გერმანიის ქალაქ ბაიროიტში პოლიციამ დააკავა ორი ადგილობრივი, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა და დივერსიების მომზადება ედებათ ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას Der Spiegel-ი და ბავარიის რეგიონის გენპროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულები არიან 39 წლის დიტერ ს. და 37 წლის ალექსანდერ ი. ორივე დაკავებულს გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. გამოძიების ცნობით, ორივე დაკავებული უცხო ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობდა, ამასთანავე, დიტერ ს.-ს ბრალად ედება აფეთქებების ორგანიზება, სადაზვერვო აგენტურული საქმიანობა და სამხედრო ობიექტების ფოტო-ვიდეო გადაღება.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი სწორედ დიტერ ს.-ია, ხოლო საქმის მეორე ფიგურანტი მას 2024 წლის მარტიდან ეხმარებოდა.
გამოძიების მტკიცებით, დიტერ ს.-ს კონტაქტი ჰქონდა რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულ ადამიანთან და 2023 წლის ოქტომბრიდან გადასცემდა მას ინფორმაციას გერმანიაში შესაძლო დივერსიული აქციების შესახებ. კერძოდ, გამოძიების მტკიცებით, დიტერ ს.-მ განუცხადა თანამოსაუბრეს, რომ მზად არის ცეცხლი წაუკიდოს და ააფეთქოს სამხედრო ობიექტები და სამრეწველო საწარმოები.
გარდა ამისა, გამოძიება მიიჩნევს, რომ 2014-2016 წლებში დიტერ ს. უკრაინაში, დონბასელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, რაც გერმანული კანონმდებლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას ნიშნავს.