კანადა თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჯასტინ ტრუდოს მთავრობა მიიჩნევს, რომ არქტიკის დაცვა, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეზე რეაგირების აუცილებლობა, თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს.
კანადის მთავრობის შეფასებით, ახალი პოლიტიკა 2029-2030 წლებისთვის სამხედრო ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 1,76 პროცენტამდე გაზრდის. ახალი თავდაცვითი პოლიტიკა მოიცავს კანადის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი აღჭურვილობის მიწოდებას, როგორიცაა: შორ მანძილზე მოქმედი დისტანციური სათვალთვალო თვითმფრინავები, რაკეტები, უპილოტო მრავალფუნქციური ვერტმფრენები, საჰაერო თავდაცვის სისტემები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და ახალი წყალქვეშა ნავები.
როგორც „როიტერი“ წერს, გადაწყვეტილებას მიესალმა შეერთებული შტატები, რომელიც თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად კანადაზე ზემოქმედებას წლების განმავლობაში ახდენდა.