რატომ არ შემოდიან მათ მიერ „რუსულ კანონად“ მონათლული კანონის საგნობრივ განხილვაში? იმიტომ, რომ თავშივე იციან, წაგებული აქვთ, - განაცხადა გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა პოზიციის შეფასებისას პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე შეფასებით, ოპოზიციას საპროტესტო აქციების გაგრძელების რესურსი არ აქვს.
„რატომ არ შემოდიან მათ მიერ „რუსულ კანონად“ მონათლული კანონის განხილვაში? იმიტომ, რომ თავშივე იციან, წაგებული აქვთ. ნახეთ, როგორ არის კონტენტი მოწოდებული ჩვენი პარტნიორებისთვის - კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით. ჩვენი პარტნიორების რეაქციაც არის არა რაღაც კონსოლიდირებული ჯგუფის, არამედ რამდენიმე ადამიანის, ნაცნობი სახეებისა, რომლებიც ამ ექსტრემისტულ მოქმედებებს ადრეც ახალისებდნენ, დღესაც ახალისებენ და ხვალაც იგივე სიტუაციის ავანგარდში იქნებიან. სოციალურ სივრცეს და სოცმედიასაც რომ დავაკვირდეთ, ადამიანები ამას უკვე აღარ იჯერებენ, მათთვის ეს არ არის საინტერესო. დღესდღეობით საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე იმდენი გამოწვევაა, რომ ეს მათ არ აინტერესებთ. ყველამ, ვისაც კითხვა და აზრის გამოტანა შეეძლო, წაიკითხა და ნახა ეს შინაარსობრივად“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.