ვიქტორ ორბანი: 2004 წელს უნგრეთი სხვა ევროკავშირში გაწევრიანდა და არა ისეთში, როგორიც ის ახლაა

ვიქტორ ორბანი: 2004 წელს უნგრეთი სხვა ევროკავშირში გაწევრიანდა და არა ისეთში, როგორიც ის ახლაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2004 წელს უნგრეთი სხვა ევროკავშირში გაწევრიანდა და არა ისეთში, როგორიც ის ახლაა. ამის შესახებ მან რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა.

„ასეთ ევროკავშირში არ გავწევრიანებულვართ. 2004 წელს მე თვითონ ვატარებდი კამპანიას ევროკავშირში გასაწევრიანებლად და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ ვერ დავმალავ, რომ როდესაც 2004 წელს ამას ვაკეთებდით, საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ კონტინენტზე მილიონობით მიგრანტი ჩამოვიდოდა, ხოლო უნგრეთსა და მისნაირ ქვეყნებზე განხორციელდებოდა ზეწოლა იმის გამო, რომ მათ კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია“, - აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრეთი შედიოდა ევროკავშირში, რათა თავი უსაფრთხოდ ეგრძნო და ჰქონოდა თავისუფალი წვდომა მსხვილი ევროპული ქვეყნების ბაზრებზე, ახლა კი ევროპა სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ისევე როგორც უსაფრთხოების კრიზისს უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.

„გონიერება გვმართებს: შემთხვევითი არაა, რომ მომდევნო კვირაში უნგრეთს ჩინეთის ლიდერი ეწვევა, ვზრდით აქტიურობას ცენტრალურ აზიაში, ვაუმჯობესებთ ეკონომიკურ ურთიერთობებს აფრიკის ქვეყნებთან, იზრდება ინვესტიციების მოცულობა, ვყიდით ჩვენს საქონელს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში. რა თქმა უნდა, უნგრეთი კვლავ ფოკუსირებულია ევროპაზე, თუმცა ჩვენი ეკონომიკის მოქმედების რადიუსი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.