იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გადასაწყვეტია, ბორდს ვინ ჩაუდგება სათავეში, „ნაცმოძრაობის“ შიდა ტექნიკური საკითხები ჩვენი საქმე არაა

იაგო ხვიჩია: სააკაშვილის გადასაწყვეტია, ბორდს ვინ ჩაუდგება სათავეში, „ნაცმოძრაობის“ შიდა ტექნიკური საკითხები ჩვენი საქმე არაა

ნაცპარტიების გაერთიანებაზე მოწოდება ძალიან მოგვწონს, ამას ვურჩევდით კიდეც სააკაშვილს. არჩევნებზე რაიმეს შეცვლა თუ გვსურს, ხალხი არ უნდა დავაბნიოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, უნდა იყოს იმდენი პარტია, რამდენიც რეალურად არსებობს.

„ზოგადად, ჩვენ ძალიან მოგვწონს მიშას განცხადება ერთიანობის ნაწილში, სადაც ის ნაცპარტიებს გაერთიანებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდებს. ჩვენ ასეთ რამეს ვურჩევდით კიდეც მიხეილ სააკაშვილს და დიდი ხანია, ჩვენი დევიზია, რომ რაიმეს შეცვლა თუ გვსურს არჩევნებზე, ხალხი არ უნდა დავაბნიოთ. უნდა იყოს იმდენი პარტია, რამდენიც რეალურად არსებობს – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ეს მიმართულება არის სწორი სვლა. მივესალმებით, რომ „ნაცებმა“ უფრო ეფექტურად განახორციელონ ეს ამბავი. დიდი ხანია, მიშა ამბობს და რაღაცნაირად „ნაცმოძრაობამ“ ვერ დაძრა ეს საკითხი ისე, როგორც, ამ შემთხვევაში, ლიდერ პარტიას ეკადრებოდა, რომ წესიერი შეთავაზებები ყოფილიყო. დიდი ხანია, ვხედავთ, ეს ხალხი იპრანჭება და ამდენი ხნის განმავლობაში არ უერთდება „ნაცმოძრაობას“, რაც „ნაცმოძრაობის“ სისუსტეც მგონია. ხალხს არ სთავაზობს სანდო წინადადებას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს სააკაშვილის განცხადების იმ ნაწილზეც, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

„მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, ბორდს ვინ ჩაუდგება სათავეში. სოფო ჯაფარიძესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით. როგორც არ უნდა იყოს, „ნაცმოძრაობის“ შიდა ტექნიკური საკითხები ჩვენი საქმე არაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.