ქართული დიპლომატიის მეტი მუშაობაა საჭირო, რათა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა კურსის გადახედვა, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა, - განაცხადა „ქრონიკაში“ ჟეშუვის უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ჭოტორლიშვილმა.
მისი შეფასებით, გამჭვირვალობის კანონპროექტზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქცია მსოფლიოში შექმნილი ვითარებით არის განპირობებული.
„ალბათ თვლიან, რომ ასეთ პერიოდში, როგორშიც ახლა მსოფლიო იმყოფება, საქართველო უნდა ჰყავდეთ უფრო მკაცრს კონტროლზე. ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი ზოგადად დამოკიდებულია იმ როლზე, რომელსაც ეს ქვეყანა ასრულებს მსოფლიო წესრიგში. დღეს მიმდინარეობს ამ გლობალური მსოფლიო წესრიგის გადაკეთება, შევედით საკმაოდ სახიფათო ფაზაში და ხდება გარკვეულწილად შემოწმება ამ ერთიანობის, თუ რამდენად ხელუხლებელია ის კურსი, რომელიც გვაქვს ჩვენ დეკლარირებული“, - განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილი.
იგი ასევე მიიჩნევს, რომ არსებობს ნდობის პრობლემაც.
„ქართული დიპლომატიის მეტი მუშაობაა ამ მხრივ საჭირო, რათა დავარწმუნოთ დასავლელი პარტნიორები, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა კურსის გადახედვა, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა. ჩვენ არ ვიმყოფებით ნატო-ს ქოლგის ქვეშ, ვართ ძალიან საშიშ და ფეთქებად რეგიონში და ამიტომ იძულებული ვართ, ამ ვითარებას ანგარიში გავუწიოთ. მგონია, რომ თუ ამის გაჟღერება მოხდება უფრო კარგად და მკაფიოდ, გავაგებინებთ ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენთვის ახლა მთავარია უსაფრთხოების შენარჩუნება და ეს კანონიც მოწოდებულია იმისთვის, რომ ამ გარდამავალ პერიოდში საქართველოს უსაფრთხოება გაზარდოს“, - განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.