

პრინციპში, ჩვენს ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ხელისუფლებისა და სახელმწიფოებრივი მმართველობის ამა თუ იმ მოდელის მსოფლმხედველობრივი საფუძვლების ჩამოყალიბებისა და მათი ცხოვრებაში დამკვიდრებისათვის.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოებრიობის მსოფლმხედველობრივი ფორმირების პროცესი, რომელზედაც პირდაპირ არის დამოკიდებული როგორი დემოკრატია იქნება საქართველოში - ისევ ფასადური თუ ჭეშმარიტად ქმედითი და მოქალაქეების ნების გამომხატველი?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ქართული მხარის ფორმირების აუცილებლობის შესახებ

ლიბერალურმა მხარემ დიდი ხანია განაცხადა თავისი პრიორიტეტების შესახებ. მათი პოზიცია გასაგებია - ძირითადი ორიენტირია დასავლური სტანდარტი, რომელთან მიმართებაშიც, მათი აზრით, ქართული ტრადიციული ღირებულებები, დაკავშირებული მართლმადიდებლობასთან, არის ჩიხი, რომელიც არ აძლევს ქართულ სახელმწიფოებრიობას დასავლურ კულტურასთან ინტეგრირების საშუალებას. ამიტომ, საჭიროა ქართული მენტალიტეტის ლიბერალიზაცია, ხოლო ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უნდა გაუთანაბრდეს საქართველოში მომქმედ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და იყოს მათ მსგავსად მხოლოდ იმათთვის, ვინც ეკლესიაში შევა და არა სრულიად ქართველი ერისათვის.

პირადად ჩემი (და, ასევე, ჩემის აზრით, სრულიად ქართველი ერის) აზრი და პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოებრიობის სულიერი ხერხემალი, ხოლო საკითხის ამგვარი ფორმულირება გულისხმობს საერთაშორისო ლიბერალური ძალების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განახორციელონ ქართულ ეთნოკულტურულ თვითმყოფადობაზე გენერალური დარტყმა ეროვნული ცნობიერების ხერხემალში საბოლოოდ გადატეხვის მიზნით, რაც, პრინციპში, ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მომდინარე ომში ქართველი ერის უიარაღოდ დატოვების ტოლფასი მოვლენაა და ნამდვილად ნიშნავს ქართველი ერის გაწირვას სრული გადაგვარებისათვის.

შეტევა ქართულ სულიერ ნაგებობაზე მოწინააღმდეგეთა მიერ უკვე დაწყებულია, რისი მიზანიც არის ხელისუფლების, მმართველობისა და საკანონმდებლო ბაზის მათი «მსოფლმხედველობის» მიხედვით გაწყობა.

შეტევის მომზადების ხარისხზე მეტყველებს თუნდაც იმ ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიმრავლე, რომლებიც ამ მიზნებისათვის სპეციალურად არიან შექმნილნი.

ყველაზე დიდად სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დამოკიდებულებაში იჩენს დაუდევრობამდე მისულ არაორგანიზებულობას, რაც აღნიშნულ ვითარებაში წარმოადგენს უკვე არა თუ შეცდომას, არამედ დანაშაულს.

დღემდე არ არსებობს ქართული მხარე, რომელიც ამ ჭიდილში თავის პოზიციას კოლეგიალურად დააფიქსირებდა.

გარდა ზოგადი კულტურული ორიენტირებისა დღემდე არ არსებობს მწყობრად ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობრივი ხასიათის დოკუმენტი ქართული სახელმწიფოებრიობის აღშენების პრინციპებისა და ორიენტირების შესახებ, რომლის გარშემოც ერი და ბერი გაერთიანდებოდა და რომელიც მისცემდა ჩვენს საზოგადოებას კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების უწყვეტ და თანამიმდევრულ პროცესს.

საიტი ფორ-ჯის აუდიტორიას მოგეხსენებათ, ოთხ-ხუთ თვიანი პერიოდის განმავლობაში დაწყებული დეკემბრის თვიდან ეს თემა ხსენებული საიტის გვერდებიდან წერილების სერიის სახით წამოვწიე, რომლის გაგრძელებასაც კონკრეტულად ეს წერილიც ემსახურება.

ჩემი მიზანი, როგორც მაშინ, ახლაც წარმოადგენს მცდელობას, რომ ადგილობრივ აუდიტორიასთან ერთად როგორმე ავაგოროთ ხსენებული თემის შესახებ მსჯელობა, რომელსაც იქნებ როგორმე შემოუერთდეს საიტის მიღმა მდგარი აუდიტორიაც.

წინამდებარე ნაშრომი ამავდროულად მისადაგებულია ჩვენს საზოგადოებაში პროვოცირებული ზემოთ ხსენებული მსოფლმხედველობრივი დაპირისპირებულობის მდგომარეობას, და წარმოადგენს შეთავაზებას საზოგადოებისათვის აღნიშნული დაპირისპირება გადაყვანილ იქნას ქუჩიდან მრგვალ მაგიდასთან, სადაც შესაძლებელი გახდება მშვიდი და კეთილგონიერი მსჯელობა ჩვენი ერისათვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანის გადაწყვეტის შესახებ.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ აუცილებელია ქართული სახელმწიფოებრიობის მსოფლმხედველობრივი ფორმირების პროცესთან დაკავშირებული დაპირისპირება აუცილებლად გადავიდეს ქუჩიდან მრგვალ მაგიდასთან, რაც ნამდვილად მისცემდა ჩვენს საზოგადოებას მაქსიმალურად გაცნობიერებული არჩევანი გაეკეთებინა?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ქართული კონფლიქტი - საერთაშორისო საზოგადოების მსოფლმხედვრლობრივი კოლიზიის გამოვლინება

საყოველთაოდ ცნობილია საერთაშორისო ასპარეზზე ჩასახული და უფრო და უფრო მზარდი მსოფლმხედველობრივი კოლიზიის შესახებ ცხოვრების წესის ტრადიციულ მიმართულებასა და, ეგრეთ წოდებულ, ლიბერალურ მიმართულებათა შორის, რომელიც, როგორც პოლიტიკური კურსი და მოდელი, საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილია მულტიკულტურალიზმის სახელით.

საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ, საერთოდ, მსოფლიოში და ახლა უკვე დასავლეთ ევროპაშიც მულტიკულტურალიზმმა, როგორც ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების განმსაზღვრელმა მოდელმა, კრახი განიცადა, რის შესახებაც მაღალი ტრიბუნებიდან უკვე განაცხადეს ევროპული ცივილიზაციის ფლაგმანი სახელმწიფოების - გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის - მეთაურებმა - ანგელა მერკელმა და კემერონმა. (იხილეთ გიორგი მჭედლიშვილის შესაბამისი სტატია საიტზე for.ge).

შესაბამისად, საყოველთაოდ ცნობილია, აგრეთვე, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარი ეპოქალური ამოცანა, ჩამოყალიბდეს ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების ისეთი უნივერსალური კონცეპტუალური საფუძველი, რომელიც მულტიკულტურალიზმის კრახის შედეგად მსოფლიო ცივილიზაციის წიაღში გაჩენილ მსოფლმხედველობრივ კოლიზიას დააბალანსებდა საერთაშორისო ცხოვრების ყველა მონაწილის სასარგებლოდ და საკეთილდღეოდ.

ბუნებრივია, დავასკვნათ, რომ საქართველოში ტრადიციულ და ლიბერალურ ღირებულებებს შორის კინფლიქტიც წარმოადგენს საერთო მსოფლიო გლობალური მსოფლმხედველობრივი კოლიზიის ერთ-ერთ ლოკალურ გამოვლინებას, რაც ასევე ითხოვს შესაბამის კონტექსტში მის გააზრებას.

ქართულმა მხარემ (რომელიც, როგორც ერთ მსოფლმხედველობრივ პლატფორმაზე მდგარი და მკვეთრად განსაზღვრული მთლიანობა, დღემდე არ არსებობს და აუცილებლად უნდა შეიქმნას კი!) უნდა ჩამოიყალიბოს თავისი პოზიცია და გაამყაროს ის ისეთი დასაბუთებულობით, რომელიც უეჭველი იქნება ქართული საზოგადოების თითოეული წევრისათვის.

ჩემის აზრით, ქართული მხარე მიდრეკილი უნდა იყოს არა დაპირისპირებისა და არსებული კოლიზიის უფრო მეტად გაღრმავებისა და დრამატიზირების მიმართულებით, რომლის შედეგიც ყოველთვის სავალალოა და არასასურველი მცირერიცხოვანი ერებისათვის, არამედ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყოველ წევრთან ურთიერთ თანამშრომლობის მიმართულებით, რომლის ერთ-ერთ სრულფასოვან წევრსაც თავადვე წარმოადგენს.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმოქმნილი კოლიზია ორ მსოფლმხედველობრივ ძალას შორის წარმოადგენს იგივე ხასიათის საერთაშორისო მასშტაბის კოლიზიის სარკისებურ ასახვას, რაც, ბუნებრივია, ითხოვს საკითხის გადაჭრას საერთაშორისო კოლიზიის გათვალისწინებით და არა როგორც რეგიონალურ-ადგილობრივი მოვლენა?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ქართული მართლმადიდებლური კულტურა, როგორც გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოების მსოფლმხედველობრივი კრიზისიდან

ჩემის აზრით, ტრადიციული ქართული მხარის მიზანი შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს:

საქართველოში აგორებული დაპირისპირების ფონზე ქართული მხარე ვალდებულია შემოქმედებითი პოტენციალის საყოველთაო მობილიზების შედეგად დაუსაბუთოს საერთაშორისო საზოგადოებას სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე პოზიცია, ვიდრე ეს წარმოდგენილია ლიბერალური მხარის მიერ გამოხატული პოზიციაში. კერძოდ:

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და ქართული მართლმადიდებლური კულტურა წარმოადგენს არა ჩიხს, რომელშიც თითქოს და შეჰყავს მას ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული განვითარების პროცესი, არამედ, პირიქით, წარმოადგენს ჭეშმარიტად პოზიტიურ მოვლენას თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო ჩამოყალიბების პროცესში, რამეთუ შეუძლია არა თუ ხელი შეუწყოს საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, არამედ შესთავაზოს კიდეც საერთაშორისო საზოგადოებას ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების ისეთი მოდელი, რომელსაც უნარი ექნებოდა მულტიკულტურალიზმის კრახის შედეგად წარმოშობილი მსოფლიო მასშტაბის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება კრიზისის მდგომარეობიდან გამოეყვანა.

ეს იქნებოდა ნამდვილად პროგრესული მოვლენა საერთაშორისო საზოგადოების მასშტაბითაც, რამეთუ ერთნაირად მისაღები იქნებოდა როგორც ევროპის ქვეყნების - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ასე შემდეგ, ასევე რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისათვის.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი, ქართული მხარისთვის შესაძლებლობას შესთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებას არსებული მსოფლმხედველობრივი კრიზისიდან გამოსავალი, ქართული საზოგადოების განვითარებისათვის წარმოადგენს სტრატეგიული დანიშნულების ამოცანას?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

რამოდენიმე სიტყვა ცნება ქართველობის, როგორც ღირებულებითი ხასიათის მოვლენის დაფიქსირების შესახებ

თუ რა დიდი ძალა აქვს ქართული მართლმადიდებლური კულტურის არსებობას, იქიდანაც ჩანს, რომ ნებისმიერი უცხო ტომელი, იქნება ის საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის წინ ჩამოსახლებული ებრაელთა თემი, თუ თურქთაგან თავიანთი სამშობლოდან გამოყრილ და საქართველოს ტერიტორიაზე ჩასახლებულ სომეხთა, თუ საქართველოს მიწაზე ათასი შემოსევების შედეგად საცხოვრებლად დარჩენილ აზერბაიჯანელთა, თუ მეოცე საუკუნის პირველ მესამედში საქართველოში შემოსულ იეზიდთა ტომები, მნიშვნელობა არა აქვს - უკვე მეორე-მესამე თაობაში განიცდიან ქართული კულტურის არა ნეგატიურ გავლენას, რომელიც მათ თავიანთი ეროვნული ფესვებიდან მოწყვეტდა და ასიმილირებამდე მიიყვანდა, არამედ პოზიტიურ გავლენას, რაც, როგორც შედეგი, მდგომარეობს მათ მიერ თავიანთი თავების ღირებულებითი თვალსაზრისით უფრო მეტად შეცნობაში.

ღირებულებითი მსოფლაღქმის თვალსაზრისით საქართველოში დაბადებული და გაზრდილი სომეხი განსხვავდება სომხეთში დაბადებული და გაზრდილი სომეხისაგან, საქართველოს იეზიდი - სომხეთში დაბადებული და აღზრდილი იეზიდისაგან, საქართველოს აზერბაიჯანელი - აზერბაიჯანში დაბადებული და აღზრდილი თანამემამულისაგან, საქართველოში მცხოვრები რუსი - რუსეთში მცხოვრები რუსისაგან, ქართველი ებრაელი - ისრაელში ან სხვა ქვეყანაში დაბადებული და გაზრდილი ებრაელისაგან და ასე შემდეგ. და სახასიათო ის არის, რომ თითოეული მათგანი თვლის, რომ ეს განსხვავება არის მისთვის პოზიტიური და არა ნეგატიური ნიშნის მქონე მოვლენა.

მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ სასაუბრო კილოკავს, დამახასიათებელს ამა თუ იმ ეთნოკულტურული თვითმყოფადობებისათვის, რაც, სავსებით ბუნებრივია. საუბარი მაქვს მსოფლაღქმის შესახებ, რომელიც ახდენს სასწაულს იმ გაგებით, რომ ზოგადადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით ებრაელი საქართველოში უფრო მეტად ებრაელი ხდება, იეზიდი უფრო მეტად იეზიდი, სომეხი უფრო მეტად სომეხი, აზერბაიჯანელი უფრო მეტად აზერბაიჯანელი და ა.შ.

ამგვარი მოვლენის, როგორც ფაქტის არსებობის შესახებაც დაგვიდასტურებს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელი - ებრაელიც, სომეხიც, რუსიც, ოსიც, აზერბაიჯანელიც, ქურთიც.

მათ მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თავიანთი თანამემამულეების აღქმა ერთნაირად სპეციფიურია.

(მახსენდება გიზო ნიშნიანიძის წიგნიდან “პაემანი ვერაზე” ფრაგმენტი იმის შესახებ, თუ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ისრაელში ებრაელთა ჩადინების შემდეგ ადგილობრივმა ებრაელებმა როგორ გამოუხატეს გაკვირვება საქართველოდან ჩასულ ქართველთა დელეგაციას:

რა უქენით თქვენ, ქართველებმა ისეთი ქართველ ებრაელებს, რომ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ ებრაელთა შორის მხოლოდ ეგენი მისტირიან თავიანთ სამშობლოს და ცხოვრებითაც იმ ცხოვრების წესით აგრძელებენ ცხოვრებას, რასაც საქართველოში ეზიარნენო).

ეჭვი არ მეპარება, იგივეს მომქმედი და განმცდელია ნებისმიერი საქართველოში მაცხოვრებელი ერის წარმომადგენელი, საქართველოში ცხოვრების შემდეგ მოხვედრილი თავის ისტორიულ სამშობლოში.

შთამბეჭდავი სურათი დაიხატა ამ მხრივ საქართველოდან რუსეთში ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსახლეობის მასობრივი გადინების შედეგად, რომლის თვითმხილველი და ერთ-ერთი მონაწილეც თქვენი მონა-მორჩილიც გახლავართ.

რომ განახათ, საქართველოდან გამოსული არაქართველი მოსახლეობის თითოეული წარმომადგენელი მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილებისა, როგორ მოსტირის ქართულ გარემოს, თანაც აზროვნებისა და განცდის ისეთივე სპეციფიურობით, როგორც ეს ქართველს ახასიათებს. თანაც ქართველს უხსნის სიყვარულს მისი კულტურის წიაღში ჩაქსოვილი იმ ნათელი იდეალების მიმართ, რომლის ანალოგიც არსად არ მოიძებნება.

ამ მხრივ თითოეული მათგანი ქართველობის ბეჭდით ერთნაირად არის დაბეჭდილი.

მე აქ, რუსეთში ცხოვრებისას შევეხალე არანაკლებ საინტერესო ფენომენსაც:

მიუხედავად პოლიტიკოსთა მიერ რუსებსა და ქართველებს შორის დაპირისპირების ორათეულწლიანი მცდელობისა, იგრძნობა უზარმაზარი პატივისცემა ქართველთა მიმართ - იქ, სადაც ქართველს გაუვლია, მისთვის დამახასიათებელი კვალი დაუტოვებია, რომელიც მის მხილველთა მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩენილა.

ჩვენი მიზანია გავარკვიოთ წარმომავლობა იმ ღვთიური ბეჭედისა, რომელიც, ერთის მხრივ, ასეთი ძალით ატყობს თავის ანაბეჭდს საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ეთნოკულტურულ თვითმყოფადობაზე, მიუხედავად მისი წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილებისა, ხოლო, მეორეს მხრივ, ჩირაღდანივით უნათებს გზას «ამ ქართული ბეჭდით დაბეჭდილ» ნებისმიერი ეროვნებისა და კონფესიის მქონე ადამიანს.

ამის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ ბევრი საქართველოში გაზრდილი არაქართული წარმომავლობის ადამიანი აქ, უცხოობაში კითხვაზე «რა ეროვნების ხარ» თავისდაუნებურად პასუხობენ “ქართველი” და ამაში არის სიმართლის დიდი წილი, რამეთუ ქართველობა განიხილება მათ მიერ უკვე არა როგორც ეთნიკური, არამედ როგორც კულტურული მოვლენა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ მსოფლმხედველობას, გარკვეულ ქცევის ნორმებს, აზროვნების გარკვეულ სტილსა და გარკვეულ ემეოციონალურ მდგომარეობას და რომლის მატარებლადაც მას თავისი თავი მიაჩნია.

მე ამ მიმართულებით აზროვნების განვითარებით სრულებით არ ვამცრობ სხვა ერების ღირსებას, რამეთუ ვთვლი, რომ ნებისმიერი ერი, შემქმნელი თავისი თავისა, არის დიადი. მე უბრალოდ, მინდა მკითხველის ყურადღება მივაპყრო იმ მოვლენას, რომლის არსებობასაც რეალურად აქვს ადგილი საყოფაცხოვრებო სინამდვილეში.

რაში მდგომარეობს ქართველობა, როგორც სულიერი მდგომარეობა და რას გულისხმობს იგი?

ჩემი მცდელობის მიზანია წამოვწიო მსჯელობა ქართულ მართლმადიდებლურ კულტურაში არსებული იმ იდეოლოგიური რესურსების შესახებ, რომელიც ასერიგად ასულდგმულებს არა მარტო მის მატარებელ ქართველ ერს, არამედ ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობისა და კონფესიის მქონე საზოგადოებას, რომელსაც მოუწიათ მასთან ზიარება, მაგრამ რომელიც ჩვენ, თავად ქართველებს ჯერჯერობით ჯეროვნად ნამდვილად ვერ გაგვიცნობიერებია და ნამდვილად ვერ გაგვიაზრებია.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები არაქართველი მოსახლეობისათვის ქართველობა ხდება სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ის ეზიარება და რომლის მატარებელიც ის ხდება?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

მსოფლმხედველობრივი საფუძვლების ფორმირების ძირითადი მეთოდის შესახებ

იდეოლოგიამ ანუ მოძღვრებამ სულიერი ღირებულებების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს საზოგადოებისათვის ზნეობრივი კანონის სახე, ექცეს საზოგადოებრივი ურთიერთობის განმსაზღვრელ უპირველეს მოტივაციად და, საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედოს ჭეშმარიტად მომქმედ, სახელმწიფოს აღმშენებელ სამართლებრივ კანონს, თუ კი ის ობიექტურად ასახავს იმ პრინციპებსა და წესებს, რომელთა არსებობა-მოქმედებასაც ნამდვილად აქვთ ადგილი საზოგადოებრივი ორგანიზმის შინაგან ბუნებაში.

ამიტომ, იმისათვის, რათა ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები და წესები, რომელიც საზოგადოებისათვის ზნეობრივი კანონის მნიშვნელობას მიიღებდა, აუცილებელია გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ თავად ის პრინციპები და წესები, რომელთა საშუალებითაც საზოგადოების სულიერებაში არსებული შესაბამისი მენტალური სინამდვილე რეალურ რეჟიმში ისედაც ფუნქციონირებს.

ამიტომ, აუცილებელია მსოფლმხედველობრივი განსაზღვრებისა და ჩამოყალიბების პროცესი მთლიანად დავაფუძნოთ ქართული კულტურის კვლევის პროცესსა და შედეგებზე.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი კვლევის მიზანი მდგომარეობს შემდეგში:

იმისათვის, რათა ჩამოვაყალიბოთ ქართული სახელმწიფოებრიობის ღირებულებითი საფუძვლები, საჭიროა:

ა) გამოვიკვლიოთ და განვსაზღვროთ ბუნება «ქართველობისა», როგორც სულიერი მდგომარეობისა, რომლის მოქმედებასაც უხსოვარი დროიდან მოყოლებული დღემდე განიცდის ქართული ეთნოკულტურული თვითმყოფადობა.

ბ) გამოვიკვლიოთ და განვსაზღვროთ ბუნება «ქართველობისა», რომელიც ღირებულებითი თვალსაზრისით ერთნაირად განმსჭვალავს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ეროვნებისა და კონფესიის მატარებელ საზოგადოებებს და, ყველა ნიშნის მიხედვით, წარმოადგენს იმ საერთო მსოფლმხედველობრივ საფუძველს, რომელზედაც არის ასაგები ქართული სახელმწიფოებრიობა.

გ) გამოვიკვლიოთ და განვსაზღვროთ ბუნება «ქართველობისა», როგორც საერთაშორისო საზოგადოების წიაღში არსებული მსოფლმხედველობრივი კოლიზიის ჩიხის მდგომარეობიდან გამოყვანის გზა.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ სულიერ ღირებულებათა სისტემა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს დამაჯერებლად ფორმირებული, როდესაც იგი წარმოადგენს ერის მენტალობაში არსებული რეალობის სარკისებურ ასახვას?

თუ თანახმა ხართ, რატომ?

თუ არა ხართ თანახმა, რატომ?

ქართულ მართლმადიდებლურ კულტურასთან დამოკიდებულების ზღვარის შესახებ

თავიდანვე ვიტყვი, რომ ჩვენს მიერ წამოწეული თემა ქართული მართლმადიდებლური კულტურის შესახებ ჩემს მიერ განიხილება საზოგადოებრივი ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის ღირებულებითი განსაზღვრების ასპექტში და არანაირად არ გულისხმობს მსჯელობის ობიექტად ქრისტიანული დოგმატის ქცევას, რაც ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის არის წმინდა მოცემულობა.

აგრეთვე, არ ეხება განსხვავებული რელიგიების დოგმატს, რამეთუ აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ დებულებით იმის შესახებ, რომ ის, რაც არის სხვისთვის წმინდა, არანაირად არ არის შენთვის მსჯელობისა და განხილვის თემა.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართული მართლმადიდებლური კულტურის კვლევა უნდა წარმოებდეს სამოქალაქო ცხოვრების ღირებულებითი მოწყობის ფარგლებში და არანაირად არ უნდა შეეხოს წმინდა დოგმატს?

თუ თანახმა ბრძანდებით, რატომ?

თუ თანახმა არ ბრძანდებით, რატომ?

ქართული მართლმადიდებლური კულტურის აღნაგობის შესახებ

მაშ, ასე, ჩვენი კვლევის საგანია ქართული მართლმადიდებლური კულტურა, ხოლო მიზანი იმ აზრის დასაბუთება, რომ მართლმადიდებლობა, როგორც ქართული კულტურის ძირითად მახასიათებელი არის ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების არა დამამუხრუჭებელი ფაქტორი, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობს საპირისპირო მხარე, არამედ განვითარებისა და საერთაშორისო გარემოში მისი ინტეგრირების საფუძველი.

მეტიც, ჩვენი მიზანია დავასაბუთოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური კულტურა ფლობს იმ ღირებულებით რესურსს, რომელსაც ძალუძს მსოფლიოში მულტიკულტურიზმის კრახის შედეგად მსოფლმხედველობრივ კრიზისში შესულ საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზოს ერთა და კონფესიათა შორისი ურთიერთობების ისეთი მოდელი, რომელიც თითოეული მათგანისათვის ერთნაირად მისაღები მსოფლმხედველობრივი საფუძველის მნიშვნელობას შეიძენდა.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართული კულტურის შესახებ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ერთი ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა - ქართულ მართლმადიდებლურ კულტურას მსოფლმხედველობრივად განსაზღვრავს ორი ფაქტორი:

ა) ქრისტეს მოძღვრება, რომელიც არის ქართველი ერის სულიერი ცხოვრების მოძრაობაში მომყვანი და ქართული სახელმწიფოებრიობის ერთიანი ტანის შინაგანად შემდუღაბებელი მექანიზმი;

ბ) ქართული ტრადიცია, რომელიც, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, საოცარი ორგანულობით ამკვიდრებს ქრიატიანულ იდეალებს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, რომელიც დაკავშირებულია ქართული სუფრის ტრადიციასთან და იმდენად ძველია და იმდენად ღრმად არის ჩაქსოვილი ქართული წარმომავლობის ფესვებში, რომ მისთვის დამახასიათებელმა მსოფლაღქმამ ჰპოვა ასახვა ქართული ენის, როგორც ძირეულ სიტყვიერ საფარველზე, ისე გრამატიკულ აგებულებაზედაც.

რა კავშირი აქვს მართლმადიდებლურ რელიგიასთან ქართულ ტრადიციას, წარმოშობილს და არსებულს გაცილებით ადრე, ვიდრე თავად უფალი იესო ქრისტე მოევლინებოდა დედამიწას და, შესაბამისად, ვიდრე ქრისტიანობას, როგორც რელიგიას დაედებოდა სათავე?

(ქართული ტრადიციის ასაკის განსაზღვრისათვის:

თუ ვიმსჯელებთ ლონდონის ღვინის მუზეუმში ნომერ პირველ ექსპოზიციად წარმოდგენილი რვა ათასი წლის ხნოვანების ქართული ქვევრის ფრაგენტის მიხედვით, რომელზედაც ღვინის მოლეკულებია შემხმარი, საფუძველი გვეძლევა ვივარაუდოთ, რომ ქართული სუფრის ტრადიციაც შესაბამისად, სულ ნაკლები, იგივე ხნოვანებისა გამოდის. შედარებისათვის, ეგვიპტის პირამიდები ხუთი ათას წელს არ აღემატება.

მაშინ, როდესაც ქრისტიანული რელიგიის ხნოვანება მხოლოდ ორი ათას წელს ითვლის).

რატომ შეინარჩუნა ქრისტიანულმა კულტურამ ქართული ტრადიცია, რატომ იერთსისხლხორცეს, რატომ იგუეს ერთმანეთი და რატომ არის, რომ აგერ უკვე ორი ათასი წელია ქმნიან ისინი ერთ მთლიან ეთნოკულტურულ ორგანიზმს, რომელსაც ქართული მართლმადიდებლური კულტურა ჰქვია?

როგორია ის მთავარი ფორმულა, რომელიც, ახასიათებს რა ქრისტეს მოძღვრებასა და ქართულ ტრადიციას, საყრდენად უდგას ქართული მართლმადიდებელი კულტურის შენობას?

ჩემი წარმოდგენები ქართული კულტურის შესახებ უფრო ვრცლად მაქვს აღწერილი ნაშრომში “ქართული კულტურის კრიტიკისათვის”, ამიტომ ამ დისკუსიის მონაწილე ბატონებს ვურჩევდი საკრიტიკო მასალის უკეთ შეცნობის მიზნით გადაეკითხათ იგი.

ხოლო მე იმისათვის, რათა არ განვმეორდე, პირდაპირ გადმოვიტან ხსენებული ნაშრომიდან შესაბამის თავს თქვენს მიერ განხილვისათვის.

რაში მდგომარეობს ქრისტეს მოძღვრების ძირითადი ფორმულა

(ანუ როგორ არის ასახული ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულება ქრისტეს მოძღვრებაში)

რა სახე მისცა უფალმა იესო ქრისტემ კაცობრიობას იმისათვის, რათა მან მოიწყოს თავისი ცხოვრების წესი ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით და რით განსხვავდება იგი იმ სახისაგან, რომელიც არის ნაგულისხმევი ძველი აღქმის მიერ?

ამოსავალი სახე საზოგადოებრივი ცხოვრების წესის სისწორის განსაზღვრებისა, ჩვენის აზრით, ყველა ქრისტიანისათვის წმინდა წიგნში, ბიბლიაში, როგორც პოზიტიური სააზროვნო ფორმატის შემცველ საღვთო წიგნში, მოცემულია უფალი იესო ქრისტეს მიერ ხალხისთვის და თავისი მოწაფეებისათვის ნათქვამ სიტყვებში:

„თუ გინდა გამომყვე მე, აღიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე“.

ანუ თუ გინდა იცხოვრო სწორი ცხოვრების წესით, ეუბნება უფალი ადამიანს, მაშინ აიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე.

სანამ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს აზრს იმის შესახებ, თუ როგორია ამ სიტყვებში მოცემული სახე ცხოვრების წესისა, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ უფალმა იესო ქრისტემ არა მარტო მიმართა ადამიანებს ჯვარის აღებისა და მის კვალდაკვალ მიდევნების შესახებ, არამედ მან, როგორც ღვთაებრივ ბუნებასთან ერთად ადამიანური ბუნების მქონემაც, მისცა ადამიანებს ამგვარი საქციელის აღსრულების პირადი მაგალითიც – თავადვე უარყო თავი თვისი, თავადვე აიღო ჯვარი თვისი, თავადვე თავისივე მხრებით აიტანა იგი გოლგოთის ფერდობზე და ამ ჯვარზევე ცმული იმ ხალხის მიერ, რომლის ხსნისთვისაც იგი მოევლინა ამ სოფლად, თავადვე აღევლინა ზეცად.

თუ ჩავუკვირდებით როგორც უფალი იესო ქრისტეს მიერ ნათქვამს, ისე მის მიერ მიცემულ მაგალითს, მაშინ შეგვეძლება ასე ვთარგმნოთ შინაარსი სიტყვებისა, რომლითაც მან მიმართა ხალხსა და თავის მოწაფეებს – ადამიანო, თუ გინდა იცხოვრო სწორი ცხოვრების წესით, დადგენილით უფლის მიერ, მაშინ შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა უარჰყო თავი შენი, შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა აიღო ჯვარი შენი, შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა აიტანო იგი შენი ცხოვრების გოლგოთაზე და შენც კვალდაკვალ ჩემდა უნდა ეცვა ჯვარს ისე, როგორც მე ვეცვი, რათა დაიმკვიდრო ცათა სასუფეველი.

გამომდინარე ზემოთ თქმულისა პოზიტიური აზროვნების შესახებ, რომელიც ამკვიდრებს კეთილს ანუ ხატს საზოგადოებრივი ცხოვრების წესის შესახებ, დადებულს უფლის მიერ, ჯვარში იგულისხმება საზოგადოების მიერ კეთილის აღსრულების მისია, ანუ მისია ცხოვრების იმ წესის მიხედვით მოწყობისა, რომელიც არის უფლის მიერ ამ ქვეყნად ადამიანთა საზოგადოებისათვის დადებული.

„აღიღე ჯვარი შენი“ – ნიშნავს, აიღე, ადამიანო, პასუხისმგებლობა სწორი ცხოვრების წესზე, ანუ მისიაზე, რომელიც უფალს შენთვის დაუდგენია.

ანუ მიიღე წმინდა მისია საზოგადოების ცხოვრების წესის შენს მიერ მოვლა–პატრონობისა, რომელიც შენთვის უფალს დაუკისრებია.

ანუ ამ შემთხვევაში ხდება უფლის მიერ ადამიანისათვის მის მიერ აღსასრულებელი მისიის განსაზღვრა.

„უარჰყავ თავი შენი“ – ის, ვინც თავისი ერისა და სამშობლოს მოვლა–პატრონობის პასუხისმგებლობის შეგნებით არის აღვსილი, აღვსილია უანგარობით, რაც, როგორც შედეგი, უპირველესად იძლევა თავისი თავის უარყოფას.

თავისი თავის უარყოფის გარეშე ადამიანის მიერ უფლის წინაშე სამშოლოსა და მშობლიური ერის ცხოვრების წესზე მოვლა პატრონობის პასუხისმგებლობის აღება ყოვლად შეუძლებელია.

აიტანე შენი მხრებით შენი ჯვარი შენი ცხოვრების გოლგოთაზე – ნიშნავს, იცხოვრო ისე, რომ შენი ცხოვრების უპირველეს მოტივაციას წარმოადგენდეს საკუთარი ერისა და სამშობლოს (ანუ მოყვასის) მსახურება, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, როგორც ხორციელი არსება, არის სუსტი და სჩვევია თავისი ვალდებულებების წმინდა ჯვარის მიწაზე დავარდნა, ანუ ამ ვალდებულებების აღსრულების მიმართულებიდან გადახვევა.

ხოლო შინაარსი უფალი იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვებისა „და გამომყევ მე“ გამოხატავს სწორედ იმ არსს, რითაც განსხვავდება ქრისტიანული მოძღვრება მოსეს სჯულისაგან, რომელიც ძველ აღთქმაშია გადმოცემული.

თუ მოსეს სჯულის მიხედვით ადამიანი ადამიანის მიმართ არის განმსჯელი, რასაც გულისხმობს თეზა „კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ“, ქრისტეს სჯულის მიხედვით ადამიანს ეკრძალებს განსაჯოს მეორე ადამიანის საქციელი, როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს იგი.

მისი ვალია უყვადეს მოყვასი თვისი, როგორც უყვარს უფალი თვისი, რამეთუ ადამიანი წარმოადგენს უფლის ხატს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს სამართლებრივ თავგასულობას. ამ მხრივ უფალი იესო ქრისტე იძლევა საზოგადოების მიერ საზოგადოების წევრის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის გამოტანის კანონს.

იგი ამბობს – თუ შენი ძმა არასწორს აკეთებდეს, გაიყვანე შენ იგი ცალკე და უთხარი შენ მას ამის შესახებ. თუ გაიგებს იგი იმ შენიშვნას, რომელსაც შენ ეუბნები მას და გაგებით მოეკიდება, მაშინ შეგიძენია შენ ძმა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაიგებს, მაშინ დაუძახე ორ მოწმეს და მათთან ერთად უთხარი. თუ მაინც ვერ გაიგებს, მაშინ ეკლესიას უთხარი, ხოლო თუ მაშინაც ვერ გაიგებს, მაშინ გამოაცხადე იგი მებაჟედ, ანუ გარიყე საზოგადოებიდან.

ამ სიტყვებში მოცემულია საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლებრივი საფუძვლები, მისი ზნეობრივი სახე. ადამიანი თავად თავისი ცხოვრების ჯვარის თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ატანით ემსახურება უფალს. ადამიანი ცხოვრობს უფალთან მიმართებაში. თუ ვინმა სხვა ადამიანმა დააშავა რაიმე, მაშინ მან დაარღვია კოლექტიური ღვთისმსახურების პროცესი, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია კოლექტივისავე მიერ კოლექტიურად.

რას ნიშნავს სიტყვები „ და გამომყევ მე?“

როდესაც უფალი იესო ქრისტე გააკვრეს ჯვარზე და შეხედა მან ხალხს, რომელთა მსახურებისთვისაც ის მოევლინა ამ სოფლად, თუ როგორ იყო იგი მისი ჯვარცმით კმაყოფილი, არა თუ არ გაბრაზებულა და არ უთქვამს, როგორც ვინმე სულმოკლე ადამიანს მათთვის – ამდენი გემსახურეთ, მაგრამ მაინც ვერა დაგანახეთ რაო, – არამედ მიმართა მამა–უფალს – შეუნდე უფალო, რამეთუ არ უწყიან, თუ რასა იქმან“.

ანუ აღასრულა უპირველესი შეგონებათაგანი, მის მიერვე წარმოთქმული:

გიყვარდეს ღმერთი შენი, გიყვარდეს მოყვასი შენი.

მან, როგორც კაცობრივი ბუნებისამ, აღასრულა თავისი, როგორც უფლის მიერ ნათქვამი მცნებები ადამიანის მიერ სიცოცხლის ბოლომდე თავისი მოყვასის სიყვარულის შესახებ.

ანუ ადამიანის მიერ მსახურება ადამიანისა და საზოგადოების წინაშე არის მსახურება უფლის წინაშე. ერის წინაშე მსახურების სახით ადამიანი უბრუნებს უფალს წმინდა ვალს, რომელიც მას გააჩნია დაბადებითვე ყოველივე იმ სიკეთის გამო, რომელიც უფალმა ადამიანს გაუჩინა ყოველი ღირებულების სახით, რომელიც მას თავის ცხოვრებაში მას ახლავს.

უფალი იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის დროს ნათქვამ სიტყვებში გამოხატულია ის უმაღლესი აზრი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს:

– უფალთან მიმართებაში მცხოვრები ადამიანი, აკეთებს რა რაიმე სიკეთეს ვინმე მეორე ადამიანის ან მთლიანად საზოგადოების მიმართ, ამგვარი ფორმით იგი წმინდა ვალს უბრუნებს უფალს, რაც თავისი არსით წარმოადგენს დასრულებულ ზნეობრივ აქტს. ამგვარი მოტივაციით ადამიანთა მიმართ მოქმედ ადამიანს არ გააჩნია მოთხოვნა, რომ ვინმემ სამაგიერო მოაგოს მას სანაცვლოდ.

მოტივაცია, რომლის დროსაც ადამიანი საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობისას ორიენტირებულია უფალთან მიმართებაში, და განიცდის საზოგადოების მიმართ თავის უანგარო დამოკიდებულებას, როგორც უფლის მიმართ წმინდა ვალის დაბრუნებას, არის უმაღლესი გამოვლინება ადამიანური მისიის აღსრულებისა.

არის სხვა მოტივაციაც, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მონაწილეობას საზოგადოებრივ ურთიერთობებში, არა როგორც უფალთან თავისი წმინდა ვალის დაბრუნების პროცესს, არამედ მის მიერ თავისი პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილების პროცესს.

ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ ადამიანის მიმართ გაწეული სიკეთე, ანუ მსახურება, განიხილება მის მიერ, როგორც საქციელი, რომელიც საჭიროებს სიკეთის ადრესატის მიერ მისთვის საპასუხო სიკეთის დაბრუნებას.

ამგვარი დამოკიდებულება არა მხოლოდ ქრისტიანული ზნეობიდან, არამედ ზოგადსაკაცობრიობიდან გამომდინარე წარმოადგენს ადამიანურ სისუსტეს და ვლინდება მაშინ, როდესაც სიკეთის მქმნელი ადამიანი ორიენტირებულია ანუ ცხოვრობს არა უფლის მიმართ, არამედ ადამიანის მიმართ. არა უფალთან, არამედ ადამიანთან მიმართებით მოტივირებული ადამიანის მიერ გაწეული სიკეთე ანგარებიანია და არ წარმოადგენს დასრულებულ ზნეობრივ აქტს, როგორც უფალთან მიმართების შემთხვევაში, რამეთუ ეს ადამიანი არ არის წინდაწინ ვალდებული გაუკეთოს მეორე ადამიანს სიკეთე. ამიტომ იგი ელის მისგან სამაგიერო სიკეთეს, რაც უკვე ვეღარ განიხილება სიკეთედ. (ამის შესახებ დაწვრილებით განხილვას ნახავთ ჩემს ზემოთ ხსენებულ ნაშრომში).

და ყველაზე მთავარი დასკვნა ანალიზისა შესახებ სიტყვებისა „და გამომყევ მე“:

თუ ადამიანი უანგაროდ ემსახურება თავის ერსა და სამშობლოს, თავის მოყვასს, მაშინ მას ელის ცათა სასუფეველში აღსვლა ისევე, როგორც უფალი იესო ქრისტე ამაღლდა ცად.

თუ დავუკვირდებით, უფალი იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა მოდგმისათვის მიცემულ მაგალითში იკითხება ზ (და არა მხოლოდ ქრისტიანთათვის) ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყანაზე და იგი თავის შინაარსში მოიცავს ნებისმიერი ეროვნული წარმომავლობისა და ნებისმიერი რელიგიური კუთვნილების საზოგადოების კულტურას.

სწორედ ამ თვალსაზრისით არის ქრისტიანული რელიგია, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, მიუხედავად იმისა, ამას აღიარებენ თუ არა სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისა.

ვერც ერთი რელიგიური მიმდინარეობის მქონე საზოგადოების წარმომადგენელი იმ სახის მიხედვით ცხოვრებას, რომელიც მისცა კაცთა მოდგმას უფალმა იესო ქრისტემ, ვერ გაექევა.

თავისი წმინდა ვალდებულებების ჯვარი თავისი ერისა და თავისი ქვეყნის წინაშე ისევე პატიოსნად აიტანოს თავისი ცხოვრების გოლგოთაზე, როგორც ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რათა იგი გარდაცვალების შემდეგ ამაღლდეს ცად და დაიმკვიდროს ადგილი ცათა სასუფეველში.

“ადამიანმა აღასრულოს ადამიანობის მისია, რათა იგი მოხვდეს ზეციურ სასუფეველში” - აი, ფორმულა, რომელსაც აძლევს ქრისტიანული მოძღვრება როგორც კონკრეტულ ეროვნულ საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს, ისე ზოგადად კაცობრიობას, რათა მის მიხედვით მოიწყოს მან თავისი საზოგადოებრივი ცხოვრება.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ ქრისტეს მოძღვრების უმთავრეს ფორმულას წარმოადგენს იდეა ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულებისა, რაც გამოიხატა მის მიერ ადამიანების მიმართ მოწოდებაში “თუ გინდა გამომყვე მე, აღიღე ჯვარი შენი, უარჰყავ თავი შენი და გამომყევ მე?”

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ღირებულებითი თვალსაზრისით როგორ არის ასახული ქართულ ტრადიციაში ქრისტიანობის ძირითად ფორმულა ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების შესახებ

სანამ შევეცდებოდი პასუხი გამეცა სათაურში გამოტანილ კითხვაზე, წინდაწინვე გავახმოვანებ დებულებას იმის შესახებ, რომ უპირველესი ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ქართულ ტრადიციაში ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების საზრისის იდეის არსებობის საშუალებას, არის ქართული ენა.

ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ უფრო მეტსაც ვიტყვი:

რომ არ იძლეოდეს ქართული ენა იმ შინაარსობრივ-ფუნქციონალურ საფუძველს, რომლის შესახებაც ჩვენ ამ თავში გვექნება საუბარი, ჩემის აზრით, საერთოდ, არ იარსებებდა არც ქართული სუფრა, როგორც ხსენებული სულიერი ღირებულებების შესახებ წარმოდგენების კოლექტიური დეკლამირების ადგილი და, შესაბამისად, იდეოლოგიური ქურა, არ იარსებებდა არც ქართული ცეკვა და სიმღერა ისეთი ფორმითა და სულისკვეთებით, როგორითაც ისინი დღეს არსებობენ.

ქართული ენის განხილვას დავიწყებდი შეხსენებით საზოგადოებისათვის იმ ფაქტის შესახებ, რომ განსხვავებით მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ენისა, რომელთაგან თითოეული მიეკუთვნება ენათა რომელიმე ოჯახს, ან ინდოევროპულს, ან ჩინურ-ტიბეტურს, ან სემიტურ-ხამიტურს, ან ურალურს და ასე შემდეგ, რომელშიც, როგორც წესი, მათ გარდა შედის ასევე სხვა მრავალი ენაც, ქართული ენა მიეკუთვნება მხოლოდ ქართულ ენათა ოჯახს, რომელშიც არანაირი სხვა ენა არ შედის, გარდა ქართული ენისა.

გარდა იმისა, რომ ქართული ენა მსოფლიოს სხვა ათასობით ენათა შორის ცალკე დგას, მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ უნიკალურ თვისებაზე, რომელიც ასევე ახასიათებს ჩვენს მშობლიურ ენას და, კიდევ ვიმეორებ, ფუნქციონალური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გამოარჩევს მსოფლიოს სხვა ათასობით ენისაგან.

რა თვისება მაქვს მხედველობაში?

სანამ უშუალოდ ამ კითხვაზე გავცემდე პასუხს, მანამ ჩამოვაყალიბებ რამოდენიმე კითხვას, რომლებზე პასუხის გაცემაც ავტომატურად ჩამოაყალიბებს პასუხს კითხვაზე ქართული ენისათვის დამახასიათებელი ხსენებული უნიკალური თვისების შესახებ.

როგორია საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის პრინციპები?

რაში მდგომარეობს ცხოვრების საზრისი?

როგორია ეთიკისა და ესთეტიკის საფუძლების წარმომავლობა და, საბოლოოდ, შინაარსობრივად როგორ და რა კონკრეტული ფორმების გამოვლინებით არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა აღასრულოს თავისი უმთავრესი ვალდებულება - ემსახუროს ადამიანურობის მისიის აღსრულებას ?

მოგეხსენებათ, ძვირფასო მკითხველებო, ამ ფილოსოფიური საკითხების გამო კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არა ერთ ფილოსოფოსს უმტვრევია თავი, დაპირისპირებია სხვა ფილოსოფოსთა აზრებს, წარმოშობილან ერთმანეთთან შეურიგებლელი ფილოსოფიური მიმდინარეობანი და სკოლები, და, საერთოდ, არის ამის შესახებ ერთი გაწამაწია, მაგრამ, ჩემის აზრით, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამას დიდი კვლევა–ძიება არა სჭირდება, – იგი უბრალოდ არის განსხეულებული ქართულ ენაში, რომლის საშუალებითაც გვიწევს ჩვენ, ქართველებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში საუბარი.

ამის დასასაბუთებლად საკმარისია ჩვენ ყურადღებით დავაკვირდეთ, თუ რას აღნიშნავენ ის სიტყვები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვლაპარაკობთ, და მოვახდინოთ საჭირო მიმართულებით მათი შესაბამისი ანალიზი, რათა სააშკარაოზე გამოვიტანოთ ეროვნული საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებეთა მთელი სტრუქტურულ-ფუნქციონალური არსი - ჩემის ღრმა რწმენით, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ეს უდიდესი საუნჯე.- ჩაქსოვილი ქართული ენის სიტყვიერ საფარველსა და გრამატიკულ აღნაგობაში.

მაგალითისათვის განვიხილოთ მამაკაცის – მამრობითი სქესის ფიზიკური პირის შემთხვევა.

მამრობითი სქესის ადამიანი, ანუ მამაკაცი საზოგადოებაში შეუძლებელია, რომ არ იყოს როგორც შვილი თავისი მშობლებისა, როგორც შვილიშვილი თავისი პაპა–ბებიებისა, როგორც შთამომავალი თავისი წინაპრებისა, როგორც ძმა თავისი დედ–მამიშვილებისა, როგორც ქმარი თავისი მეუღლისა, როგორც მამა თავისი შვილებისა, როგორც პაპა თავისი შვილიშვილებისა, როგორც მეზობელი თავისი მეზობლისა, როგორც ნათესავი თავისი ნათესავისა, როგორც მეგობარი თავისი მეგობარისა, როგორც სტუმარი თავისი მასპინძელისა და როგორც მასპინძელი თავისი სტუმარისა და ა.შ.

განვავრცოთ ჩვენი მსჯელობა და ვთქვათ – თუ იგი არის შვილი თავისი მშობლებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს შვილობა, თუ იგი არის შვილიშვილი თავისი პაპა–ბებიებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს შვილიშვილობა მათ მიმართ. თუ იგი არის ძმა თავისი დედ–მამიშვილებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს ძმობა მათ მიმართ. თუ იგი არსებობს, როგორც ქმარი თავისი ცოლისა, მაშინ მან უნდა გასწიოს ქმრობა მის მიმართ. თუ იგი არსეობს, როგორც მამა თავისი შვილების მიმართ, მაშინ მან უნდა გასწიოს მამობა მათ მიმართ. თუ იგი არსებობს როგორც პაპა თავისი შვილიშვილების მიმართ, მაშინ მან უნდა გასწიოს პაპობა მათ მიმართ. თუ იგი არის ნათესავი თავისი ნათესავებისა, მაშინ მან უნდა გასწიოს ნათესაობა მათ მიმართ. თუ იგი არის მეზობელი თავისი მეზობელისა, მაშინ მან უნდა გასწიოს მეზობლობა მათ მიმართ და ასე შემდეგ.

„შვილობა“, „შვილიშვილობა“, „ძმობა“, „ქმრობა“, „მამობა“, „პაპობა“, „ნათესავობა“, „მეზობლობა“, „მეგობრობა“, „მასპინძლობა“ და ასე შემდეგ არის ქართულ ეთნოკულტურულ თვითშეგნებაში ზოგადად არსებული სულიერი ღირებულებები, რომელთა, როგორც სულიერ მისიათა აღსრულებაც წმინდა ვალია საზოგადოების თითოეული წევრისათვის, რომელიც კი აღმოჩნდება შვილის, შვილიშვილის, ძმის და ასე შემდეგ მდგომარეობაში.

გამოდის, რომ თუ არის კონკრეტული ფიზიკური პირი, მცხოვრები საზოგადოებაში, მაშინ მას აქვს თავის მიერ აღსასრულებელი კონკრეტული მისიაც.

ვიტყვით უფრო კატეგორიული ფორმითაც, – შეუძლებელია არსებობდეს კონკრეტული ფიზიკური პირი და არა ჰქონდეს მას კონკრეტული მისია დაკისრებული გასწიოს შვილობა, შვილიშვილობა, დედ–მამიშვილობა და ასე შემდეგ.

ესე იგი, საზოგადოებაში

1. არსებობს ადამიანი, როგორც ფიზიკური პირი, და 2. არსებობს ადამიანის მისია, რომელიც არის საზოგადოებაში ადამიანის ფუნქციის განმსაზღვრელი.

კერძოთ, „შვილობის“ შემთხვევაში, არის ადამიანი, როგორც ფიზიკური პირი და, ამავე დროს, არის ადამიანი, როგორც შვილი. „შვილობა“ არის მისი მდგომარეობის განმსაზღვრელი თავის მშობლებთან მიმართებაში და ერთდროულად გულისხმობს მისი თვითშეგნების გამოვლინების სამი ფორმის არსებობას – ზნეობრივს, სამართლებრივსა და სოციალურს.

მართლაც,ზნეობრივი თვალსაზრისით, იყოს ფიზიკური პირი შვილი, ნიშნავს, რომ მას ადევს წმინდა ვალდებულება, დაკისრებული ღმერთისაგან, აღასრულოს „შვილობა“ თავისი მშობლების მიმართ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით არის განმსაზღვრელი მისი ზნეობრივი სახისა.

სამართლებრივი თვალსაზრისით კონკრეტული ფიზიკური პირი, როგორც შვილი, იმყოფება გარკვეულ ვალდებულებით–უფლებრივ განზომილებაში თავისი მშობლების მიმართ, რაც საზოგადოებაში ყოველთვის არის ხოლმე ჩამოყალიბებული გარკვეულ სამართლებრივ–ნორმატულ გამოვლინებებში.

ხოლო სოციალური თვალსაზრისით როდესაც ვამბობთ, რომ ფიზიკური პირი არის შვილი, პირველ რიგში, იგულისხმება, რომ არსებობს ოჯახი, რამეთუ არავითარი სულიერი ღირებულება, ანუ მისია არ არსებობს, თუ არ არსებობს ოჯახი. ხოლო, მეორეს მხრივ, ფიზიკური პირი იყოს შვილი სოციალური თვალსაზრისით გულისხმობს მიმართებას, რომ ფიზიკური პირი, კონკრეტული სოციალური ერთეულის – ოჯახის წევრი, წარმოადგენს შვილს თავისი მშობლებისა. ანუ მას უკავია რაღაც გარკვეული სოციალური მდგომარეობა ოჯახში, რომლის განსაზღვრების ერთ–ერთი შემადგენელი არის მისი სტატუსი – შვილი თავისი მშობლებისა.

ასევე, არის იგი, როგორც ფიზიკური პირი, შვილიშვილი თავისი ბებია–პაპებისა, რაც გულისხმობს გარკვეულ ზნეობრივ–სამართლებრივი ანუ ვალდებულებით–უფლებრივი სახის დამოკიდებულებას თავის პაპა–ბებიების მიმართ, და ასე შემდეგ.

წარმოდგენილი ლოგიკიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს ფიზიკური პირი და არსებობს მისი თანდაყოლილი ანუ პირველ–საწყისობრივი მისია, რომელიც განსზღვრავს როგორც მის ზნეობრივ ვალდებულებას, ისე სამართლებრივ და სოციალურ სტატუსს საზოგადოებაში.

ვფიქრობ, იმისათვის, რათა სასურველი კუთხით წარმომედგინა ჩვენთვის საინტერესო თემა მკითხველისათვის, მოყვანილი ფრაგმენტი სრულიად საკმარისია.

(დაინტერესებული მკითხველისათვის - ქართული კულტურის სრული სურათი ს შესახებ ჩემი შეხედულებები ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი მაქვს ნაშრომში “კულტუროლოგიის საფუძვლების განსაზღვრებისათვის”).

ისევე, როგორც ქრისტეს მოძღვრების შემთხვევაში, ქართული ტრადიციის განხილვის შემთხვევაშიც ჩვენ მივიღეთ ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების ფორმულა, თუმცა განსხვავებული გზით, რომლის არსებობაც შესაძლებელი გახადა ქართული ენის აღნაგობის სპეციფიკამ.

კერძოდ, ფორმულის გამომხატველ წინადადებაში:

1) სუბიექტმა 2) აღასრულა, გასწია 3) ადამიანობა (ადამიანობის მისია)

სადაც სუბიექტის აღმნიშვნელი სიტყვის ფორმატის გარდა (მამა, შვილი, პაპა, შვილიშვილი, ოჯახისშვილი, დედმამიშვილი, დედაშვილი, მამაშვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მეზობელი, ნათესავი და ა.შ.) ქართული ენისაგან განსხვავებულ არც ერთ სხვა ენაში არ არსებობს არც ადამიანობის მისიის უნივერსალურდ მადიფერენცირებელი (2) ფორმატი (მამობა, შვილობა, პაპობა, შვილიშვილობა, ოჯახის შვილობა, დედმამიშცილობა, დედაშვილობა, მამაშვილობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა, დეიდაშვილობა, მეზობლობა, ნათესაობა და ა.შ.) და, შესაბამისად, არც (2) მისიის აღმნიშვნელი სიტყვის აღსრულების (3) ზმნური ფორმატი, როგორც გრამატიკული ფორმა.

მისიათა ფორმატის ჩანასახის მდგომარეობა გვხვდება სხვა ენებშიც, მაგალითად, რუსულ ენაში (материнство, отцовство, соседство), სომხურში “მაირ” (დედა) - მაირუჩურ (დედობა), “ჰაირ” (მამა) – “ჰაირუჩურ” (მამობა), და ასე შემდეგ, თურქულ ენებში (თურქული, უზბეკური, აზერბაიჯანული, ყაზახური, თურქმენული, თათრული), ანგლო-საქსონურში, გერმანულ-რომანულში, სლავიანურში, მაგრამ ისიც, როგორც ხედავთ, შეზღუდული რაოდენობით და ისიც არა როგორც ადამიანის მიერ შესაბამისი მისიის აღმნიშვნელი სიტყვა, რომლის აღსრულებაც არის შესაძლებელი. მაგალითად, დედობის აღმნიშვნელი სიტყვა არის материнство, მაგრამ ვერანაირად ვერ იტყვი რუსულად “აღასრულა ან გასწია დედობა” იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი რუსული ენის გრამატიკულ აღნაგობაში უბრალოდ, არ არის ჩადებული.

ასეთივე ვითარებასთან გვაქვს საქმე ქართულისაგან განსხვავებული მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ენის შემთხვევაში.

(გამოსაკვლევია, არის თუ არა რომელიმე ერთეული შემთხვევა და თუ არის, რომელი?)

იმდენად, რამდენადაც ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების კონკრეტული ვარიაციების გამოვლინება საზოგადოებრივ თუ პიროვნულ ცხოვრებაში შესაძლებელია იყოს უამრავი, ხოლო ქართულ ენას მასში არსებული გრამატიკული ფორმატის განსაკუთრებულობის გამო შესწევს უნარი გამოხატოს ნებისმიერი მათგანი ნებისმიერ გამოვლინებაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას აღწეროს და ჩამოაყალიბოს ადამიანის მიერ აღსასრულებელ მისიათა სრული ფორმატი, რომლის შემთხვევაში ადამიანი იძენს უფლის მიერ მისთვის დაწესებულ კონკრეტულ სახეს.

შესაბამისად კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ ქართულ ენაში, ისევე როგორც ქრისტიანულ რელიგიაში, ჩაქსოვილია ადამიანის მიერ ადამიანობის აღსრულების მისია, რაც მიღწეულია სიტყვიერი ქსოვილისა და გრამატიკული ფორმატის სპეციფიურობის საშუალებით?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ქართული ენის სულიერ-ღირებულებითი ფორმატის სტრუქტურულ-ფუნქციონალური განსაზღვრებისათვის

ქართულ ენაში არსებულ ფორმატს, რომელიც უზრუნველჰყოფს ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების სრულფასოვან ასახვას, ჩვენ ვუწოდებთ სულიერ-ღირებულებით ფორმატს.

სულიერ-ღირებულებითი ფორმატი შედგება სამი შემადგენელისაგან:

(1)   სუბიექტთა ფორმატი, რომელთა მიერაც არის აღსასრულებელი ადამიანურობის მისია. კერძოდ, მამა, დედა, პაპა, ბებია, შვილი, შვილიშვილი, მეზობელი, ნათესავი, სტუმარი, მასპინძელი და ა.შ.

(2)   თავად ადამიანურობის მისიათა ფორმატი, წარმოდგენილი კონკრეტულად დიფერენცირებული სახით. კერძოდ, მამობა, დედობა, პაპობა, ბებიობა, შვილობა, შვილიშვილობა, მეზობლობა, ნათესაობა, სტუმრობა, მასპინძლობა და ასე შემდეგ.

(3)   ზმნური ფორმატი მისიის აღსრულება, მისიის გაწევა, რომლის საშუალებითაც მისიათა ფორმატი სუბიექტთა ფორმატთან მიმართებაში მოდის სრულფასოვანი ქმედითობის მდგომარეობაში. კერძოდ, მამამ გასწია მამობა (ანუ, მამამ აღასრულა მამობის მისია).

ვფიქრობ, ღრმად პატივცემული ქართული სამეცნიერო საზოგადოება დამიდასტურებს, რომ ქართულ ენაში განსხვავებით მსოფლიოს სხვა ენებისაგან მართლაც აქვს ადგილი სულიერ-ღირებულებითი ფორმატის არსებობას, რომელიც, იძლევა რა ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების ფორმულას, ქართულ ენას ანიჭებს ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის უნივერსალური იდეოლოგიური საფუძველის სტატუსს.

დიაღ, პატივცემულო საზოგადოებავ, მასში არსებული სულიერ-ღირებულებითი ფორმატის გამო მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ენისაგან განსხვავებით ქართულ ენას თავისუფლად შეგვიძლია მივანიჭოთ სულიერ ღირებულებათა ისეთი სისტემის მფლობელის სტატუსი, რომელიც ერთნაირად არის მისაღები ნებისმიერი ეროვნული წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების საზოგადოებისათვის.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული დებულება ქართულ ენაში სულიერ-ღირებულებითი ფორმატის არსებობის შესახებ სრულებითაც არ უნდა იყოს ძნელად გასაგები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებრიობის ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელ მეცნიერთათვის შემდეგი მიზეზების გამო:

ა) ნებისმიერი ეროვნული კულტურა მის ღირებულებით საფუძვლებში გულისხმობს სრულფასოვანი სულიერ-ღირებულებითი ფორმატის არსებობას.

ბ) თავად სულიერ-ღირებულებითი ფორმატი ნებისმიერ ენაში არსებობს არასრული ფორმით. კერძოდ, სამი შემადგენელიდან:

(1)   სუბიექტთა ფორმატი ყველა ენაშია მოცემული.

(2)   მისიათა ფორმატის არსებობას, წარმოდგენილს დიფერენცირებული სახით, ნებისმიერ ენაში აქვს ადგილი ნაწილობრივი, არასისტემატიზებული სახით. მაგალითად, რუსულ ენაში отцовство - მამობა, материнство - დედობა, соседство - მეზობლობა. მაგრამ იგი ამგვარი ლოკალური ფიქსირების მნიშვნელობას ვერა სცდება და ქართული ენის გარდა ვერც ერთ ენაში ვერ იღებს სტრუქტურულ-ფუნქციონალური სისტემის სახეს.

(3)   თავად მისიათა ფორმატის, როგორც სტრუქტურულ-ფუნქციონალური ღირებულებითი სისტემის არ არსებობის გამო, ნებისმიერ სხვა ენაში, ბუნებრივია, საერთოდ, არა აქვს ადგილი სულიერ-ღირებულებითი ფორმატის მესამე შემადგენელს - მისიის აღსრულების, მისიის გაწევისზმნურ ფორმატს.

ქართული ენა სულიერ-ღირებულებითი ფორმატის განსაკუთრებული აღნაგობის გამო საზოგადოების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის კუთხით შინაგანად განსაზღვრავს ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მიცემულ მაგალითს, აქცევს მას როგორც საზოგადოების შიგნით, ისე საზოგადოებათა შორისი ურთიერთობების მოწყობის საფუძვლად.

ეს არის ქართული ენის ღვთაებრივი დანიშნულება კაცობრიობის წინაშე.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ ადამიანის მიერ ადამიანობის მისიია აღსრულების იდეა ქართულ ენაში გამოხატულია გრმატიკული ფორმატის სახით და რომ მისი წარმოდგენა შესაძლებელია იმ ფორმით, როგორც ეს ამ თავში შემოგთავაზეთ?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ქართული სუფრის ტრადიცია

არც თუ დიდი ანალიზის ნიჭია აუცილებელი იმისათვი, რათა დავასკვნათ - კულტუროლოგიული თვალსაზრისით ქართული ენა ზემოთ აღნიშნული სპეციფიურობიდან გამომდინარე ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ იარსებოს ქართული ტრადიციული კულტურისათვის დამახასიათებელმა მსოფლიო მასშტაბით არანაკლებ უნიკალურმა ფენომენმა - ქართულმა სუფრამ.

რა კავშირია ქართული ენის აღნიშნულ სპეციფიკასა და ქართული სუფრის წესს შორის?

მოგახსენებთ.

ქართული სუფრის წესი აგებულია სადღეგრძელოების წარმოთქმის პრინციპზე, რომელთაგან თითოეული წარმოადგენს მისიათა ფორმატის ამა თუ იმ კონკრეტული გამოვლინების სადიდებელს. კერძოდ, ქართულ სუფრაზე წარმოითქმება დედმამიშვილობის სადღეგრძელო, მამულიშვილობის სადღეგრძელო, მეზობლობის სადღეგრძელო, ნათესაობის სადღეგრძელო და ა.შ.

რა თქმა უნდა, სუფრის ტრადიცია არსებობდა და არსებობს სხვა კულტურებშიც, მაგრამ მხოლოდ ქართული ენის აღნიშნული სპეციფიკის არსებობის შემთხვევაში იძენს იგი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირებულებების სისტემურად დამმკვიდრებლი ფუნქციის მნიშვნელობას.

ქართული სუფრის საშუალებით ცოცხლდება ქართულ კულტურაში ადამიანობის მისიის აღმნიშვნელი გრამატიკული კონსტრუქცია, იძენს ცხოველმყოფელობას ისეთი ესთეტიკური, ეთიკური და ფილოსოფიური ფორმების გამოყენებით, როგორიც არის:

ა) რიტორიკა - სიტყვის ღრმად ფილოსოფიური და მეტაფორული აზროვნება, ხშირ შემთხვევაში გადასული ლექსში, რომელსაც უნარი შესწევს დაიპყროს იქ მყოფთა სული, გული და გონება.

ბ) პოლიფონიური სიმღერა, რომელიც არის საზოგადოების მიერ ადამიანურობის მისიის აღსრულების კოლექტიური საგალობელი და სრულდება მთლიანად სუფრის წევრების მიერ.

გ) ხალხური ქორეოგრაფია, რომლის თითოეული მოძრაობა ჩამოყალიბებულია ისე, რომ მაქსიმალურად გამოხატავს ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების იდეას და გამომდინარე აქედან, საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციფიკას.

მაგალითად, ცეკვა “ქართულის” დროს მანდილოსანი, რომელიც თავდახრილი ცეკვავს. მთელი ცეკვის განმავლობაში ერთხელაც არ შეხედავს მამაკაცს თვალებში, ხოლო მამაკაცი, რომელიც უდიდესი მოწიწებით დასტრიალებს მანდილოსანს, ერთხელად არ ეხება მას ხელით.

ან ცეკვა “ხევსურულში” მიუხედავად მამაკაცთა ერთმანეთთან უკიდურესობამდე გამძაფრებული ხანჯლაობისა, საკმარისია მანდილოსანმა მანდილი ჩაუფრიალოს შუაში, რომ ისინი იოკებენ გრძობებს და ერთმანეთს მშვიდობიანად შორდებიან.

იმდენად ძლიერად არის ქართულ ხალხურ ცეკვებში ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულების იდეა ჩაქსოვილი, იმდენად ღრმად არის ყველა მოძრაობაში ფესვგადგმული და იმდენად ძლიერია მათში მისი გამოხატულება, რომ აღმოსავლური კარატეს კატებისა არ იყოს, ქართული ხალხური ცეკვების მოძრაობების შესრულების დროს მხოლოდ და მხოლოდ მათი უფრო მეტად სრულყოფილად შესრულების (და არა მათი შეცვლის) შესახებ შეიძლება იყოს საუბარი. მეტის გაბედვა ნამდვილად იმთავითვე ჩვენს კულტურაში ჩადებული ადამიანურობის მისიის აღსრულების იდეიდან გადასვლა იქნებოდა. (ამიტომაც მიუღებლად მიმაჩნია პირადად მე სუხიშვილისა და რამიშვილის ლეგენდარული ანსამბლისთვის ახალ თაობაში ცეკვის სტილის შეცვლა, რაც ქართული კულტურის განვითარების (და არა კომერციული) თვალსაზრისით ანსამბლისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი მოვლენაა).

შესაბამისად კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ ქართული ტრადიციული კულტურა მის ნებისმიერ გამოვლინებაში წარმოადგენს ქართულ ენაში არსებული სულიერ-ღირებულებითი ფორმატის ხორცშესხმას, რაც გულისხმობს ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულებას?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

ქრისტეს სჯულისა და ქართული ტრადიციის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

მე ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საშუალებით მკითხველისათვის იმისი ჩვენება მინდოდა, რომ ქართული მართლმადიდებლური კულტურის ტრადიციული შემადგენელი ღირებულებითი თვალსაზრისით მთლიანად არის გაჯერებული ქრისტიანული იდეით. კერძოდ, უფლისა და ერის წინაშე თავისი წმინდა ვალდებულებების ჯვარის თავისი ცხოვრების გოლგოთაზე ატანის მისიით, ანუ ადამიანის მიერ ადამიანობის აღსრულების მისიით, ანუ ჯვარპატიოსნობის მისიით (იხილე ნაშრომი “ქართული კულტურის კრიტიკის შესახებ”).

ქართულ ენაში არსებულ სულიერ-ღირებულებით ფორმატსა და ქრისტეს სჯულს შორის პარალელის გავლების შემთხვევაში ჯვარის ცნება იძენს სახელმწიფოებრიობის სამოქალაქო აღმშენებლობის კონცეპტუალური საფუძველის მნიშვნელობას, რისი აღსრულებაც არის ნებისმიერი მოქალაქის წმინდა ვალი.

თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ქართული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სამოქალაქო ვალდებულების აღსრულება ღირებულებით ჭრილში სრულფასოვნად ჯდება უფალი იესო ქრისტეს მოძღვრების ფორმატში და ქრისტიანული თვალსაზრისით იძენს ღვთისმსახურების მნიშვნელობას.

როგორც ვხედავთ, ქართული მართლმადიდებლური კულტურა მთლიანად წარმოადგენს ადამიანის მიერ ადამიანად ყოფნობის მისიის ღვთაებრივი იდეის ხორცშესხმას.

მე უკვე მესმის მართლმადიდებლობის ზოგიერთი დამცველის ხმა - როგორ შეიძლება ქრისტიანობასთან ქართული სუფრის შედარება, რომელიც თავის არსით წარმართულია.

მე მინდა მოვახსენო პატივცემულ ოპონენტებს - ბატონებო, როგორც თავიდანვე განვაცხადე, ჩვენი ყურადღების ობიექტი არანაირად არ არის წმინდა დოგმატი, არამედ მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრების ზნეობრივი, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის პრობლემა. ღირებულებითი თვალსაზრისით კი ქართული სუფრა არანაირად არ არის წარმართული. თუ ქართული სუფრა არის წარმართული თავისი ღირებულებითი არსით, მაშინ წარმართულია ნებისმიერი ტრაპეზი, გაშლილი ეკლესიასა თუ მონასტერში, მაშინ წარმართულია ნებისმიერი სადღესასწაულო თუ სამგლოვიარო სუფრა, გაშლილი ქართული საზოგადოების ამა თუ იმ წევრის ოჯახში ამა თუ იმ რელიგიური თუ საერო მიზეზით, მაშინ წარმართულია სრულიად ქართველი ერი, მტკიცედ მიმდევარი თავისი ეროვნული ტრადიციებისა.

ამიტომ, მე მათ ვეტყოდი, რომ ღირებულებითი თვალსაზრისით ქართული ტრადიცია აბსოლუტურად ქრისტიანულ მოვლენას წარმოადგენს, რამეთუ განამკვიდრებს საზოგადოების ეთიკური, სამართლებრივი და სოციალური მოწყობის ისეთ მოდელს, რომლის უმთავრეს იდეას წარმოადგენს ადამიანის მიერ ადამიანობის მისიის აღსრულება.

მაგრამ, ახლა ისინი შემომეკამათებიან, ვინც, მომდინარენი ათეისტური პერიოდიდან და განმსჭვალულები რელიგიის მიმართ გულგრილობით, უფრო მეტად ქართულ ტრადიციას აძლევენ უპირატესობას - ქრისტიანობა მხოლოდ ორი ათასი წლისაა, ხოლო ქართული ტრადიცია რვა ათასი წლისა. როგორ შეიძლება ქართული ტრადიცია იყოს ქრისტიანობის იდეის მატარებელი, როდესაც ჯერ იყო თავად ის, ქართული ტრადიცია, ხოლო შემდეგ უქადაგა უფალმა იესო ქრისტემ თავისი მოძღვრება კაცობრიობასო.

მაგრამ, ჩემო მეგობრებო, აქ ცოტა განსხვავებული მიდგომაა საჭირო. საქმე იმაშია, რომ თავად ქრისტიანული რელიგია არ განიხილავს თავის თავს ქრისტეს შობიდან დღემდე. “მრწამსში” ქრისტეს არსებობის შესახებ ნათქვამია, რომ იგი არსებობდა “უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”, რაც ნიშნავს იმას, რომ იდეა ადამიანად ყოფნობისა, რომელსაც გამოხატავს ქრისტეს მოძღვრება, განმკვიდრებული მისივე მაგალითით, მუდმივად არსებობდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა შექმნა ადამიანი.

ადამიანის მიერ ადამიანად ყოფნობის იდეა, რომელიც იგულისხმება ქრისტეს მოძღვრებაში, არის იდეა ღვთაებრივი შესაქმისა, რაც უფლის მიერ სამყაროსა და სამყაროში ადამიანის შექმნის მომენტიდან არსებობს.

გამოდის, რომ ადამიანად ყოფნობის იდეის თვალსაზრისით ტრადიციულ ქართულ კულტურასა და ენაში ჩაქსოვილია ქრისტიანობის იდეა მანამდე, სანამ უფალი იესო ქრისტე ადამიანის სახით მოევლინებოდა დედამიწას.

ეს არის უმნიშვნელოვანესი დასკვნა და მინდა თქვენი ყურადღება ამ მოვლენაზე განსაკუთრებით გავამახვილო.

შესაბამისად კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა დებულებას იმის შესახებ, რომ ადამიანად ყოფნობის იდეის თვალსაზრისით ტრადიციულ ქართულ კულტურასა და ენაში ჩაქსოვილია ქრისტიანობის იდეა მანამდე, სანამ უფალი იესო ქრისტე ადამიანის სახით მოევლინებოდა დედამიწას?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?

გამომდინარე ზემოთ დახატული სურათიდან, ვფიქრობ, შესაძლებელი ხდება ქართული სახელმწიფოებრიობის იმ საერთო მსოფლმხედველობრივი მნიშვნელის განსაზღვრა, რომელიც, პრინციპში, არის კიდეც განმსაზღვრელი ქართული სახელმწიფოებრიობის მთლიანობისა.

საქართველოში მცხოვრები თუნდაც კომპაქტურად დასახლებული ხალხი შეიძლება არ იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ იგი აუცილებლად არის ზემოთხსენებული ქართული ტრადიციის მატარებელი.

როგორც წესი, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ტრადიცია აღარ ვრცელდება.

(ჩემის ღრმა რწმენით, განცალკევებით განსახილველია ინგილოთა და ტაო-კლარჯეთის ქართველთა იდენტიფიცირების საკითხი, რომლებიც, როგორც სრულიად ქართველი ერი, ტრადიციულად, ქართული ბეჭდის მატარებლები არიან.

იდეოლოგიური კუთხით ქართველი ერის ამ დიდ ტკივილთან მიდგომა, ვფიქრობ, გარკვეულად ხელშესახებ პერსპექტივას აჩენს).

შესაბამისად, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა წარმოადგენს ქართული ტრადიციის სამეფოს. სადაც მთავრდება ქართული ტრადიცია, იქაც მთავრდება ქართული სახელმწიფოებრიობა, და, პირიქით, სადაც საზოგადოებრივ ურთიერთობებს განსაზღვრავს ქართული ტრადიცია, იქაც ადგილი აქვს ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობას.

ამ მხრივ ძალიან საინტერესოა აფხაზთა ეთნოსის მიერ იმ სახით არსებობა, რომელთანაც ისინი თავისი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ. მათი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში, რამეთუ თავიათი სულიერ-კულტურული წარმომავლობით წარმოადგენენ აბსოლუტურად ქართულ მოვლენას, რომელიც მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში შეიძლება იყოს დაცული.

გამომდინარე აქედან, აფხაზი ერის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს მათი ყოფნა ქართული სახელმწიფოს ფარგლებში.

ამ ბოლო ხანებში საიდანღაც გამოიჩხრიკნენ მეგრელთა დამოუკიდებლობის აპოლოგეტები.

ჩვენ ყველამ ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა არის უფლის ჩარევით ჩამოყალიბებული ის ალგორითმი, რომლის არსებობაც არის ჩვენი, საქართველოში მცხოვრები ყველა ქართველური ტომების თვითმყოფადობის არსებობის ერთადერთი გარანტი.

რა ხდება ამ თვალსაზრისით აფხაზების თავს, ყველასთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს.

ამიტომაც, ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და საუკუნო დამკვიდრება უნდა იყოს იდეალი როგორც აფხაზებისა, ისე მეგრელების, სვანების, ქართლელების, კახელების, აჭარლების, იმერლების, გურულების და სხვა დანარჩენი ყველა ქართველური ტომებისა, და, აგრეთვე, ქართული ბეჭდით დაბეჭდილი სხვა არაქართველი ეთნოსებისაც, რომლებსაც ისტორიულად მოუწიათ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ კულტურასთან ზიარება.

შესაბამისად, კითხვა:

ბატონებო, ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის სულიერ-კონცეპტუალურ საფუძველს წარმოადგენს ქართული ტრადიცია, რომელიც ერთნაირად არის დამახასიათებელი არა მხოლოდ ქართველი ერისათვის, არამედ საქართველოში მცხოვრები ყველა დანარჩენი ეთნოსებისათვის და რომლის არსებობაც საქართველოს ფარგლებს მიღმა აღარ ვრცელდება?

თუ ეთანხმებით, რატომ?

თუ არ ეთანხმებით, რატომ?