მოსკოვი ლონდონს დაემუქრა. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ბრიტანული იარაღით მიიტანს, მოსკოვი უკრაინასა თუ მის ფარგლებს გარეთ მდებარე ბრიტანულ სამხედრო ტექნიკასა და ობიექტებზე დარტყმებით უპასუხებს, - ამ მუქარით მოსკოვი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებებს გამოეხმაურა.
დევიდ კემერონმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ კიევს ბრიტანული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება აქვს.
რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვში გაერთიანებული სამეფოს ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა, რომელშიც ნათქვამია, რომ კემერონის განცხადებებს მოსკოვი უკრაინის ომში ლონდონის ჩართვად განიხილავს.