ლადო ბოჟაძე: წარმოიდგინეთ, ორგანიზაციას ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ეს ორგანიზაცია არის გამჭვირვალობის წინააღმდეგი

ლადო ბოჟაძე: წარმოიდგინეთ, ორგანიზაციას ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ეს ორგანიზაცია არის გამჭვირვალობის წინააღმდეგი

წარმოიდგინეთ, ორგანიზაციას ჰქვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და ეს ორგანიზაცია არის გამჭვირვალობის წინააღმდეგი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„იგივე ეხება, მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, „სამართლიან არჩევნებს“ და სხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ. ეს დაფინანასება წელიწადში არის, დაახლოებით, 85 მილიონი ლარი. რომ ამბობენ, დეკლარირებას ვახდენთო, იგულისხმება შემოსავლების სამსახურში დეკლარირება, როცა მიგაქვს კონკრეტული საგრანტო ხელშეკრულებები და ეუბნები – მე დამაფინანსეს ამა და ამ თანხით და ამა და ამ პროექტის ფარგლებში გამათავისუფლეთ დღგ-ის გადასახადისგან, თუმცა ისინი არ არიან გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან, 15 მილიონი ლარის მარტო ხელფასები ჩაირიცხეს და მიიღეს და გადაიხადეს საშემოსავლო გადასახადი, თუმცა საგადასახადომ არც იცის, არც აინტერესებს და რომც იცოდეს, ვერ გათქვამს, რა წერია გრანტში, რა მიზნობრიობაა, რა ვადებზეა გათვლილი და ა.შ. ეს არის საიდუმლოება და ყველაზე მთავარი, 70 მილიონი, უბრალოდ, არ ვიცით, რაში დაიხარჯა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე აქციების დაფინანსება სრულიად გაუმჭვირვალეა.

„ჩვენ ახლა ვხედავთ აქციებს, რომლებიც ტარდება. არის სცენა, აპარატურა და ვინმემ თუ თქვა, მე ვარ ამ აქციების ორგანიზატორი და მე ვიხდი სცენის ღირებულებას? არაფერს ვლაპარაკობ ჩანთებზე, ნიღბებზე, კეპებზე, მაისურებზე, ტრანსფარანტებზე და ა.შ.“ – განაცხადა ბოჟაძემ.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ არის არც რუსული, არც ფრანგული და არც ამერიკული, ეს არის ქართული კანონი, რომელსაც ქართული სახელმწიფო, საქართველოს პარლამენტი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს, ხოლო ტერმინი, რომელიც ამ კანონპროექტში ჩაიწერა და სახელი დაერქვა, არის სწორედ ევროდირექტივიდან წამოსული.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა FARA-სთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი, რომელიც აშშ-ში ჯერ კიდევ 1938 წელს მიიღეს და შემდეგ არათუ გააუქმეს, მასში ცვლილებებიც კი შეიტანეს.

„მაშინ ითქვა, რომ ეს იყო ფაშიზმის წინააღმდეგ და კომუნიზმის წინააღმდეგ, თუმცა ფაშიზმიც დამარცხებულია და კომუნიზმიც, მაგრამ ამერიკამ FARA არა თუ გააუქმა, პირიქით, 2016 წელს დამატებითი ცვლილებები შეიტანა. FARA არ ეხება მხოლოდ იმ „ენჯეოებს“ და მედიებს, რომლის 100%-იანი მფლობელებიც ამერიკული კომპანიები ან ფიზიკური პირები არიან და სრულად ფინანსდებიან ამერიკული ფინანსებით, თუმცა თუ ვინმე გარე ფინანსებით ფინანსდება, FARA მათზეც ვრცელდება. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ FARA მტრულ სახელმწიფოებზე ვრცელდება, მაშინ გამოდის, რომ საქართველო აშშ-ის მტრული სახელმწიფო ყოფილა. იმიტომ, რომ სააკაშვილის პენსიონერმა დედამ რომ ლობიზმში მილიონი დოლარი გადაიხადა, მისი შვილის მიერ საქართველოში მოპარული, FARA რომ არა, ჩვენ ამას ვერ გავიგებდით. ასევე კეზერაშვილმა, რომელმაც ფული ქართულ ჯარს მოპარა და ახლა ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების ძარცვას აგრძელებს, ნახევარი მილიონი გადაიხადა იმაში, რომ მის ტელეკომპანიას რაღაც ლობისტური საქმიანობა გამოეწერა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა და სამწუხაროა, როცა ახალგაზრდები თითქოს საქართველოს მომავალს იცავენ იმ ადამინებთან ერთად, რომლებიც 2012 წლამდე ხელისუფლებაში იყვნენ, რომლებსაც ევროინტეგრაციის მიმართულებით არაფერი გაუკეთებიათ და პირიქით, ტერიტორიები გადაუფორმეს რუსეთს, ომამდეც და ომის შემდეგაც სტრატეგიული ობიექტები გაუფორმეს და ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი გაუუქმეს მტრულ სახელმწიფოს, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ევროკავშირს ეხვეწებოდნენ, საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინათ და უვიზო რეჟიმისთვის თუ თავისუფალი ვაჭრობისთვის ხელი არ მოეწერათ.

„დღეს ბატონმა ბიძინამ სწორად ბრძანა, რომ ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. იმიტომ, რომ 2012 წელს, როდესაც ისინი ქართველი ხალხის წინაშე დამარცხდნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა და გაიშალა; მათი ნაწილი სამოქალაქო სექტორში წავიდა, დღეს რომ ვითომ „ენჯეოშნიკები“ არიან, სერგი კაპანაძე და დანარჩენები და სწორედ ეგენი მალავენ დაფინანსებას“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.