მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში, რომ [გამჭვირვალობის კანონის მსგავსი] კანონის მიღების შემდეგ საგარეო პოლიტიკური კურსი შეეცვალა სახელმწიფოს, ეს არის უბრალოდ აბსურდი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საპროტესტო აქციებზე, სწორედ არასამთავროები განაგებენ ყველაფერს და ის ხალხი, რომელთა ხმაც უნდა ისმოდეს, აღარ ჩანან. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაცვლად მსჯელობისა, განსხვავებული აზრი უბრალოდ იდევნება და მიდის აგრესიული შეტევები.
„ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია სამოქალაქო საზოგადოებაში. დღესდღეობით, არასამთავრობო ორგანიზაციებს მონოპოლიზებული აქვთ სამოქალაქო საზოგადოება. პარადოქსული რეალობის წინაშე დავდექით. ერთი მხრივ, ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ არიან სიტყვის თავისუფლების მომხრეები. ამ დროს ვხედავთ, რომ სიტყვის თავისუფლება ტოტალურად იდევნება ყველა დონიდან. მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ არიან ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მომხრეები და ამ დროს აქაც კი შერჩევითი სამართალი და ორმაგი სტანდარტი აქვთ. ერთი მხრივ რუსეთზე შესაბამისად რეაგირებენ, მეორე მხრივ, დასავლეთიდან მოსული დირექტივები მათთვის მისასალმებელია.
ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპულ იდეალებზე და ამ დროს ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობას, ძლიერი, უსაფრთხო სახელმწიფოს შენებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თავს ასაღებენ საზოგადოების პროგრესულ ნაწილად და ამ დროს ჩვენი საზოგადოების ღირებულებების ბუნებრივი სისტემისგან სრულიად მოწყვეტილები არიან და ცდილობენ თავს მოგვახვიონ ჩვენთვის არადამახასიათებელი და არაბუნებრივი ღირებულებები“, - განაცხადა ეხვაიამ.
პოლიტოლოგმა ამ კუთხით„იმედის“ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზეც და ამ ფაქტებზე რეაგირებაზე ისაუბრა.
„ესეც ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია, როდესაც მათთვის არასასურველ მხარეზე არ რეაგირებენ ისე, როგორც უნდა რეაგირებდნენ. აშკარად ვხედავთ, რომ თითოეულ აქციაზე ჟურნალისტების და არა მხოლოდ ჟურნალისტების მიმართ არის აგრესიული მოწოდებები და ამაზე არავის აქვს რეაქცია“, - აღნიშნა ეხვაიამ.