ნიკა მელია ყველა ოპოზიციური პარტიის ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად მიიჩნევს

ნიკა მელია ყველა ოპოზიციური პარტიის ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანების შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად მიიჩნევს

არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ნიკა მელიას კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ერთიან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.

„ვინმეს თუ ესმის ერთობის მნიშვნელობა, ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი არის პარტია „ახალში“. ერთობის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ტიპის, მასშტაბის მონაწილეობა მიგვიღია. ჩვენ არათუ ვიზიარებთ მსგავს იდეებს, არამედ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განგვიხორციელებია. რაც შეეხება კონკრეტულად სააკაშვილს, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია. ვფიქრობ, ახლა ამ კონტექსტში ჩემი მხრიდან აბსოლუტურად უადგილოა საუბარი „ნაციონალური მოძრაობაზე“, იმავე მერაბიშვილზე, სააკაშვილზე, კეზერაშვილზე. მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა. ასე ელექტორალური ერთობა, საარჩევნოდ შექმნილი ერთობა, შეიძლება, საზოგადოების ნაწილისთვის რიტორიკულად მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მჯერა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მისივე თქმით, ერთიანობა, პირველ რიგში, არჩევნებზე საერთო ოპოზიციურ სიას ნიშნავს.