თინა ბოკუჩავა: მოვუწოდებთ ივანიშვილის პარტიას, მავნებლური კანონის განხილვის ნაცვლად, აქციაზე ახალგაზრდებს ჩახედონ თვალებში და დადონ პირობა, რომ აღარასდროს შემოაბრუნებენ რუსულ კანონს

თინა ბოკუჩავა: მოვუწოდებთ ივანიშვილის პარტიას, მავნებლური კანონის განხილვის ნაცვლად, აქციაზე ახალგაზრდებს ჩახედონ თვალებში და დადონ პირობა, რომ აღარასდროს შემოაბრუნებენ რუსულ კანონს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ტყუილი აღმოჩნდა დაპირება, რომ აქციაზე დარბევა არ იქნებოდა. ბოკუჩავას თქმით, თავად შეესწრო, ჩიტაძის ქუჩაზე როგორ დაიწყო პირველი დარბევა და გაშვებული იქნა წიწაკის სპრეი, თუ მხუთავი აირი.

„ბევრ ტყუილთან ერთად, რომელიც მოვისმინეთ მამუკა მდინარაძისგან რუსულ კანონზე ორდღიანი საპარლამენტო განხილვისას, გუშინ, განხვილვის დასრულებისას მდინარაძისგან მოვისმინეთ კიდევ ერთი ტყუილი, რომ არ იქნებოდა დარბევა და არცერთ ახალგაზრდას არაფერი დაუშავდებოდა, იმისთვის, რომ ისინი გაეპარებინა პოლიციის კორდონს პარლამენტის შენობიდან. ეს იყო მორიგი სამარცხვინო ტყუილი მდინარაძის და ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, რადგან თავად ვიდექი ჩიტაძის ქუჩაზე, როდესაც დაიწყო პირველი დარბევა, როდესაც მოგვწამლეს წიწაკის სპრეით, თუ მხუთავი აირით, შემდეგ გაგრძელდა დარბევა და უამრავი ახალგაზრდა იყო ნაცემი. მათ შორის, ძალიან ბევრი მათგანი, რომელიც იყო დაკავებული, იყო ასევე სასტიკად ნაცემი, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით ამ ადამიანებს, რადგან არ ვიცოდით მათი ადგილსამყოფელი.

მესმის, რომ ძალიან რთულია ამ კადრების ნახვა ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ძალიან მძიმეა ამ კადრების ნახვა მშობლებისთვის. ასეთი ძალიან ბევრი შემხვდა გუშინ აქციაზე, ისევე როგორც გვიან ღამით სახლში დაბრუნებულს სამეზობლოში, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მათი ორი შვილი, სამი შვილი არის აქციაზე წასული, ისინი იყვნენ პარლამენტის უკან, ჩიტაძეზე, სადაც მე ვიყავი მათ შორის და ვერ უკავშირდებოდნენ შვილებს. ძალიან მძიმეა, მაგრამ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ნახოს ივანიშვილის რეალური სახე, რომელიც 12-წლიანი მმართველობის ბოლოს ახალგაზრდებს უპირისპირდება იმისთვის, რომ ისინი საკუთარ დებთან და ძმებთან, თანაკურსელებთან, თანატოლებთან, მეგობრებთან ერთად მშვიდობიანად იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, საკუთარ ევროპულ მომავალს. მხოლოდ ამისთვის, ივანიშვილის პარტიის მუკანონო მითითებებით უმოწყალოდ სცემდნენ წაქცეულ ადამიანებს. ჩიხებში და ქუჩებში სათითაოდ დასდევდნენ ახალგაზრდებს, დასდევდნენ იარაღით, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ გოგონებს, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის ბოლო და ეს არის მისი რეალური სახე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, მოუწოდებს სახალხო დამცველს, გააკეთოს განცხადება და აღწეროს არაპროპორციული ძალის გამოყენება.

„ჩვენ ამ კადრებს ასევე მივაწვდით საქართველოს საერთაშორისო მეგობრებს, რომ მათაც იცოდნენ, რა ფასი უჯდებათ საქართველოს ახალგაზრდებს ევროპული მომავლის დაცვა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შეაჩეროს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

მოვუწოდებთ ივანიშვილის პარტიას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს რუსული კანონი. შეჩერდეს რუსული კანონის განხილვა. ნაცვლად იმისა, რომ ეს მავნებლური და მოღალატეობრივი კანონი განიხილონ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ჩამოვიდნენ, შემოგვიერთდნენ აქციაზე, ახალგაზრდებს ჩახედონ თვალებში და მათთან დადონ პირობა, რომ იმ 6 თვის მანძილზე, რაც მათ დარჩენიათ, აღარასდროს შემოაბრუნებენ რუსულ კანონს ქართულ პარლამენტში. მათ ჩახედონ თვალებში და მათ წინაშე აიღონ ეს პირობა. ასევე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი პროტესტანტები და დაუყოვნებლივ დადგეს შსს მინისტრის და ყველა იმ პოლიციელის თუ სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც გუშინ ან უკანონო დავალებას გასცემდა ან უკანონო დავალებას ასრულებდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.