ამირან სალუქვაძე: საქართველოს დანის პირზე მოუწევს გავლა, ადროონ ხელისუფლებას საგარეო რისკების მართვა

ამირან სალუქვაძე: საქართველოს დანის პირზე მოუწევს გავლა, ადროონ ხელისუფლებას საგარეო რისკების მართვა

საქართველოს დანის პირზე მოუწევს გავლა, ადროონ ხელისუფლებას საგარეო რისკების მართვა, - ამის შესახებ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ „დღის ქრონიკაში“ რეგიონში შექმნილი ვითარების განხილვისას განაცხადა.

ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დარეგულირებული ყარაბაღის საკითხი, რუსეთისთვის არასახარბიელო პროცესები ვითარება სომხეთშიც, ხოლო უკრაინაში გამოჩნდა, რომ რუსეთი თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. მისი შეფასებით, რთულია გათვლა, ამ ვითარებაში როგორ იმოქმედებს რუსეთი საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან გამოწვევები მზარდია. ირანი და ახლო აღმოსავლეთი ცოტა უფრო შორსაა და ჩვენ ახლოს გვაქვს რუსეთისთვის საშიში, მიუღებელი პროცესები. რუსეთი კავკასიაში გავლენებს კარგავს და თავის სასარგებლოდ სიტუაციის შემობრუნებას როგორ გადაწყვეტს, უცნობია. გასაგებია, რომ ჩვენთან ის ოკუპანტი სახელმწიფოა, ამ კუთხით ყველაზე რთული სიტუაციაა. სომხეთშიც რუსეთისთვის არასახარბიელო პროცესები მიმდინარეობს. ეს სათამაშო თემა არ არის. ეს ირან-ისრაელზე სახიფათოა, იმიტომ, რომ არ ვიცით, რუსეთის შესაბამის სტრუქტურებსა და კაბინეტებში რაზე საუბრობენ და რა სცენარებს ამზადებენ“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისი შეფასებით, ამ ვითარებაში ქვეყანას დანის პირზე მოუწევს გავლა.

„ამიტომ მოგვიწევს დანის პირზე გავლა მთელ ქვეყანას, ძალიან ფრთხილად და ეს უნდა გაითავისოს ყველამ. შეკრებენ რაღაც რაოდენობის ადამიანებს და ჩვენს პოლიტიკოსებს ჩამოუყალიბდათ განცდა, რომ აი, თუ ამდენი შევკრიბე რუსთაველზე, მაქვს უფლება, უკვე ხალხის სახელით ვისაუბრო და რაღაც მოთხოვნები წამოვაყენო. არ არის ეს ასე, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებს. ამ რისკების მართვა აცადონ მათ, ვინც მოსახლეობამ აირჩია. ადროონ ხელისუფლებას საგარეო რისკების მართვა. ხელისუფლება არის ამაზე ხალხის წინაშე პასუხისმგებელი. ამ არჩევანს მოსახლეობა ხელახლა გადაწყვეტს უკვე სულ მალე, ხუთ თვეში“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.