ამერიკელ კონგრესმენს ჰენრი კუეიარსა და მის მეუღლეს, იმელდა კუეიარს აზერბაიჯანის მთავრობის საკუთრებაში მყოფი ნავთობკომპანიისგან და მექსიკური ბანკისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოძიების ცნობით, კუეიარმა და მისმა მეუღლემ ჯამში ქრთამის სახით დაახლოებით 600 000 დოლარი აიღეს.
საქმეში ქრთამის აღების, ფულის გათეთრების, უცხოური ორგანიზაციის აგენტად მოქმედებაზე დაწესებული აკრძალვის დარღვევის, ელექტრონული თანხების გამოყენებით თაღლითობის და არაერთი სხვა დანაშაულის ეპიზოდები ფიგურირებს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა ქრთამი 2014-2021 წლებში იმელდა კუეიარის კომპანიების გავლით აიღეს.
„ფულის სანაცვლოდ ჰენრი კუეიარი დათანხმდა, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ, და გაატაროს ზომები, რომელიც სარგებელს მოუტანს ერთ-ერთ მექსიკურ ბანკს“, - აცხადებენ იუსტიციის დეპარტამენტში.
68 წლის ტეხასელი დემოკრატი კონგრესმენი ბრალდებებს უარყოფს. კუეიარი და მისი მეუღლე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისინი ციხეში ათობით წელს გაატარებენ.