შვეიცარიის შუამავლობით ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალმა, მუჰამედ ბაგერიმ.
მისი თქმით, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული ოპერაცია წარმატებული იყო.
„ოპერაცია წარმატებული იყო და ის დასრულებულია. ჩვენ არ ვგეგმავთ მის გაგრძელებას, მაგრამ თუკი სიონისტური რეჟიმი რაიმე სახის მოქმედებას დაიწყებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის მიწაზე თუ ირანის საკუთრებაზე - სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, საპასუხო ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება. შვეიცარიის შუამავლობით ჩვენ ვაცნობეთ აშშ-ს, რომ თუ ის მონაწილეობას მიიღებს სიონისტური რეჟიმის აგრესიაში, რეგიონში არსებული მათი ბაზები და სამხედრო ობიექტები ჩვენს სამიზნეში მოექცევა“, - განაცხადა გენერალმა მუჰამედ ბაგერიმ.
ირანმა ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იორდანიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ დრონებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელში კი 10 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.