გიორგი აბაზაძე: როცა ჩვენს მიმართ არის აგრესია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიტიკური ლიდერები არასდროს გამოხატავენ რაღაც რეაქციას, რომ დაგმონ, მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ

გიორგი აბაზაძე: როცა ჩვენს მიმართ არის აგრესია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიტიკური ლიდერები არასდროს გამოხატავენ რაღაც რეაქციას, რომ დაგმონ, მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ

ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ „იმედი Live“-ში მასზე თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიას „იმედის“ გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ რიგ შემთხვევაში პოლიტიკური ლიდერები უწყობენ ხელს და გაიხსენა შარშან მარტში მიმდინარე აქციები, სადაც „იმედის“ საწინააღმდეგო მოწოდებები ხშირად ისმოდა.

„როცა ჩვენს მიმართ არის აგრესია, სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიტიკური ლიდერები არასდროს გამოხატავენ რაღაც რეაქციას, რომ დაგმონ, მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ. პირიქით, შარშანაც იყო მოწოდებები, რომ გასცლოდნენ „იმედის“ მიკროფონს, არ გამოჩენილიყვნენ ჩვენთან ახლოს. ეს არის წაქეზება, რომ „იმედი“ არის ვიღაცის მტერი, რომ ჩვენზე იყოს განსაკუთრებული თავდასხმა. აქ არ იყვნენ მხოლოდ ახალგაზრდები. კადრშიც ჩანდა. ყველა იყო ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით“, - აღნიშნა აბაზაძემ.

წამყვანის კითხვაზე, სად არიან ხოლმე პოლიტიკოსები, როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა ხდება, ჟურნალისტმა განაცხადა, რომ როდესაც თავს დაესხნენ, ახლოს მხოლოდ ნიკა გვარამია შენიშნა.

„დღეს რამდენიმე ლიდერი დავინახე - ხაზარაძე, ჯაფარიძე, უგულავა, მელია და გვარამია. ბოლოს, როდესაც თავს მესხმოდნენ, ამ დროს მხოლოდ გვარამია შევნიშნე, რომელიც ისევ იდგა გამაგრებული პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, სადაც დაახლოებით 19:00 საათზე მივიდა და მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ ერთგვარი კორდონის გაკეთების საშუალება არ მიეცათ სამართალდამცველებისთვის. ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს ვაშუქებდით და ვყვებოდით ამბავს რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩაზე და ა.შ.“ - აღნიშნა ჟურნალისტმა.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს. ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.