მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას [NED-ს] რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა ქართველ ხალხს თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და არ გეტყვით რას ვაკეთებ, რადგან შეიძლება იფიქროთ, რომ რადიკალიზმია, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით, ამისი უნარი ჯერ არ გაქვთ, რომ გააცნობიეროთო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები გაასაჯაროებენ ფინანსებს, იქნება თუ არა საჭიროება გამჭვირვალობის კანონის მიღების.
„ჯერ დავსვათ კითხვა - რატომ ხდება ასე, რომ თავს იწუხებენ სხვადასხვა სტრუქტურები, რომ დადონ [შემოსავლებზე ინფორმაცია]. მარტივი მიზეზია - მალავენ. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ვინაიდან მე მაგალითად NED-ის ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრები შარშან. გაზაფხულზეც მქონდა, შემდეგ კიდევ მქონდა შეხვედრა. შემპირდნენ, რომ გაასაჯაროებდნენ [ფინანსებს] და არ გაასაჯაროვეს. ამას რა ჰქვია? ამას ჰქვია მხოლოდ ერთადერთი სახელი - დამალვა. ვის უმალავენ? მე ვეუბნებოდი არა იმას, რომ ჩემთვის გამოეგზავნათ, არამედ გაესაჯაროებინათ. ხალხს უმალავენ. ახლა მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას [NED-ს] რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს ქართველ ხალხს თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს, მილიონებს პოლიტიკურ პროექტებში, ამბობს, რომ ჩამოვედი ჩემი ფულით, ქართველო ხალხო, თქვენ ახლა უნდა გაგიკეთოთ სიკეთე, ოღონდ არ გეტყვით რას ვაკეთებ. ეს დაფარული სიკეთე იქნება. ამას თქვენ ვერ გააცნობიერებთ, რატომ უნდა იცოდეთ ეს სიკეთე, შეიძლება ვერ მიხვდეთ, ან რომ ნახოთ, შეიძლება გეგონოთ, რომ ეს არ არის სიკეთე და იფიქროთ, რომ რადიკალიზმია, მაგრამ თქვენ ვერ მიხვდებით, ამისი უნარი ჯერ არ გაქვთ, რომ გააცნობიეროთ, ამიტომ გაჩუმდით, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, ფულს დავხარჯავ და ამ სიკეთეებს თქვენ იგრძნობთო. ეს არის ქედმაღლური დამოკიდებულება სინამდვილეში, სხვა არაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.