ნინო წილოსანი თარჯიმნის მიერ ოლაფ შოლცის ფრაზის ინტერპრეტირებაზე: გერმანიასთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანის ძალისხმევა ვერ გააბათილებს

ნინო წილოსანი თარჯიმნის მიერ ოლაფ შოლცის ფრაზის ინტერპრეტირებაზე: გერმანიასთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანის ძალისხმევა ვერ გააბათილებს

გერმანიასთან თანამშრომლობას და პარტნიორობას ვერც ერთი და ვერც ორი ადამიანის ძალისხმევა ვერ გააბათილებს და ვერ მოერევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა “დღის ქრონიკაში” ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერის ფრაზის თარგმნისას ინტერპრეტირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“გერმანია საქართველოს ისტორიული პარტნიორია. ეს ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკიდან დაიწყო. გერმანია უდიდეს ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ საქართველოს დაუჭიროს მხარი და გაგვაძლიეროს. ამ თანამშრომლობას და პარტნიორობას ერთი და ორი ადამიანის ძალისხმევა ვერ გააბათილებს და ვერ მოერევა. მათი გამარჯვებები არის მომენტალურ, მყისიერ შედეგზე გათვლილი, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი აუცილებლად ირკვევა, ისევე როგორც იყო ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას. აპირებდნენ, რომ არმინიჭების გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მათი მხრიდან გამოყენებული ხელისუფლების ჩამოგდების, ძალაუფლების უკანონო გზებით დაუფლებისთვის. შემდეგში კანდიდატის სტატუსის მიღებამ ყველაფერი ნათელი გახადა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე შეფასებით, გუნდი, რომლის მხარდამჭერიცაა თარჯიმანი, რომელმაც ოლაფ შოლცის ფრაზის ინტერპრეტირება მოახდინა, ყველაფრის გამყალბებელია.

“წარმოიდგინეთ, როგორ თავხედობასთან გვაქვს საქმე - მან თავისი ინტერპრეტაციით გადაწყვიტა, რომ გერმანიის კანცლერმა რაც თქვა, ის ამ ყველაფერში სიტყვა “აგენტს” გულისხმობდა. იმდენად თავზე გასულები არიან, არაფერს აღარ ერიდებიან და იყენებენ პატარა შესაძლებლობასაც კი, ყველაფერს აყალბებენ. ეს არის ყველაფრის გამყალბებელი პოლიტიკური გუნდი თავის მხარდამჭერებიანად და ეს ადამიანი არის აქტიური წარმომადგენელი და ფაქტობრივად, მათი ნაწილი”, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა აღიარა, რომ შოლცის განცხადება გააყალბა და „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ „აგენტების კანონი“ სრულიად შეგნებულად უწოდა.