მე არ ვიცი რუსული კანონი, რომელიც ჩვენ დღეს აქ უნდა განვიხილოთ. ასეთი კანონპროექტი არ არსებობს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი სხდომა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ესწრებიან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მაქსიმალურად ყველას მივეცით საშუალება, რომ დღევანდელ სხდომას დასწრებოდა. ჩვენი ამოცანაა, რომ თუ გსურთ საკითხები განვიხილოთ შინაარსობრივად, უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენს საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს წვდომა პირდაპირ ეთერში, კონკრეტული საკითხების მსჯელობაზე. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ, რომ ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას, რასაც მოჰყვება შემდეგ თქვენი მხილება. კანონპროექტის სახელწოდება თქვენ იცით და გთხოვთ, თუ კონკრეტულ კანონპროექტს გულისხმობთ, ბრძანეთ რომელ პროექტს გულისხმობთ. მე არ ვიცი რუსული კანონი, რომელიც ჩვენ დღეს აქ უნდა განვიხილოთ. ასეთი კანონპროექტი არ არსებობს. თუ რაიმეს დაზუსტება გსურთ, ბრძანეთ და გთხოვთ, ისაუბრეთ ფაქტებით და ნუ მივცემთ ერთმანეთს სივრცეს, რომ მოგვიწიოს შეგაწყვეტინოთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, ხმაურით დაიწყო.
ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებამ გამოიწვია. მან კანონპროექტს რუსული უწოდა, რასაც უმრავლესობის წევრები შეეწინააღმდეგნენ.