გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამ სახით კანონს არ მიიღებთო, ისევე როგორც თქვა ევროკავშირზეც - როგორც ჩანს, არ მოსწონს არც ევროდირექტივა, არც ქართული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ მსგავსი კანონი არ არსებობს, მსგავსი არც ჩვენთან არსებობს. არსებობს ასეთი კანონი ჩვენთან? ხომ არ არსებობს, ასევე არ არსებობს ევროკავშირში. ჯერ არაა ევროკავშირშიც, იქაც დაინიცირებულია, ჩვენთანაც დაინიცირებულია, ჯერ არ არსებობს ასეთი კანონი. ეს თქვა გერმანიის კანცლერმაც. მან, სხვათა შორის, იმედი გამოთქვა, რომ არ მიიღებთო თქვენ ამ სახით საქართველოში, ისევე როგორც თქვა ევროკავშირზეც.
გერმანიის კანცლერს თავისი აზრი აქვს და ის კაცი დაუპირისპირდა მათ შორის ევროკავშირის ინიციატივას და დირექტივას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს და მსგავსი სფერო. ამ სფეროს რეგულირების ევროპისეულ ვერსიასაც შეეწინააღმდეგა, იმედი მაქვს, აქაც არ მიიღებენო, მსგავსი სიტყვები თქვა. ანუ, მას აქვს თავისი პოზიცია, არ მოსწონს, როგორც ჩანს, არც ევროდირექტივა, არც ქართული, ეს მისი საქმეა“, – განაცხადა მდინარაძემ.