კანონპროექტში საუბარია გამჭვირვალობაზე, იმაზე, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ვინ საიდან ფინანსდება და კანონის მეორე მუხლშივე წერია, რომ ეს კანონი არ არის მიმართული ვინმეს საქმიანობის შეზღუდვისაკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება არსებობდეს. როდესაც ევროკავშირშიც დაიწყო ამ კანონპროექტზე მუშაობა, ევროკავშირის საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ევროკომისიას ეს დირექტივა შეექმნა. მაგრამ მათი პროტესტი არ ეფუძნება იმას, რომ ბრენდირება მოახდინონ რამის და რუსული კანონი უწოდონ და მოკლან დისკუსია.
ის კამპანია, რაც ჩვენთან მიმდინარეობს კანონის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ აზროვნების წინააღმდეგ არის მიმართული. ანუ, ჩვენ, არ უნდა ვიაზროვნოთ, არ უნდა ვიმსჯელოთ და ბრმად უნდა დავიჯეროთ რაღაც. იმას, რაც ხდება სოციალურ მედიაში, თუნდაც პოსტების დაბლოკვა, აზრის გამოხატვის შეზღუდვა, იმიტომ რომ თურმე სერგი კაპანაძე არის ამ ქვეყანაში ვინც განსაზღვრავს რა არის სიმართლე და რა ტყუილი, აბსურდამდე მივყავართ. მერე ეს ადამიანები გელაპარაკებიან, რომ თურმე შენ გინდა ამ კანონით ვიღაცის შეზღუდვა. კანონი საერთოდ არ სჭირდებათ, რომ ჩემი სიტყვა სოციალურ ქსელებში დაბლოკონ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.