შალვა პაპუაშვილი: მილიონერი „ენჯეოების“ ლიდერები რიყავენ მედიას - კომენტარზე უარს ეუბნებიან „იმედსა“ და მათთვის მიუღებელ სხვა ტელევიზიას, აღვივებენ აგრესიას

შალვა პაპუაშვილი: მილიონერი „ენჯეოების“ ლიდერები რიყავენ მედიას - კომენტარზე უარს ეუბნებიან „იმედსა“ და მათთვის მიუღებელ სხვა ტელევიზიას, აღვივებენ აგრესიას

აქციების გაშუქებისას „იმედის“ და სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმამ აჩვენა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა დონორ ორგანიზაციებს, გამოეხმაურონ მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტებზე განხორციელებული აგრესიის ფაქტებს.

„ენჯეოები“, რომლებიც იქ განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ, მათი მხრიდან ვნახეთ თავდასხმები მედიაზე და ისინი არიან ის „სამოქალაქო აქტივისტები“, რომლებიც ფინანსდებიან, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან. ჩვენ ვნახეთ „კანვასისა“ და სხვების ტრენინგები. აი, იქ ნასწავლი მეთოდები და იქ გაღვივებული სიძულვილი არის სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებზე - ეს არის გარკვეული ნაწილის „ეჯეოების“ აქტივიზმი. მილიონერი „ენჯეოების“ ლიდერები რიყავენ მედიას - გახსოვთ, კომენტარზე უარს ეუბნებიან „იმედსა“ და სხვა ტელევიზიას, რომელიც მათთვის მიუღებელია. აღვივებენ აგრესიას და შემდეგ ეს აგრესია ჩამოდის ქვემოთ და „ენჯეოს“ ჩვეულებრივი წევრი ჟურნალისტის ძალადობაზე ან აგრესიაზე გადადის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გამოეხმაურონ ამ საკითხს ის დონორი ორგანიზაციები, რომლის დაფინანსებული „ენჯეობიც“ იყვნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ამ აქციების ორგანიზატორები. გაემიჯნონ ამ ყველაფერს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი აბაზაძე გამოკითხვაზე დაიბარა.

გიორგი აბაზაძე უწყებაში პარლამენტთან გამართული აქციის მონაწილეების მიერ მის წინააღდეგ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე იმყოფება. 16 აპრილს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები გიორგი აბაზაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.