ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე: ეს იყო უკონტროლო და გავეშებული თავდასხმა ჩემი, როგორც ჟურნალისტის და „იმედის“ ლოგოს მიმართ. მინდა ვთხოვო ყველა ლიდერს, ყველა აქტივისტს, ნუ შეგვიშლიან ხელს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში

ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე: ეს იყო უკონტროლო და გავეშებული თავდასხმა ჩემი, როგორც ჟურნალისტის და „იმედის“ ლოგოს მიმართ. მინდა ვთხოვო ყველა ლიდერს, ყველა აქტივისტს, ნუ შეგვიშლიან ხელს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში

ხელები, ფეხები, წყლის შესხმა, შეურაცხყოფა ოჯახის წევრების მიმართ, გინება - ეს იყო უკონტროლო და გავეშებული თავდასხმა ჩემი, როგორც ჟურნალისტის და „იმედის“ ლოგოს მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ „იმედი Live-ში“ განაცხადა.

მან მიმართა აქციაზე მყოფებს, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.

„ეს იყო გავეშებული და უკონტროლო თავდასხმა ჩემი, როგორც ჟურნალისტის და არხის ლოგოს მიმართ. სადაც დაინახავდნენ „იმედის“ მიკროფონს, ლოგოს იყო უკონტროლო და გავეშებული თავდასხმა. სამწუხარო არის ის, რომ ერთმანეთს აქეზებდნენ აქციის მონაწილეები. მე შარშან, მარტის აქციებსაც ვაშუქებდი და იგივე აგრესია იყო ჩვენ მიმართ, ჩემი ოპერატორის, თენგო მჭედლიძის მიმართ, რომელიც დღესაც ჩემთან ერთად მუშაობდა. შარშან სწორედ მას მოხვდა, აქციის მონაწილისგან ნასროლი ქვა. დღეს რაც მოხდა, ეს იყო აღუწერელი. მე არ ვიცი კადრში რა ჩანდა, ვერ ვადევნებდი თვალყურს. ხელები, ფეხები, წყლის შესხმა, შეურაცხყოფა ოჯახის წევრების მიმართ, გინება - ეს იყო უკონტროლო და გავეშებული თავდასხმა. მე მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც დღეს იყო ამ აქციის ორგანიზატორი, ყველა აქტივისტს, ახალგაზრდებს და ყველას, ვინც იქ იმყოფებოდა. ნუ შეგვიშლიან ხელს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. მე ვაშუქებდი იმას, რასაც ვხედავდი და ვყვებოდი, რა ხდებოდა უშუალოდ ჭიჭინაძის ქუჩაზე“, - აღნიშნა აბაზაძემ.

მისივე თქმით, არხის ხელმძღვანელობამ, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ „იმედის“ გადამღები ჯგუფს ტერიტორია დაეტოვებინა.

„გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს. ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.