არჩილ თალაკვაძე: მინდა ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო ჟურნალისტების მიმართ

არჩილ თალაკვაძე: მინდა ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო ჟურნალისტების მიმართ

მინდა კიდევ ერთხელ, ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო ჟურნალისტების მიმართ - მათ მიმართ, ვის წინააღმდეგაც უხეში ფორმებით ადგილი ჰქონდა საქმიანობის ხელის შეშლას. იმედი მაქვს, შესაბამისი სამსახურები ჯეროვან, კანონიერ რეაგირებას გააკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „დღის „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

ასევე, მან მედიის თავისუფლების დასაცავად ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ორმაგი სტანდარტისთვის გააკრიტიკა.

„ვგმობთ ძალადობას. პირველ რიგში, მიუღებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლა ასეთი უხეში ფორმებით, რაც ახლა ვნახეთ. ცხადია, როდესაც მთავრდება არგუმენტები, იქ იწყება აგრესია, იქ იწყება ძალადობა და აშკარად, მეორე მხრიდან შეინიშნება არგუმენტების ნაკლებობა და ცხადია, მსჯელობაში ჩართვის სურვილი არის ძალიან მცირე. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს კამპანია მთლიანად არის ორკესტრირებული და მიდის ლოზუნგებით ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ისეთი კანონების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ემსახურება.

რაც შეეხება ჟურნალისტებს, მინდა კიდევ ერთხელ, ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო ამ ეთერში ჟურნალისტების მიმართ. მათ მიმართ, ვის წინააღმდეგაც ასეთი უხეში ფორმებით ადგილი ჰქონდა საქმიანობის ხელის შეშლას. იმედი მაქვს, შესაბამისი სამსახურები ამაზე ჯეროვან, კანონიერ რეაგირებას გააკეთებენ. ვიცი, რომ ეს პროცესი დაწყებულია. ეს უნდა იყოს გაკვეთილი ყველასთვის, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს.

აქვე, ძალიან თვალსაჩინოა ის ორმაგი სტანდარტი და ფარისევლური დამოკიდებულება, რომელიც სხვა შემთხვევებში მედიის თავისუფლების თავგამოდებული დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან დღეს აშკარაა, რომ ხმა არ ამოიღეს და არანაირი შეფასება არ გააკეთეს ამასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ჟურნალისტების დასაცავად მხოლოდ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იმ ჟურნალისტებს ეხება საქმე, ვინც მათ ლოზუნგებსა და პოზიციებს არ ეთანხმება, შესაძლოა, ან ისე არ აშუქებს, როგორც მათ უნდათ. ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტი. შერჩევითი მიდგომა და შერჩევითი სამართლიანობა, რაც პირველ რიგში, ძირს უთხრის და აზიანებს სამოქალაქო საზოგადოების იდეას.

როდესაც პრეტენზია გაქვს სამართლიანობაზე, ობიექტურობაზე და სხვას მოუწოდებ კანონის შესრულებისკენ და მორალს სხვას უკითხავ, პირველ რიგში, შენ უნდა იყო მორალისა და კანონის სადარაჯოზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ჟურნალისტს ეხება ეს. როდესაც ასეთი ფორმით ძალადობასა და შეურაცხყოფას აქვს ადგილი, ეს არის დასაგმობი იმის გარკვევის გარეშე, თუ ვის პოზიციას ეთანხმება ან არ ეთანხმება კონკრეტული ჟურნალისტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.