მამუკა მდინარაძე: დღეს, როდესაც ვიღაცებს უნდათ, ისე შემოგვასაღონ ლგბტ პროპაგანდა, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ

მამუკა მდინარაძე: დღეს, როდესაც ვიღაცებს უნდათ, ისე შემოგვასაღონ ლგბტ პროპაგანდა, უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აურიონ, ამას არ დავუშვებთ

დღეს როდესაც ვიღაცებს უნდათ, რომ ისე შემოგვასაღონ ეს [ლგბტ პროპაგანდა] საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. პირიქით, კარგად უნდა გვესმოდეს ყველას ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ქუთაისში განაცხადა, სადაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართება.

„ქართველებს გვაქვს ჩვენი გამორჩეული დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ვერავინ გვასწავლის ტოლერანტობას, ვერავინ დაგვიწუნებს იმ ტრადიციას, რომელსაც ჰქვია ნებისმიერი, განსხვავებული ცხოვრების წესის, განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანის მიმართ რამდენად ვიცავდით საუკუნეების განმავლობაში ყველას უფლებას, მეორე მხრივ, რამდენად იცავდა ყოველთვის ქართველი კაცი და ქალი თავის ოჯახურ ტრადიციებს და ღირებულებებს. დღეს როდესაც ვიღაცებს უნდათ, რომ ისე შემოგვასაღონ ეს [ლგბტ პროპაგანდა] საკითხი, რომ უფლებების დაცვა და პროპაგანდა ერთმანეთში აზილონ, აურიონ, ამას არ დავუშვებთ. ეს არის ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რომ რაც შეიძლება მკაცრად, მკაფიოდ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და ადამიანის უფლებების დაცვა.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არავის აინტერესებს არცერთ ჩვენგანს, არცერთ იმ ადამიანს, რომელიც ამ [ქუთაისის თეატრის] დარბაზშია, ამ ქვეყანაში დიდ უმრავლესობას, ვინ რა ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩვენ ამ ნაწილშიც უნდა ვიყოთ შეუვალები და არავითარ შემთხვევაში რაიმე სახის განსხვავება, უმცირესობის წარმომადგენლობა, ან არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის მიმართ არათუ უფლებების შელახვის, ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულების საფუძველიც კი. ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად, უნდა დავიცვათ ერთნაირად და უპირატესად. ამავე დროს, თუ ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ოჯახური ღირებულებები და ჩვენი არასრულწლოვანები დავიცვათ. მაგალითად Gallup-ის კვლევა არსებობს, რომელმაც დაადასტურა, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა თავის გარკვეულ გავლენას ახდენს. ეს ჩვენ არ გვითქვამს, არც მოგვფიქრებია, მაგრამ დაადასტურა საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებმა. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ ორ რაღაცას მტკიცედ გავმიჯნავთ, მართლები ვიქნებით ნებისმიერი ადამიანის წინაშე, რომ მათ უფლებებს დავიცავთ. მათი ინტერესიც ამაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერის უფლება იყოს დაცული და ამავე დროს, დავიცავთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას“, - აღნიშნა მდინარაძემ.