უკრაინის ვიცე-პრემიერმა დაადასტურა გაზეთ The New York Times-ის ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიწვევას

უკრაინის ვიცე-პრემიერმა დაადასტურა გაზეთ The New York Times-ის ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიწვევას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიწვევას.

მანამდე გაზეთ The New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვაშინგტონის სამიტზე ნატოს წევრი ლიდერები უკრაინის ალიანსში მიწვევას არ გეგმავენ. The New York Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და აშშ.

„შეგახსენებთ, რომ მიწვევის ფორმატი თავად უკრაინამ განსაზღვრა, როგორც ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი გარანტია. ეს შუალედური გადაწყვეტილებაა და არ არის საბოლოო. ის დღის წესრიგშია. აბსოლუტურად ყველა მოკავშირე მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას, გარდა ორისა. მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია საჯარო გახდა [The New York Times-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ], აშშ და გერმანია ახლა ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ სკეპტიკურად განწყობილ სხვა მოკავშირეებზე, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი. მაგრამ მთავარი პოზიცია სწორედ ამ ორ ქვეყანას ეკუთვნის“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები და გერმანია ეწინააღმდეგებიან უკრაინის ნატოში მიწვევას, რადგან ეს უკვე რეალური გადაწყვეტილებაა და ისინი ეწინააღმდეგებიან დამატებით ეტაპებს.