სოსო არჩვაძე: ამგვარი გრძელვადიანი და პოზიტიური პროგნოზი ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს

სოსო არჩვაძე: ამგვარი გრძელვადიანი და პოზიტიური პროგნოზი ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯერ არ გაუკეთებია, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური პროგნოზი რამდენიმე ასპექტით იმსახურებს ყურადღებას, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, საქართველოს წინსვლისთვის  საკმაოდ სოლიდური ფაქტორები არსებობს, ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო შეფასებით, საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. კერძოდ, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით:

ა) მშპ-ის რეალური ზრდის ტემპით 2-3-ე ადგილი გაიყო ინდოეთთან (საშუალო წლიური ზრდა = +5.3%);

ბ) მიმდინარე ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით, ვალუტის მყიდველობითი უნარიანობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2029 წელს გადააჭარბებს 35.6 ათას დოლარს, ნაცვლად ამჟამინდელი 23.2 ათასი აშშ დოლარისა;

გ) უცვლელ (მუდმივ) ფასებში მშპ-ის ზრდის ტემპით. - აღნიშნული მაჩვენებელი გაიზრდება14.0 ათას დოლარამდე, ნაცვლად ამჟამინდელი 8.2 ათასი აშშ დოლარისა. 
უკვე ათწლეულის ბოლოს (2030 წელს) საქართველო მყარად დაიმკვიდრებს ადგილს მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის.

აღნიშნული პარამეტრები, გარდა იმისა, რომ საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციის მატარებელი არიან,  განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე მაკროეკონომიკური და მონეტარული ასპექტით. კერძოდ:

ჯერ ერთი, ამგვარი გრძელვადიანი და მით უფრო, პოზიტიური პროგნოზი, ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, ჯერ არ გაუკეთებია. ამით ეს  ორგანიზაცია ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და განვითარების მზარდ პოტენციალს;

მეორე, საქართველოს მოხვედრა ეკონომიკური ზრდით ლიდერ სახელმწიფოებში მით უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით,  რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის კოვიდპანდემიით გამოწვეული ვარდნა ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატებოდა. რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით მოხერხდა ვარდნის არა თუ შეჩერება, არამედ დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა და ამჟამად საქართველოს სამამულო პროდუქტი (მშპ) პანდემიანდელს თითქმის 1.3-ჯერ აღემატება. ეს კი განსაკუთრებით დასაფასებელია მაღალი საერთაშორისო რისკების, გამოწვევებისა და კონიუნქტურის ხშირი და უსისტემო   ცვლილების პირობებში;
მესამე, სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლები გულისხმობენ საქართველოში დაბალ ინფლაციას და მეტ-ნაკლებად სტაბილურ გაცვლით კურსს, რაც პოზიტიური ნიშანია უცხოელი ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებისა და ინვესტორებისათვის ჩვენს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად. ეს კი უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი მულტიპლიკაციური ეფექტის მატარებელია ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის საგრძნობი ამაღლებისთვის.

სავალუტო ფონდიდან წამოსული ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს წინსვლისთვის  საკმაოდ სოლიდური და მზარდი კუმულატიური მუხტის მატარებელი ფაქტორები არსებობენ. ახლა მთავარია, ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობიანი გარემო და სამოქალაქო კონსენსუსი მისი უალტერნატივობის შესახებ." - წერს სოსო არჩვაძე.