გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ ანალენა ბერბოკსა და ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ღაზის სექტორის საკითხზე კამათი მოხდა. ამის შესახებ სააგენტო dpa იტყობინება.
უწყების ინფომრაციით, ისრაელურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „არასწორი და შეცდომაში შემყვანია“.
მანამდე ისრაელური Channel 13-ი იტყობინებოდა, რომ ბერბოკის ნეგატიური რეაქცია შეხვედრაზე იმ ფოტოების ჩვენებას მოჰყვა, რომელზეც ღაზის სექტორში პროდუქტებით სავსე ბაზრობები იყო ასახული. ამის შემდეგ ბერბოკმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეუძლია მობილურ ტელეფონში აჩვენოს ფოტოები, რომელიც ღაზაში მასობრივ შიმშილს ასახავს. ბერბოკის განცხადებით, ფოტოები, რომელზეც პროდუქტებით სავსე ბაზრობები იყო ასახული, სინამდვილეს არ შეესაბამება, ნეთანიაჰუმ კი აღნიშნა, რომ ფოტოები ნამდვილი იყო.