აშშ-ის კონგრესში აცხადებენ, რომ ვაშინგტონს შეუძლია უკრაინას შეიარაღების პარტია აპრილის ბოლომდე გადასცეს. ამის შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარკ უორნერმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, შეიარაღების პაკეტში შევა შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები ATACMS, რომლებსაც შეუძლიათ მიზანი 300 კილომეტრის მანძილზე გაანადგურონ. უორნერის თქმით, შეიარაღება უკრაინაში გაიგზავნება „როგორც კი აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაბამის კანონპროექტს მოაწერს ხელს.
უკრაინის დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაამტკიცა, 23 აპრილს კი მას სენატში დაამტკიცებენ, რის შემდეგაც, ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება.
ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტში (ISW) მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცებას ფრონტზე სიტუაციაზე გავლენა „უახლოესი კვირების განმავლობაში არ ექნება“. ამ პერიოდში კი რუსეთი სავარაუდოდ „გამოიყენებს შესაძლებლობების შეზღუდულ ფანჯარას“ და იერიშებს გააძლიერებს, უკრაინამ კი შეიძლება წარუმატებლობა განიცადოს. ინსტიტუტის მიერ 20 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის შეტევის შეკავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ დახმარება კიევში „სწრაფად ჩავა“.