უკრაინისათვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე დახარჯული დროისა და პოლიტიკური კაპიტალის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ უკრაინა რუსეთთან ომის მოგებას შეძლებს, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, თუნდაც ახალი დახმარების გათვალისწინებით.
გამოცემა POLITICO ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრძოლის ველზე დინამიკა ძალიან შეიცვალა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ნაწილობრივ იმის გამო, რომ უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოეწურა მაშინ, როდესაც კონგრესი მსჯელობდა მეტი დახმარების გამოყოფაზე.
იმ პერიოდში უკრაინა იბრძოდა აღმოსავლეთში ტერიტორიის შესანარჩუნებლად, თუმცა რუსეთს მნიშვნელოვანი ტერიტორიული მიღწევები არ ჰქონია.
„რუსეთი ინარჩუნებს უპირატესობას ცოცხალი ძალისა და იარაღის კუთხით, ხოლო სიტუაციის შემოტრიალებას დიდი დრო დასჭირდება. აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე სვამენ კითხვებს უკრაინის ტაქტიკისა და პრიორიტეტების შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კიევის კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამია სტატიაში.
„უახლოესი მიზანია, შევაჩეროთ უკრაინის დანაკარგები და დავეხმაროთ უკრაინას, ბრძოლის ველზე სიტუაციის შეცვლაში. ამის შემდეგ მიზანია დავეხმაროთ უკრაინას ტერიტორიის დაბრუნებაში. ექნებათ თუ არა [უკრაინელებს] ის, რაც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის? საბოლოო ჯამში, ექნებათ. მაგრამ არ არის იმის გარანტია, რომ ექნებათ. სამხედრო ოპერაციები ბევრად უფრო რთულია“, - განუცხადა გამოცემა POLITICO-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
კონგრესში კანონმდებლებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება იმის თაობაზე, გამოიწვევს თუ არა უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდება რუსეთის დამარცხებას თუ ეს საკმარისი რუსეთის შეჭრის მხოლოდ დროებით მოსაგერიებლად.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ სამშაბათს მიანიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული გეგმა რუსეთის დამარცხების თაობაზე, თუმცა აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს გეგმის შესამუშავებლად.