აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ჯამში 95 მილიარდ დოლარზე, საიდანაც უკრაინისთვის 61 მილიარდი იქნება გამოყოფილი. პაკეტს მხარი 79 სენატორმა დაუჭირა, 18 კი წინააღმდეგი იყო. ახლა გადაწყვეტილების ამოქმედებისთვის საჭიროა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერა. მან უკვე განაცხადა, რომ ამას 24 აპრილს გააკეთებს.
„ამ კანონს ხელს მოვაწერ, როგორც კი ის ჩემს მაგიდაზე აღმოჩნდება, რათა უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნა მიმდინარე კვირას დავიწყოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სენატორებს მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა უკვე გადაუხადა. „ეს კენჭისყრა აძლიერებს ამერიკის, როგორც დემოკრატიის შუქურასა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის როლს“, - განაცხადა ზელენსკიმ.