პეკინში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შოლცი ჩინურ მხარესთან უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს, კლიმატის ცვლილების საკითხებსა და გერმანია-ჩინეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას განიხილავს.
შოლცის თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიამ სერიოზული უარყოფითი გავლენა მოახდინა ევროპის უსაფრთხოებაზე და ის პირდაპირ აზიანებს ევროპულ ინტერესებს. გარდა ამისა, შოლცის თქმით, რუსეთის ქმედებები აზიანებს მთელ საერთაშორისო წესრიგს, რამეთუ ეწინააღმდეგება გაეროს წესდების ძირითად პრინციპს - საზღვრების ურღვეობის პრინციპს.
„მსურს ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად“, - განუცხადა შოლცმა სი ძინპინს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბერლინმა და პეკინმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ როგორც კლიმატის დაცვის საკითხებზე, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად.
თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩინეთი გერმანიასთან თანამშრომლობისკენაა მიმართული.
„ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება იყოს. უნდა მოვძებნოთ შეხების წერტილები, განსხვავებების მიუხედავად, და ვისწავლოთ ერთმანეთისგან“, - აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.
მისივე თქმით, დაიწყო ტურბულენტობის ახალი ერა, რომლის დროსაც კაცობრიობის წინაშე არსებული რისკები გაიზრდება, ამიტომ ამ პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა თანამშრომლობა მსხვილ სახელმწიფოებს შორის.