Tempest - იმთავითვე ჩამცხრალი ქარიშხალი

Tempest - იმთავითვე ჩამცხრალი ქარიშხალი

ჯონ ჰაისმანი არასოდეს ყოფილა „ვარსკვლავი“, თუმც მისი დრამერობის შესახებ მუსიკალურ წრეებში ყველამ უწყოდა და ასეა დღემდე, როდესაც სამოც წელს გადაცილებული მუსიკოსი კვლავ Colosseum-ს თავკაცობს და ძირძველი ბრიტანული ჯაზ როკის ერთ-ერთი იშვიათი განმასახიერებელია 21-ე საუკუნეში.

ჯაზ როკის გარეშე მისი კოლექტივები არასოდეს დარჩენილა, მაგრამ საინტერესოა განსხვავება მათ შორის, ამ რთული და მრავალფეროვანი ჟანრის მიმართ მის გვერდში მყოფი მუსიკოსების მხრიდან მიდგომის თვალსაზრისით.

ჰაისმანთან ყოველთვის საუკეთესო გიტარისტები თანამშრომლობდნენ. დღეს კი მოდით ყურადღება განსაკუთრებით ორ მათგანზე - ალან ჰოლდსუორთსა და ოლი ოლსოლზე, აქედან გამომდინარე კი ჯგუფ Tempest-ზე შევაჩეროთ, რომლის 1973 წელს ატეხილი ორწლიანი ქარიშხალი, სულ მალე Colosseum II-მა ჩააცხრო; ორი ცალი ვინილის ფირფიტა კი კიდევ კარგი, რომ სამუდამოდ თაროზე  არ დაიდო და მაშინათვე გამოქვეყნდა ნამდვილი როკ მუსიკის გურმანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად...

ტირაჟი საკმაოდ მცირე იყო და ამიტომაც ბევრმა მაშინაც კი ვერ გაიგო ამ ნამუშევრების შესახებ, თუმც BBC -ს არ გამორჩენია ჯონ ჰაისმანის მორიგი პროექტი და ფირზე დაიტანა ისტორიული კონცერტი, რომელშიც ზემოთხსენებული გიტარისტები ერთად იმყოფებიან სცენაზე.

სამწუხაროდ ამ ჩანაწერმა დღის სინათლე მხოლოდ ამ ბოლო ხანს, კომპაქტ დისკების ეპოქაში იხილა. არადა Live At BBC იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ საუკეთესო ბრიტანელი ფიუჟენ გიტარისტები სცენაზე ერთად მხოლოდ ერთხელ გამოჩნდნენ, აი შემდეგ კი...  ჰოლდსუორთმა აღარ ისურვა ოლსოლთან დუეტში დაკვრა და 1974 წელს Soft Machine-ს მიაშურა. 

იქამდე ერთი წლით ადრე, ჯონ ჰაისმანმა Tempest დააარსა. ჯგუფში მან Colosseum -დან ერთადერთი მუსიკოსი - ბას გიტარისტი მარკ კლარკი დატოვა, მომღერლად წარსულში  Juicy Lucy-ის პოლ უილიამსი, ხოლო გიტარისტად კი ალან ჰოლდსუორთი მიიწვია.

ამ გიტარისტს იქამდე სოლიდური „მოთელვა“ ჰქონდა გავლილი თავდაპირველად Donovan-ის Hurdy Gurdy Man-ში ფუზ გიტარ შთამბეჭდავი პარტიით, შემდეგ კენტერბერელი ალენ გოუენისა და King Crimson-ის შეშლილ მუსიკოს ჯეიმ მუირის ჯგუფში და ბოლოს იან კერის Nucleus-ში.

ალან ჰოლდსუორთის მომავალ ქმნილებებზე, მოდით სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია, რომ Tempest-ში ბრიტანული ფიუჟენ გიტარის პიონერობიდან, იგი უკვე გამოცდილ გიტარისტად ქცეულიყო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერით, რომელიც სასიამოვნო ბგერის, ვირტუოზული ტექნიკისა და დახვეწილი გემოვნების ნაზავს წარმოადგენდა. ჰოლდსუორთის დაკვრის სისუფთავე და სინატიფე ხომ დაკვირვებული ყურისთვის ყოველთვის ადვილი და სასიამოვნო აღსაქმელია.

უცნაურია, მაგრამ პირველი ალბომი Tempest, საფუძვლიანად აგრძელებდა Graham Bond Organization-დან გამომდინარე Cream-ის გზას და ფიუჟენ ელემენტები აქ უფრო ალან ჰოლდსუორთის ბრწყინვალე სოლოებიდან შეიცნობა. Colosseum კი მხოლოდ ჯონ ჰაისმანის დაკვრის ხელწერით შეინიშნება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჰაისმანს მობეზრდა საქსოფონი და ტრადიციული ჯაზ როკი და უფრო ჰარდ როკისკენაც კი მიიწევს.

ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბომის პირველი ორი სიმღერა Gorgon და Foyers of Fun. მეორე მათგანი ჯეკ ბრიუსის საუკეთესო ტრადიციებში ჩაწერილი სიმღერაა და ამით ნათლად წარმოაჩენს 60-ების დიდი ტრიოსა (Cream) და სექსტეტის (Colosseum) მუსიკისადმი მიდგომის მსგავსებას.

პოლ უილიამსის ლამაზი ხმის ტემბრი ჟღერადობას მით უფრო ეფექტურს ხდის, ხოლო პირველი გვერდის დანარჩენი ორი სიმღერა კი ალბომ Tempest -ის შეკრულობაში გვარწმუნებს, რომლის პირველ გვერდზე შემავალი ოთხივე სიმღერა ჰაისმანს, კლარკსა და ჰოლდსუორთს ეკუთვნის.

ალბომის მეორე გვერდზე კი უმნიშვნელოვანესია დამაბოლოვებელი ბლუზი Upon Tomorrow. შთამბეჭდავი ინსტრუმენტული შესავლის ხასიათს ალან ჰოლდსუორთის ვიოლინოს ულამაზესი პარტია განაპირობებს, რომელიც უეცრად მკაცრ გიტარულ ჟღერადობაში გადადის და საბოლოოდ ორიგინალური ბლუზის იერს იძენს, რომელიც (და აქედან გამომდინარე მთლიანობაში ალბომიც), ალბათ ისეთივე ეფექტურ დასასრულს ითხოვს, როგორიც ზემოთხსენებული შესავალია, მაგრამ... როგორც ჩანს მუსიკოსები ჩქარობდნენ ალბომის ჩაწერას და გრძნობდნენ, რომ კომერციული წარუმატებლობა გარდუვალი იყო და სჯობდა საქმისთვის დროზე მიეხედათ და შემდეგ კონცერტებით შეძლებისდაგვარად ამოექაჩათ ჰიტის გარეშე ჩაწერილი ალბომის რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ Upon Tomorrow ჰაისმანთან ერთად, Colosseum-ის გიტარისტ კლემ კლემპსონს ეკუთვნის.

ზემოთხსენებულ Live At BBC-ში სადებიუტო ალბომიდან ხუთი სიმღერაა შესული, ბოლოსკენ კი მუსიკოსები იმპროვიზაციაში იჭრებიან, რომელშიც გიტარისტების ტანდემი გულგრილს ნამდვილად ვერ გვტოვებს.

მეორე გიტარისტ პიტერ ჯონ “ოლი“ ოლსოლის სახელი ჰოლდსუორთისას ჩამოუვარდებოდა, რადგან მხოლოდ Patto-სა და მაიკ პატოს კიდევ ერთ ჯგუფ Timebox-ში დაკვრით შემოიფარგლებოდა.

იქაური ვირტუოზული დაკვრა კი როგორც მუსიკალური კრიტიკისთვის, ასევე მსმენელთა ფართო წრისათვის შეუმჩნეველი რჩებოდა. საბედნიეროდ ოლსოლი ჰაისმანს არ გამოჰპარვია და როგორც ყოველთვის საუკეთესო გიტარისტის არჩევანი გააკეთა უკვე მომდევნო ალბომ Living In Fear-თვის.

Tempest -ის 1974 წლის ნამუშევარს უკვე სამი მუსიკოსი წარმოადგენს. მარკ კლარკთან ერთად, ვოკალისტის ფუნქცია ოლი ოლსოლმაც შეითავსა და უკვე გამხსნელ Funeral Empire-ში ისე იმღერა, როგორც მხოლოდ ზედმიწევნით ინგლისელ მომღერალს შეშვენის გამორჩეული ელეგანტურობითა და როკ’ნ’როლის გადმოცემის იდუმალი ესთეტიკით. 

უცნაურია სიმღერათა წყობა, რადგან Funeral Empire -საც როკ’ნ’როლი, ოღონდ ამჟამად ლენონ-მაკარტნის Paperback Writer -ის ქავერი მოსდევს. Stargazer მარკ კლარკის ქმნილებაა, რომელიც მუსიკოსმა კენ ჰენსლის 1975 წლის სოლო ალბომ Eager To Please-შიც წარმოადგინა, თუმც იქ უკვე Uriah Heep-ის ლიდერი მღერის.

ალბომის მშვენებაა მარკ კლარკის Dance To My Tune, სადაც ოლი ოლსოლი გიტარის გარდა, Moog-ის სინთეზატორზეც უკრავს, მოგვაგონებს რა ერთი წლით ადრე Deep Purple-ს Come Taste The Band-დან Love Child -ის სოლოს. ფიუჟენ გიტარის შესანიშნავი პარტია კი ძალაუნებურად გვაფიქრებინებს Deep Purple-ს რიჩი ბლეკმორის შემცვლელის შესახებ არჩევანზე. ან კი რად უნდოდათ ამერიკაში გიტარისტის ძიება, როდესაც ოლი ოლსოლი იქვე ყურის ძირში ჰყავდათ, თანაც Dance To My Tune შეუძლებელია, რომ შესანიშნავ ხუთეულს მოსმენილი არ ჰქონოდა...

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, წარსულს მაინც ვეღარაფერი შეცვლის. ოლი ოლსოლი კარგა ხანია უკვე აღარაა ცოცხალი. დღესდღეობით კი სამწუხაროდ Tempest-ის ორივე ალბომი მივიწყებულია და სცენაზე ამ ნამუშევრებიდან არაფერი სრულდება. Colosseum-ში დაკავებულ ჯონ ჰაისმანსა და მარკ კლარკს სულაც არ ანაღვლებთ თავიანთი ატეხილი 70-ების ჰარდ-როკ ფიუჟენ ქარიშხალი, ხოლო ალან ჰოლდსუორთს კი შესაძლოა აღარც ახსოვდეს, რომ ამ ქარიშხლის უეცარი ჩაცხრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავადაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო...