სოზარ სუბარი: შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არის ყოველთვის დაცული, მაგრამ, როდესაც ის გადადის ძალადობრივ ქმედებებში, პოლიციას უფლება კი არ აქვს, მოვალე და ვალდებულია წესრიგი დაამყაროს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად

სოზარ სუბარი: შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არის ყოველთვის დაცული, მაგრამ, როდესაც ის გადადის ძალადობრივ ქმედებებში, პოლიციას უფლება კი არ აქვს, მოვალე და ვალდებულია წესრიგი დაამყაროს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად

30 აპრილს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის ფორმა და შინაარსი შეადარა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა იმ აქციების დარბევას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პერიოდში. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც ხდება პოლიციელებზე თავდასხმა, ბუნებრივია, ეს აღარ არის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფორმატი და პოლიციას უფლება კი არ აქვს,  ვალდებულება აქვს დაამყაროს წესრიგი კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად.

სუბარმა კომენტირებისას 7 ნოემბრისა და 26 მაისის ცნობილი მოვლენები გაიხსენა და იმ დარღვევებზე და დანაშაულებზე ისაუბრა, რომელსაც წინა ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ჩადიოდა.

„შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება არის ყოველთვის დაცული, მაგრამ, როდესაც ის გადადის ძალადობრივ ქმედებაში, როდესაც იწყება სახელმწიფო უწყებების, მაგალითად პარლამენტის ბლოკირება, როდესაც ხდება პოლიციელებზე თავდასხმა, ბუნებრივია, ეს აღარ არის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფორმატი და პოლიციას უფლება კი არ აქვს, მოვალეა წესრიგი დაამყაროს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად.

ჩვენ ყველანი ვხედავთ რა ხდება დღეს, თუნდაც ამ საათებში ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სადაც პოლიცია შედის შენობებში და იქ, სადაც აქცია სცდება კანონის ფარგლებს, შესაბამისად ამყარებს წესრიგს. ასე ხდება მთელ მსოფლიოში.

7 ნოემბერსა და 26 მაისის აქციებზე თუ ვილაპარაკებთ, აქ შედარებაც არ შეიძლება. 7 ნოემბერს, დილის 6 საათზე რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი პარლამენტის წინ აქციაზე, მათ შორის, პარლამენტის რამდენიმე წევრიც, რომლებსაც თავს დაესხა თბილისის დასუფთავების სამსახურის ტანსაცმელში გადაცმული სპეცრაზმელები და სამოქალაქო პირები, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ დასუფთავების სამსახურთან. მათ დაარბიეს ადგილზე მყოფები და უსასტიკესად გაუსწორდნენ ქალაქის სხვადასხვა ადგილზე შეკრებილ  მშვიდობიან მოქალაქეებს.

პირადად მე, სახალხო დამცველი ვიყავი მაშინ და თავს დამესხა სასჯელაღსრულების სპეცრაზმი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალიან შორს ამ შეკრების ადგილებიდან. თავი დავანებოთ იმას, რომ კანონის უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყვანეს სასჯელაღსრულების და თავდაცვის სამინისტროს ძალები, ეს იყო უსერიოზულესი დარღვევა და კრიმინალი. დევნა ხორციელდებოდა რიყეზე შეკრებილი მოქალაქეების, რომლებსაც სამების ტაძრამდეც კი მისდევდნენ. ამას არაფერი აქვს საერთო გუშინ მომხდართან, როცა პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ესროდნენ სხვადასხვა საგნებს პოლიციელებს, როგორ ხდებოდა გადაკეტვა პარლამენტის შესასვლელების და შენობის პიკეტირება.

7 ნოემბრის მოვლენების დროს მოხდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ხელში ჩაგდება, სიხშირის დაუფლება და შემდეგ მისი გადაცემა ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ტელევიზიასთან, ეს იყო უდიდესი კრიმინალი.

ამას მოჰყვა 26 მაისი. ეს შეკრებაც ატარებდა მშვიდობიან ხასიათს, თუმცა თავი რომ დავანებოთ აქციის ხასიათს, 2 ადამიანი მოკლეს, შემოდეს გვამები მაღაზიის თავზე და შემდეგ გვიმტკიცებდნენ, რომ დენმა იმსხვერპლაო. შემდეგ ერთ-ერთის ოჯახის წევრს დაემუქრნენ, რომ შვილი ციხეში გიზის და თუ ხმას ამოიღებ და იჩივლებ, როგორც ქმარი მოგიკალით, ისე მოგიკლავთ შვილსო. აი ამასთან როგორ შეიძლება შედარება გუშინდელი დღის?

და კიდევ ერთი, მე აქ ვიყავი 9 აპრილს, როდესაც რუსეთის პირსისხლიანი ჯალათები არბევდნენ მოქალაქეებს და მათგან განსხვავებით, 2011 წლის 26 მაისს, მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ჩაუკეტა ყველა გასასვლელი და ადამიანებს დასდევდნენ ყველგან, კინოთეატრ „რუსთაველში“, თითოეულ შენობაში შედიოდნენ და სცემდნენ მათ.

ამ ყველაფრის შედარება არ შეიძლება იმასთან, როცა პოლიცია გასცემს პასუხს ადამიანებს, რომლებიც ძალადობენ პოლიციაზე და ცდილობენ სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას“ -  განაცხადა სოზარ სუბარმა.