საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ამერიკული ქოლგა წარსულს ჩაბარდა და ევროპამ უნდა შექმნას თავდაცვის საკუთარი სტრატეგია, თუ მას სურს გადარჩენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპას შესაძლოა დასჭირდეს საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო ფარის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და სხვა აღჭურვილობის წარმოება, რათა შეძლოს თავის დაცვა უფრო მტრულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
„აშშ-ს ორი პრიორიტეტი აქვს: ჯერ აშშ და ეს ლეგიტიმურია და შემდეგ ჩინეთის საკითხი. [აშშ-ისთვის] ევროპა არ იქნება გეოპოლიტიკური პრიორიტეტი უახლოეს წლებში, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ჩვენი ალიანსი“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა დაიცვას ის, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, მოკავშირეებთან ერთად თუ მათ გარეშე.
„დასრულდა ეპოქა, როდესაც ევროპა ენერგორესურსებს რუსეთისგან ყიდულობდა, წარმოება ჩინეთში ჰქონდა, ხოლო საკუთარი უსაფრთხოება აშშ-ს ანდო. თამაშის წესები შეიცვალა“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.