შალვა პაპუაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რა მოხდა, როგორ მოხდა, ამაზე გამოძიებაც იქნება

შალვა პაპუაშვილი ლევან ხაბეიშვილზე: ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რა მოხდა, როგორ მოხდა, ამაზე გამოძიებაც იქნება

ლევან ხაბეიშვილს ექნება საშუალება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ისაუბროს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით, რომელიც აქციაზე დაშავდა.

„რაც შეეხება ბატონ ლევანს, ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა, როგორ მოხდა, ამაზე გამოძიებაც იქნება და ექნება ბატონ ლევანს საშუალება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ისაუბროს. ყველაფერი გადაღებულია, ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რა მოხდა. ყველა თავის დასკვნებს გამოიტანს, სამართლებრივ დასკვნებს გამოიტანს გამოძიება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინდელი აქციის დროს მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან.

„ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში. ეს არის უკანონო აქტი. თუ გსურთ პროტესტის გამოხატვა, ამისთვის არსებობს მშვიდობიანი ფორმები. როცა გაცდება თქვენი პროტესტი მშვიდობიან ფორმებს, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ვალდებული, ჩაერიოს და მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა დეპუტატებს, გამჭვირვალობის კანონპროექტის დღევანდელი განხილვის დროს დაიცვან რეგლამენტი.

„დღეს განხილვის პროცესში გთხოვთ, ყველა იყოთ კონსტრუქციული. გუშინ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო მუქარა მანდატურების მიმართ, რომ სპრეის მოგასხამთ და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა იყავით კორექტული. გვაქვს რეგლამენტი, რეგლამენტს მივყვებით, ადგილიდან ყვირილი არ იყოს, მოგცემთ გაფრთხილებას, არ დაემორჩილებით წესებს, დაგატოვებინებთ დარბაზს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.